"ენერგიული და ფხიზელი ბავშვის ლოგინში ჩაწვენას მხოლოდ იმიტომ, რომ დილით ადრე უნდა გაიღვიძოს, აზრი არ აქვს" - ძილის სპეციალისტის რჩევები
"ენერგიული და ფხიზელი ბავშვის ლოგინში ჩაწვენას მხოლოდ იმიტომ, რომ დილით ადრე უნდა გაიღვიძოს, აზრი არ აქვს" - ძილის სპეციალისტის რჩევები
ძილი ადამიანებისათვის უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური მოთხოვნაა. ამიტომ ნებისმიერი გადახრა ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხთან მიმართებით, არღვევს ცხოვრების ხარისხს. რამდენად მნიშვნელოვანია ძილი ბავშვთა ჯანმრთელობისათვის, რა ტიპის პრობლემები შეიძლება წარმოშვას ძილის ნაკლებობამ და რა გავლენას ახდენს მის განვითარებაზე - თემაზე ბავშვთა ნევროლოგი, ძილის სპეციალისტი, თამარ ედიბერიძე საუბრობს:

-არასრულფასოვანი ძილი, სამწუხაროდ, ღვიძილის სრულფასოვნებაზე აისახება, ამიტომ, ღვიძილის მანძილზე რამდენად ეფექტურები, აქტიურები ვიქნებით, რამდენად კარგად მოვახერხებთ ახალი ინფორმაციის დამახსოვრებას, გადამუშავებასა და რეალიზებას, დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ
გვეძინა ღამით. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც არ ჰქონია ძილის რაიმე ტიპის დარღვევა. მაგრამ, ყველა შემთხვევაში ექიმს არ მივმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ ძილის ხანგრძლივობის ან სტრუქტურის დარღვევამ სისტემატური ხასიათი მიიღო, სასურველია, რომ ძილის კვლევის სპეციალისტს დავუკავშირდეთ. მანამდე შეგვიძლია კონსულტაცია ოჯახის პედიატრთან, თერაპევტთან, ნევროლოგთან გავიაროთ. ძილის დარღვევა შესაძლებელია სხვადასხვა პათოლოგიასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ, მას ყოველთვის კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

-რომელი ასაკიდან შეიძლება მივმართოთ ძილის სპეციალისტს?

-პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვი ძილ-ღვიძილის რეჟიმს აყალიბებს. ეცნობა თავის ორგანიზმს და მშობლებიც დაგვეთანხმებიან, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვებს დღე-ღამე არეული აქვთ. სამი თვიდან კი ბავშვი თანდათან რეჟიმზე ორიენტირებული ხდება და უკვე შეიძლება ძილის რუტინის ჩამოყალიბებაც. ამ პერიოდში
ძილსაც და, ზოგადად, ჯანმრთელობასაც, პედიატრი კურირებს. შეგვიძლია პერიოდულად ნევროლოგის კონსულტაციაც ჩავიტაროთ. ცალსახა პასუხი იმაზე, თუ რა ასაკიდან უნდა მივმართოთ ძილის კვლევის სპეციალისტს, არ არსებობს. თუ ნებისმიერ ასაკში პედიატრისა და ნევროლოგის დახმარება ძილის დარეგულირებისათვის საკმარისი აღარ არის, მაშინ უნდა ჩავრთოთ ძილის კვლევის სპეციალისტი. ძილის კვლევის სპეციალისტი შეიძლება იყოს პედიატრი, თერაპევტი ან ნევროლოგი, გაღრმავებული კვალიფიკაციით ძილთან მიმართებაში.

-როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ძილი აკლია ან პირიქით, იმაზე დიდხანს სძინავს, ვიდრე საჭიროა?

- არსებობს სპეციალური ცხრილი, რომელიც ასაკთან მიმართებაში ძილის ნორმალურ ხანგრძლივობას ასახავს. ცხრილში არითმეტიკულადაა დათვლილი საშუალოდ რა ხანგრძლივობით სძინავთ კონკრეტულ ასაკში ადამიანებს და რამდენია უკიდურესად ხანგრძლივი ან უკიდურესად მოკლე ძილის ნორმა. ცხრილის მიხედვით, ჩვილ ბავშვებს 14-16 საათამდე სძინავთ, წლის ბოლოსთვის 10-12-14 საათამდე მცირდება, სასკოლო ასაკის ბავშვს საშუალოდ 10 საათი სძინავს დღე-ღამეში, ზრდასრული ადამიანისათვის ეს მაჩვენებელი 7-8 საათია. თუმცა, ყველა ასაკში არსებობს ე.წ. "მოკლე ძილის მქონე" ადამიანები და არსებობენ ინდივიდები, რომლებსაც მოცემული ასაკისთვის მიღებულ ნორმაზე ხანგრძლივი ძილი სჭირდებათ და მათთვის ის კონკრეტული ხანგრძლივობა ნორმაა. ძილი და ღვიძილი უპირობოდაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ჯანსაღი ძილი ჯანსაღი ღვიძილის საწინდარია. თუ ჩვენ გვეღვიძება დახმარების გარეშე, გამოღვიძების დროს გვაქვს სიმხნევის, სიფხიზლის შეგრძნება, არ გვაქვს ძილის უკმარისობის განცდა, დღის აქტივობებზე უპრობლემოდ გადავდივართ, არ გვაქვს მოულოდნელი დაღლილობის ეპიზოდები, არ გვახასიათებს გონებაგაფანტულობა, არ გვაქვს თვლემის სურვილი ან უხასიათობა და საღამოს დაძინების პერიოდამდე ლოგიკურად მივდივართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ძილი არ გვაკლია. სასკოლო ასაკის ბავშვისთვის ძილის საშუალო ხანგრძლივობა 10-11 საათი კი არის, მაგრამ დედამ დათვალა და ძილის ხანგრძლივობა 9 საათი გამოვიდა. თუ ბავშვს ღვიძილის მანძილზე არ აქვს ძილის ნაკლებობის უკვე ჩამოთვლილი ნიშნები, ტრანსპორტში და გაკვეთილზე არ უჩნდება წაძინების სურვილი, სავარაუდოდ, მას კონკრეტული ხანგრძლივობის ძილი ჰყოფნის. ბავშვზე ძალადობა, რომ აუცილებლად 10 საათი უნდა იძინოს იმიტომ, რომ ნორმადაა მიჩნეული, უშედეგო და არაეფექტურია. ზედმეტი ძილი ისეთივე პრობლემურია ორგანიზმისთვის, როგორც ძილის ნაკლებობა. შესაძლებელია სხვა ბავშვს საერთოდ არ ჰყოფნიდეს 10 საათი ძილისთვის. რეჟიმს უნდა გადავხედოთ და მივცეთ მას 11 საათი ძილის შესაძლებლობა.

mshoblebi
ვიცით, რომ სკოლამდელი ასაკისა და პირველ-მეორე კლასის მოსწავლეები შესაძლოა დღის ძილს საჭიროებდნენ. სამი წლიდან ბავშვები ნელ-ნელა დღის ძილის ამოგდებას იწყებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც კი სამი წლის გახდება, მაშინვე თავი უნდა დავანებებინოთ დღე დაძინებას. ეტაპობრივად უნდა შევამციროთ დღის ძილის ხანგრძლივობა და პირველ-მეორე კლასელს თუ კვირაში რამდენჯერმე წაძინება სურს, უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. საერთო ჯამში, დღე-ღამური ძილის ხანგრძლივობა ღამე უწყვეტი ძილითა და ასევე დღის ძილით ითვლება. ამიტომ, თუ სკოლის ასაკის ბავშვს ღამით 8 საათზე მეტხანს არ სძინავს, შეიძლება დღის მანძილზე ინაზღაურებდეს დარჩენილ ორ საათს. მაგრამ, აქ შესაძლებელია დამატებითი კითხვებიც დაისვას, რაიმე პათოლოგია ხომ არ იმალება დღის ძილის სურვილის უკან. თუ სკოლიდან მოსული ნახევარი საათი წაიძინებს იმის გამო, რომ დაიღალა, რთული დღე ჰქონდა, ამან შეშფოთება არ უნდა გამოიწვიოს მშობლებში.

-სკოლების უმეტესობა 9 საათზე იწყება, თქვენი აზრით, რამდენად კარგი დროა სასწავლო პროცესის დასაწყებად?

-9 საათი საერთო ბიოლოგიური დროიდან ამოვარდნილი არ არის. აქ საკითხი სხვანაირად დგას - რა დრო გვჭირდება სკოლამდე მისასვლელად. ეს უფრო დიდი პრობლემაა. თუ ჩვენ სკოლასთან ახლოს ვხცოვრობთ, შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, რომ 8 საათისთვის გავიღვიძოთ, საუზმეც მოვასწროთ და მერე მშვიდი ტემპით მივიდეთ გაკვეთილზე, 9 საათზე სწავლის დაწყება დიდი ტრაგედია არ არის. მაგრამ თუ შორს ვცხოვრობთ და იმიტომ, რომ 9-ზე სკოლაში ვიყოთ, 7-ზე იძულებით გაღვიძება გვჭირდება, იძულებით გაღვიძებამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნას ბავშვს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ საღამოს დაძინების დრო გადმოვწიოთ. გარდა ამისა, უნდა შევუქმნათ მოტივაცია, მაგალითად გემრიელი საუზმით, ყოველდღე ვერ შევძლებთ, მაგრამ შეგვიძლია სიურპრიზი მოვუწყოთ ხოლმე დილით. ერთ-ერთმა მშობელმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა: ყოველ დილით სხვადასხვა თავსატეხს ახვედრებდა ბავშვს და ის გამოცნობის შემთხვევაში მაშინვე ან კვირის ბოლოს საჩუქარს იღებდა. ეს ძალიან კარგი ხერხი აღმოჩნდა, რადგან დილით მარტო იმიტომ კი არ იღვიძებდა, რომ სკოლაში იყო წასასვლელი, არამედ ახალ თავსატეხს ელოდა.

-დილით სწრაფად უნდა გავაღვიძოთ ბავშვები თუ ნელ-ნელა?

-აგრესიული გაღვიძება არავის გვიყვარს. თუ ისეთ დროს ვიღვიძებთ, რომ გარეთ უკვე სინათლეა, შედარებით ადვილია, ფარდას გადავწევთ და სინათლის შუქი ბუნებრივად გვიბიძგებს გამოღვიძებისკენ. თუ გარეთ ისევ ღამეა , ოთახში სინათლე უნდა ავანთოთ, ნელი მოძრაობით, ყურში ჩაჩურჩულებით, შეღიტინებით, საბნის შეთხელებით უნდა გავაღვიძოთ ბავშვი. უხეშად გაღვიძება და მაღვიძარას გაბმული ხმა, სტრესულია. ორ-სამ წუთში ერთხელ ვახსენებთ, რომ ადგომის დროა. თუ დრო გვაძლევს საშუალებას, 5 წუთში ერთხელაც შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია საუზმის კომპონენტი. ხშირად ბავშვები სკოლაში საუზმის გარეშე მიდიან. ის აუცილებელია არა მხოლოდ ზოგადი განვითარებისთვის, არამედ ძილიდან ეფექტურად გამოსვლისთვის. თუ, სტაბილურად, ერთსა და იმავე დროს ვსაუზმობთ, ჩვენი კუჭი, ძილის მიუხედავად, საჭმელად ემზადება და შესაბამისად, ტვინთან ერთად კუჭიც გვაღვიძებს. ამასობაში შარდის ბუშტი სავსეა და ესეც გვაფხიზლებს. კომპლექსურად, დედის მოფერება, მამის შემოძახილი, კუჭიდან და შარდის ბუშტიდან სიგნალები, გვეხმარება, რომ ფიზიოლოგიურად ყველა ორგანომ ერთდროულად გაიღვიძოს. დასვენების დღეებში შვილებს შედარებით უფრო დიდხანს ძილის უფლებას ვაძლევთ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასურველია ძილ-ღვიძილის რეჟიმი ერთნაირი იყოს, მათ შორის, დასვენების დღეებშიც. ერთ საათზე მეტი ცდომილება არდადეგების პერიოდში სასარგებლო არ არის. სასურველია, დილით, ლოგინიდან ადგომის რიტუალი ერთსა და იმავე დროს მოხდეს.

- როგორ შევარჩიოთ საღამოს დაძინების დრო?

-აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ბიოლოგიური საათი - როდის ეძინება მას. თუ ძილისთვის განწყობილი არ არის, მეტისმეტად მხნე და ფხიზელი ბავშვის ლოგინში ჩაწვენას მხოლოდ იმ მოტივით, რომ დილით ადრე უნდა გაიღვიძოს, აზრი არ აქვს. თუ ეს მაინც აუცილებელია, საჭიროა რომ ძილისწინა რიტუალი, რომელიც გვეხმარება ძილის განწყობის ჩამოყალიბებაში, ცოტა ადრე დავიწყოთ. დაძინებამდე 2 საათით ადრე სასურველია ჩავურთოთ მისთვის სასიამოვნო, მომადუნებელი მუსიკა და შევთავაზოთ კლასგარეშე საკითხავი. ამის ალტერნატივაა ნებისმიერი სამაგიდო თამაში, ძერწვა, ქარგვა, კონსტრუქტორი და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაძინებამდე 2სთ ადრე პერიოდი თავისუფალი იყოს ფიზიკური აქტივობისა და ეკრანებისგან, მათ შორის, ტელევიზორის ეკრანისგან. ასაკობრივად, მობილურისა და პლანშეტის გამოყენება 11-12 წლიდან გარკვეული დროით შემოდის ბავშვებში, მაგრამ რამდენი ჩვილობის ასაკის ბავშვი უყურებს ეკრანს, მათ შორის ძილის წინ. რამდენი თინეიჯერი იძინებს ტელეფონით ხელში იმიტომ, რომ თამაშზეა ორიენტირებული. ეს ყველაფერი ძილ-ღვიძილის რეჟიმს არღვევს და ხელს უშლის ხარისხიან ძილს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმაც მივცეთ შვილებს მაგალითი. თუ ძილის წინ ფილმებისა და კონცერტების ყურებაზე ვართ გადასული, ვერ გვექნება პრეტენზია, რომ ბავშვის ძილი დროული და ხარისხიანი იყოს.

-თინეიჯერები ხშირად ამბობენ, რომ "ღამურები" არიან. რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას მუდმივად გამოუძინებლობამ?

-თინეიჯერები ხშირად ხელოვნურად იქმნიან არაჯანსაღ რეჟიმს. მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები იძინებენ, იწყებენ მობილურისა თუ სხვა მოწყობილობების გამოყენებას, გზავნიან ესემესებს და თამაშობენ. გარდა ამისა, მათ ხშირად უცხოელი მეგობრები ჰყავთ, რომლებსაც ეკონტაქტებიან. მაშინ, როცა იმ ქვეყნებში საღამოა, ჩვენთან შუაღამეა. ელექტრონული მოწყობილობები ადამიანებს დროის შეგრძნებას აკარგვინებს. თვალებთან დამიზნებული სინათლის წყარო უხეშად არღვევს იმ ნეიროფიზიოლოგიურ მექანიზმებს, რომელიც ჩაძინებასა და ძილს უზრუნველყოფს. ჭარბი სინათლე დამღუპველია მელატონინისთვის, რომელმაც ჩვენი ხანგრძლივი და უწყვეტი ძილი უნდა უზრუნველყოს. აქედან გამომდინარე, ეს თინეიჯერებისგან ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. ბუნებრივია, ამ ბავშვებს შემდეგ ძილის დეფიციტი აქვთ. ადვილად ღიზიანდებიან, უჭირთ ემოციების მართვა და კონცენტრირება. ვეღარ იმახსოვრებენ ახალ ინფორმაციას და უკვე არსებული ცოდნის გახსენებაც უჭირთ. ეს სიმპტომები ადამიანებში სხვადასხვა ხარისხით გამოვლინდება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მგძნობიარეა ის უძილობის მიმართ. როცა უძილობა სისტემატურ სახეს იღებს, ორგანიზმში სტრესის ჰორმონი მომატებულია. გარდა ამისა, შესაძლოა უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების გამძაფრება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სუსტი მხარეების პროვოცირება გამოიწვიოს. ძილის ხანგრძლივობა და ხარისხი იმუნურ სისტემაზეც მოქმედებს. შესაბამისად, სისტემატურად გამოუძინებელ ადამიანს იმუნიტეტი გაცილებით სუსტი აქვს, უფრო ხშირად და რთულად ავადმყოფობს. დროში გახანგრძლივების შემთხვევაში კი შეიძლება ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირებასა და გამწვავებასაც შეუწყოს ხელი , რადგან იმუნური სისტემა ონკოლოგიური დაავადებებისგან დაცვაზეცაა პასუხისმგებელი. პატარა ბავშვებში შეიძლება ხელი შეუშალოს ზრდა-განვითარებას. ძილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გონებრივ განვითარებაზე, შესაბამისად სკოლაში აკადემიურ მოსწრებასა და მიღწევებზე.

-რა გავლენას ახდენს ძილი წონასა და ჰორმონალურ დარღვევებზე?

-ძილი და მათ შორის მელატონინი, პრაქტიკულად ყველა ჰორმონალურ პროცესშია ჩართული, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ჰარმონიზაციისათვის. ძილის დროს მთელი რიგი ჰორმონალური გადაწყობები მიმდინარეობს ორგანიზმში. მაგალითად, აქტიურად გამოიყოფა ზრდის ჰორმონი. ჩვენი ბებიების ნათქვამი, რომ "ბავშვი ძილში იზრდება", არ არის საღ აზრს მოკლებული. ფიზიკური ზრდის გარდა ის ჩვენი ქსოვილების განახლებაზეა პასუხისმგებელი. ძილის დროს ასევე მცირდება შარდის გამოყოფა, ითრგუნება შიმშილის განცდა, გამოიყოფა ოქსიტოცინი და პროლაქტინი, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა ასპექტზე არიან პასუხისმგებელი. ძილის დეფიციტის ფონზე ყველა ამ ჰორმონალურმა პროცესმა შესაძლოა რყევა განიცადოს. როდესაც ორგანიზმს ძილის საშუალებას არ ვაძლევთ, ჭარბად გამოიყოფა გამოღვიძების პროცესისთვის საჭირო ჰორმონები, როგორიცაა კორტიზოლი, ინსულინი და მადის აღმძვრელი - გრელინი, რადგან სხვანაირად ორგანიზმს სიფხიზლის შენარჩუნება უჭირს. შესაბამისად, ვჭამთ ბევრს. ვინაიდან ფიზიკური აქტივობა შემცირებულია, ამ პერიოდში ნაჭამი საჭმელი აღარ გადამუშავდება იმ ტემპით, რა ტემპითაც უნდა გადამუშავდებოდეს და გვექმნება წონაში მატების პრობლემა.

-რა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტმა ძილმა?

-ძილს თავისი ლიმიტი აქვს. ჯანმრთელმა ადამიანმა ფიზიკურად შეუძლებელია იძინოს იმაზე მეტი, რამდენიც ეძინება. მაგრამ, როდესაც ადამიანს იმაზე ხანგრძლივად სძინავს, ვიდრე მისი ასაკისთვისაა მისაღები, ეს უკვე დარღვევის სხვა კატეგორიაა და ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჭარბძილიანობის დროს ადამიანს უჩნდება დაძინების დაუძლეველი სურვილი ტრანსპორტში, გაკვეთილზე, ან მუშაობის დროს. ეს კი ყოველდღიურ აქტივობებში შეიძლება რისკებთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, ჩამოეძინოს საჭესთან ან მნიშვნელოვანი საქმის შესრულებისას. არსებობს გენეტიკურად განპირობებული ჭარბძილიანობით მიმდინარე მდგომარეობები და სხვა ქრონიკულ დაავადებებთან ასოცირებული დღის ძილიანობა. მათი დიფერენცირებისათვის აუცილებელია პროფესიონალებთან კონსულტაცია, გაღრმავებული კვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა.

-რა შეგიძლიათ ურჩიოთ ახალბედა დედებს, რომლებსაც ძილის რეჟიმი დარღვეული აქვთ იქედან გამომდინარე, რომ ბავშვებსაც ცუდად სძინავთ?

-როგორც აღვნიშნე, პირველი სამი თვის მანძილზე ბავშვი საკუთარ სხეულს ეჩვევა. ახალშობილს შეიძლება 16-18 საათი ეძინოს დღე-ღამის განმავლობაში, თუმცა უმეტესად ეს ძილი უწყვეტი არ არის ხოლმე. რაც მტკივნეულია ახალბედა დედებისთვის. რომ ჰგონიათ, ბავშვი დააძინეს, ის 15-20წთ წაძინების შემდეგ უკვე იღვიძებს. პირველი სამი თვე მსგავსი რეჟიმი ფიზიოლოგიურია და ამიტომ დედამ უნდა იზრუნოს ფეხი აუწყოს ბავშვის რეჟიმს, რათა თავადაც ჰქონდეს ადეკვატური დასვენების დრო. გამოუძინებელ დედას მომატებული შფოთვა აქვს, რაც ბავშვსაც გადაეცემა და იქმნება მანკიერი წრე. ამიტომ გირჩევთ, რომ ყველა შესაძლო სიტუაციაში საკუთარი თავის დასვენებისთვისაც გამოძებნოთ დრო. თუ ბავშვს მიეძინა, თავადაც დაისვენეთ. 3 თვის მერე უკვე აქტიურად ვცდილობთ რეჟიმის ჩამოყალიბებას, ბავშვის ბიოლოგიური რიტმების გათვალისწინებით. ამ პერიოდში ერთიდაიგივე დროს კვება გვეხმარება ძილის რეჟიმის რეგულირებაშიც. 6 თვიდან უკვე სასურველია კვება და ძილი ერთმანეთს ეტაპობრივად დავაშოროთ, ბავშვებს ჭამიდან 5-10 წუთი მაინც სიფხიზლე შევანარჩუნებინოთ და მერე გადავიდეთ ძილის რიტუალზე. თუ ამაზე მუშაობას 6 თვიდან დავიწყებთ, ერთი წლისთვის ეს უკვე ნორმა იქნება.

თამარ იაკობაშვილი

altროგორ უნდა ეძინოს პატარას, რომ საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს? - წესები მშობლებისთვის

altრომელ ასაკში რამდენი საათი უნდა ეძინოს ბავშვს - სასარგებლო ინფოგრაფიკა

altრატომ არის აუცილებელი შუადღის ძილი და რამდენ საათს უნდა ეძინოს ბავშვს


42336
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
anuKi-ს
0
მობილურით და ვიდეოებით ჩაძინება ცუდი მეთოდია. ზოგადად მითია, რომ ეკრანი აძინებს. ბევრი ამბობს, რომ თუ მაგალითად ტელევიზორს არ უყურა ვერ იძინებს, აი ტელევიზორთან კი მაშინვე ეხუჭება თვალები. ეკრანი ადუნებს კუნთებს, მათ შორის მიმიკურ კუნთებს და ქუთუთოებიც გვეხუჭება, განსაკუთრებით თუ დაღლილი ვართ დღის მანძილზე. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ჩაძინებას უხარისხო ძილთან მივყავართ, რადგან სინათლის წყაროს ფონზე ტვინი ვერ ახერხებს ადეკვატურად "გამოთიშვას" და მელატონინის დეფიციტიც ვითარდება. ეს აქტუალურია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. რაც შეეხება მედიკამენტებს, თუ ძილის დარღვევა სხვა მდგომარეობით არის პროვოცირებული, მაგალითად მუცლის კოლიკა, ან შფოთვა (მოზრდილებში), მაშინ შეიძლება დაგვჭირდეს ამ მდგომარეობის მოსაწესრიგებელი მედიკამენტი, რომელიც მოხსნის ძილისთვის ხელშემშლელ ფაქტორს. რაც შეეხება უშუალოდ საძილე მედიკამენტების გამოყენებას, მიზანშეწონილია კარგად ავწონ-დავწონოთ ყველა დეტალი და თუ ძილისწინა რუტინისა და რეჟიმის სწორად ორგანიზებამ არ გამოიღო შედეგი, მოკლე კურსებად გამოვიყენოთ საძილე მედიკამენტებიც. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს დავეკითხოთ სპეციალისტებს, არ მივმართოთ თვითმკურნალობას და მხოლოდ სხვა პიროვნებების გამოცდილებით არ მივიღოთ გადაწყვეტილება. - თამარ ედიბერიძე
11:59 / 12-02-2020
anuKi
1
გამარჯობათ, დიდი მადლობა რჩევებისთვის, პირველ ბავშვზე მე და ჩემ მეუღლეს ღამე თითქმის არ გვეძინა, აქედან გამომდინარე დღე გვეძინა და აგვერია გრაფიკი, მერე მობილურით ვიდეოებით სიმღერებით ძლივს ვაძინებდით, დავარეგულირეთ ძილი მაგრამ ეხლა მიჯაჭვულია ტელეფონს, მეორეზე ტელეფონი ავკრძალეთ და ექიმმა გვირჩია წამალი ბეიბიქალმი, რომელმაც მუცლის პრობლემა მოუწესრიგა და დაამშვიდა , ძაან კმაყოფილი ვარ ამ წამლით, ღამეც და დღეც ნორმალურად ძინავს პატარას, უბრალოდ მაინტერესებს ესეთი ჩარევით რამდენად მისაღებია ძილის პრობლემის მოგვარება?
15:18 / 11-02-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?