ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია, რომ ფსიქიატრის დახმარება არასდროს დასჭირდებათ. მომატებული შფოთვის, უხალისობის, გამღიზიანებლობისათუ შიშების გამო თითქმის არასდროს განვიხილავთ ფსიქიატრთან ვიზიტს. სინამდვილეში კი ძალიან ბევრი ჩივილი, რასაც ვერაფერს ვუხერხებთ და ვერც სხვა ექიმები მკურნალობენ, სწორედ ფსიქიატრის ჩარევით გვარდება. რა სიმპტომების დროს უნდა მიმართოთ ფსიქიატრს და რა დახმარების გაწევა შეუძლიათ ამ სპეციალისტებს ჩვენთვის - თემაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი, ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი საუბრობს.
ფსიქოლოგია სამედიცინო სპეციალობა არ არის, ამიტომ, ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტთა კომპეტენციები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ტექნიკებს ფლობენ. ინტერვენციების სახეობები კი მრავალია - კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, გეშტალთერაპია, ფსიქოანალიზი და სხვა. კონკრეტულ შემთხვევაში კი ფსიქიატრი განსაზღვრავს, ფსიქოთერაპევტმა პაციენტთან, რომელი მეთოდით უმჯობესია, რომ იმუშავოს. ფსიქოლოგიური კრიზისების შემთხვევაში პირდაპირ ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი კარგია, მაგრამ რთული დიაგნოზების შემთხვევაში საჭიროა, რომ ფსიქიატრთან კომბინაციაში იმუშაოს.
ყოველ მეოთხე ადამიანს მსოფლიოში ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონია რომელიმე ფსიქიატრიული დიაგნოზი და ისეთი ტიპის ქვეყნებში, სადაც უფრო მაღალია შფოთვისთვის ნიადაგი, შფოთვითი პრობლემებიც უფრო მატულობს. უნდა ვუთხრათ მშობლებს, რომ აკვიატებული აზრები საშიში და კატასტროფული არ არის, რომ ეს ნორმალური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და რომ ეს არის მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი მოვალეობების მიმართ, მაგრამ ამ მაღალი პასუხისმგებლობების უკან ვტანჯავთ ჩვენს სხეულსა და მდგომარეობას.
ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ეს მდგომარეობა დავთრგუნოთ არა მხოლოდ მედიკამენტურად, არამედ ფსიქოლოგთან კონსულტაციით.
მინდა გითხრათ, ნევროლოგთან ან ფსიქიატრთან მიმართვის საკითხს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ოჯახის ექიმი განიხილავს. სწორედ მან უნდა შეაფასოს ადამიანი ჩივილების მიხედვით და მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროებს თუ არა სხვა სერვისში გადამისამართებას. სამწუხაროდ, ეს სისტემა საქართველოში ცუდად მოქმედებს, ამიტომ ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რა ჩივილების დროს ვის მიმართოს და რომელ ექიმს ანდოს საკუთარი ჯანმრთელობა. ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრისას ისინი ინფორმირებულნი არ არიან იმ სიმპტომატიკაზე, რაც შეიძლება ფსიქიკური აშლილობის სიმპტომები იყოს. ამიტომ ჰგონიათ, რომ მათი პრობლემების გადაჭრა „ნაკლებად საშიშ“ ნევროლოგს შეუძლია და არა ფსიქიატრს. ეს გარკვეული სტიგმაა, რაც ართულებს დროულ მიმართვიანობას.
სიმპტომები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, თუმცა არის დაავადებები, რომლებიც ყველა ასაკობრივ ჭრილში ყურადსაღებია. ასეთია დეპრესია, რასაც ძალიან მაღალი კორელაცია აქვს თვითდესტრუქციულ ქცევებთან, როგორიცაა თვითდაზიანება და ასე შემდეგ. ეს პრობლემები უფრო მეტად გამოვლინდება გუნებ-განწყობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაქვეითებით, უინტერესობით, ადრე არსებული ინტერესების სფეროს შევიწროებით, სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვით ან შესუსტებით, მადისა და წონის დაკარგვით, ძილის ციკლის დარღვევით, ზოგადად, აქტივობების ცვლილებებით. დეპრესიის დროს მოტორული აქტივობა შემცირებულია, ანუ ადამიანი ნაკლებად მოძრაობს, დროის უმეტეს ნაწილს სახლის პირობებში ატარებს. შეიძლება, გარკვეული პერიოდი საწოლიდანაც არ დგებოდეს. ამ შემთხვევაში, უმჯობესია ფსიქიატრს მიმართონ.
თვალშისაცემია მეორე ტიპის სიმპტომატიკა, რომელიც ასევე ფსიქიატრების კომპეტენციის ფარგლებშია - ესაა უცნაური გამონათქვამები, როდესაც თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი უცნაურ კავშირს ამყარებს სხვადასხვა მოვლენას შორის. ჩვენ ამას არაკორეგირებად მცდარ მსჯელობას ანუ ბოდვით აზრებს ვუწოდებთ. მაგალითად, ადამიანს გამოაქვს უცნაური დასკვნები - "ვიღაცამ შემომხედა, შეიძლება მოგზავნილია.. გვისმენენ დაგვითვალთვალებენ" და ასე შემდეგ. ეს ფსიქიატრიული სიმპტომია და ამიტომ უპრიანია, მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანმა ან მისი ოჯახის წევრებმა ფსიქიატრს დროულადდ მიმართონ.
არ უნდა დაგვავიწყდეს ნევროზული ტიპის სიმპტომები, როდესაც ადამიანს ეშინია, რომ ქუჩაში ცუდად არ გახდეს, ამიტომ სახლში იკეტება. შფოთვითი აშლილობის უკიდურესი ვარიანტია ე.წ. პანიკის შეტევები ანუ განგაშის შეგრძნებები, რომელიც გულის აჩქარებით, სუნთქვის გაძნელებით, მაჯის ცემის გახშირებითა და არტერიული წნევის მომატებით გამოიხატება.
საინტერესოა, რომ ეს შემთხვევები ხშირად მეორეულ შიშს წარმოქმნის. მაგალითად, შიშს იმისა, რომ ადამიანი გაგიჟდება, მოკვდება ან ვიღაცას ცუდს გაუკეთებს. გარდა ამისა, არსებობს სიმპტომატიკა, რომელიც ასევე ფსიქიატრის კომპეტენციის ფარგლებშია, ესაა აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები სხვადასხვა ექიმთან დადიან, სხვადასხვა ჩივილს წარმოადგენენ, იტარებენ თვითნებურად უამრავ კვლევას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორგანული პათოლოგია არ არის, მათ მაინც აქვთ მძიმე სხეულებრივი შეგრძნებები, ესაა მაგალითად ჰიპოქონდრია, ე.წ. კუჭის ნევროზი, გულის ნევროზი და ასე შემდეგ. ყველა ეს დაავადება ფსიქიატრის კომპეტენციის სფეროა.
მოზარდებში უფრო მეტად ყურადსაღებია ქცევის ჩვეული სტერეოტიპების შეცვლა და დაბალი მოსწრება, გამღიზიანებლობა ან პირიქით - ჩაკეტილობა და გარე სამყაროსთან ურთიერთობისგან თავის არიდება. ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქცევითი სიმპტომატიკაა ოპოზიციურობა (ოპოზიციურობა წინააღმდეგობას ნიშნავს, როდესაც ადამიანი არ ემორჩილება იმ წესებს, რასაც გარემო უწესებს), მაგრამოპოზიციურობა შეიძლება არ იყოს ავადმყოფობის ნიშანი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური, გამომწვევი მოჩხუბარობა და ქცევა ნიშანდობლივია არა მხოლოდ ფსიქიატრიული პათოლოგიისთვის, ასევე შეიძლება ნორმალური ადამიანური განვითარების შემადგენელი ნაწილიციყოს და გარდამავალი ასაკის კრიზისის კონტექსტშიგანვიხილოთ. თუმცა შეფასება, მაინც სპეციალისტის პრეროგატივაა და უმჯობესია, დიფერენცირება ფსიქოლოგის, ოჯახის ექიმის, სკოლის ფსიქოლოგის მხარდაჭერით მოხდეს იმიტომ, რომ გარკვეულ პერიოდში ბავშვები უფრო მეტად იმყოფებიან იმ სოციუმში, სადაც მას მშობელი ვერ ხედავს. ეს არის სკოლა და გარესამყარო.
ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარდატეხის ასაკს, რადგან თანატოლებისგან იწყება სხვადასხვა მავნე ჩვევის გაზიარება. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ მშობლები განსაკუთრებით მოზარდებთანიმიტომ, რომ ეს პერიოდიცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას ემსახურება, ამის პარალელურად, გარედან მოქმედი მავნეობები (თამბაქო, ალკოჰოლი, მოსაწევი თუ სხვა სახის ნარკოტიკი), კატასტროფულად მოქმედებს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე.
მეორე ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც მინდა განვიხილო, ესაა ჩვენი უფროსი თაობა, ადამიანები 65 წლიდან ზემოთ. მათთან უფრო თვალშისაცემია შემდეგი ტიპის პრობლემები: გულმავიწყობა, გამღიზიანებლობა, უცნაური გამონათქვამები. უფროს თაობას შეიძლება მცირე დანაკლისის ბოდვითი გამონათქვამები ჰქონდეს, როდესაც, მაგალითად ამბობს: "მეზობელი შემოვიდა და მარილი მოიპარა", "ჩურჩხელა დავმალე და ვერ ვპოულობ. შეიძლება სხვამ წაიღო" და ასე შემდეგ.
ასაკოვანი ადამიანები ხშირად ერთსა და იმავე კითხვებს სვამენ, ეშლებათ ფინანსური გათვლები, იკარებიან ნაცნობ ადგილებში. თუ ზემოაღწერილ სიმპტომებს სისტემატიური ხასიათი აქვს და სააზროვნო ფუნქციაც იცვლება, აუცილებელია სპეციალისტთან მიმართვა. ამ შემთხვევაში, უპრიანია, პირველად ნევროლოგს მიმართონ და არა ფსიქიატრს. იმიტომ, რომ, როგორც წესი, ასაკში მსგავსი ცვლილებები ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანულ დარღვევებთანაა დაკავშირებული.
თამარ იაკობაშვილი