"ხვრინვა საშიში სიმპტომია, რომელსაც ნევროლოგიური კონსულტაცია, შესაბამისი გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა სჭირდება"- პროფესორ სოფიო კასრაძის რჩევები
"ხვრინვა საშიში სიმპტომია, რომელსაც ნევროლოგიური კონსულტაცია, შესაბამისი გამოკვლევა და სათანადო მკურნალობა სჭირდება"- პროფესორ სოფიო კასრაძის რჩევები
ძილ-ღვიძილი რიტმულად მონაცვლე ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და მისი დარღვევა არაერთ პრობლემას იწვევს. მოზარდებსა და ახალგაზრდებს, განსაკუთრებით, სტუდენტებს, ობიექტური მიზეზების გამო (მეცადინეობა, დატვირთული გრაფიკი) ხშირად უწევთ გვიან დაძინება და ძილის პერიოდის შემცირება, რაც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მათ ხასიათობრივ ცვლილებებზე, მეხსიერების პრობლემებსა და აკადემიურ წარმატებაზე. ასეთი დარღვევების აღმოფხვრა შესაძლებელია სპეციალისტის - ნეიროსომნოლოგის მხრიდან მოწოდებული რეკომდაციების გათვალისწინების შემდეგ.

აღნიშნულის საპირისპიროდ, ისეთი "უვნებელი სიმპტომები", როგორიცაა, მაგალითად, ხვრინვა, დაწოლის შემდეგ ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებები, დღის განმავლობაში დაუძლეველი
ჩეძინების სურვილი და სხვა, შესაძლოა სერიოზული, დაავადებების არსებობაზე მიანიშნებს, რომლებიც მოითხოვს სპეციალისტთან კონსულტაციებს, კვლევებსა და მკურნალობას. მაგრამ იმის გამო, რომ ძილ-ღვიძილის დარღვევების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალია, ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები ძალზე იშვიათად მიმართავენ სპეციალისტებს, მაშინ, როდესაც ზოგიერთი დარღვევა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. აღნიშნულ თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, სოფიო კასრაძე საუბრობს:

- არსებობს ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევით მიმდინარე რამდენიმე დაავადებაა, რომლებიც, ხშირად, პაციენტისთვის ჩვეულ მდგომარეობად აღიქმება და ექიმთან მიმართვის საბაბს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ასეთი მდგომარეობები არც დიაგნოსტირდება და არც მათი ადეკვატური მკურნალობა არ მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ძილის ობსტრუქციული აპნოე, რომელიც საზოგადოებაში აღიქმება, როგორც მამრობითი სქესის დაავადება, რადგან მამრობით სქესში
უფრო ხშირად ვლინდება. მისი ყველაზე ხშირი სიმპტომები, როგორიცაა ხვრინვა, აგზნება და ძილიანობა. რეალურად, ძილის ობსტრუქციული აპნოე არცთუისე იშვიათია ქალებში, მაგრამ ვინაიდან ქალებში ძილის აპნოე ხშირად მიმდინარეობს კლასიკური სიმპტომების გარეშე, ეს დაავადება ქალებში, როგორც წესი, დიაგნოსტიკის მიღმა რჩება. უნდა გვახსოვდეს, რომ ძილის ობსტრუქციული აპნოე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რადგან აპნოეს პაროქსიზმების პერიოდში, მნიშვნელოვნად იზღუდება ორგანიზმისთვის ჰაერის ნაკადის მიწოდება და შესაბამისად, ქვეითდება ჟანგბადის დონე. თუ აპნოეს ეპიზოდი გახანგრძლივდა, იგი, შეიძლება უეცარი სიკვდილის მიზეზი გახდეს. ამიტომ, აუცილებელია, ასეთი სიმპტომების არსებობისას, მიმართოთ ნევროლოგ-ნეიროსომნოლოგს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, დაგიგეგმავთ აუცილებელ დამატებით კონსულტაციებს (მაგ.: ფსიქიატრი, კარდიოლოგი, პულმონოლოგი და სხვა) და პოლისომნოგრაფიულ კვლევას. აღნიშნული კვლევებისა და კონსულტაციების საფუძველზე დადგენილი დიაგნოზის მიხედვით კი სომნოლოგი გადმოგეცემთ მკურნალობის ინდივიდური სქემასა და ბინაზე მათი განხორციელების რეკომედაციებს.

- როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ხვრინვის შემთხვევაში ექიმთან მივიდეს?

- ხვრინვა ყოველთვის ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევევის ან სხვა რომელიმე დაავადების არსებობაზე მიანიშნებს, რის გამოც, პიროვნებამ, რომელიც ძილში ხვრინავს ან აღენიშნება ინსომნია, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, დღის ძილიანობა, გამოღვიძების თავის ტკივილი, მეხსიერებისა და კონცენტრაციის დარღვევები, გამომშრალი პირი გაღვიძებისას, არაკონტროლირებადი არტერიული წნევა და სიმსუქნე, აუცილებლად უნდა მიმართოს ნევროლოგ-სომნოლოგს, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ძილის ობსტრუქციული აპნოეს მიმანიშნებელი. სპეციალისტთან მისვლა აუცილებელია იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ამ სიმპტომების ძირითადი მიზეზის გამოვლენა და ამ მიზეზის აღმოფხვრა.
ძილის ობსტრუქციული აპნოეს შემთხვევაში, მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს სასუნთქ გზებში მუდმივად დადებითი წნევის შენარჩუნება, რომლის მიღწევაც შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობით. 


ძილის აპნოეს გარდა, ძილის დარღვევებს მიეკუთვნება ნარკოლეფსია, რომელიც იშვიათი დაავადებაა და ხშირად დიაგნოსტირდება როგორც ეპილეფსია, რადგან, ნარკოლეფსიისთვის დამახასიათებელი ეპიზოდები ძალიან ჰგავს ეპილეფსიურ პაროქსიზმებს. ნარკოლეფსიის მქონე პაციენტებმა, დღის განმავლობაში, შეიძლება უეცრად ჩაიძინონ შეუსაბამო სიტუაციაში (მაგ. ჩვეული აქტივობის პროცესში), რადგან ნარკოლეფსიის დროს სიფხიზლესა და ძილს შორის ნორმალური საზღვარი წაშლილია, პაციენტს, ძილის ფენომენები, შესაძლებელია, გამოუვლინდეს მაშინაც, როცა არ სძინავს. ნარკოლეფსიის გამომწვევი მიზეზი თავის ტვინში სიფხიზლის შასანარჩუნებლად საჭირო ნივთიერებების (ჰიპოკრეტინების) დეფიციტია. დღეისათვის ნარკოლეფსიის ერთმნიშვნელოვნად ეფექტური საშუალება ან ქიმიური პრეპარატი ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა, ზოგიერთი წამლისა და ქცევითი თერაპიის მეთოდი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასეთი პაციენტების მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს.
mshoblebi
ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევებიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა, ერთი შეხედვით "უვნებელი" დაავადება - მოუსვენარი ფეხების სინდრომი (მფს), რომელიც აღენიშნება საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 11%-ს და ბავშვების 6%-ს. დაავადება ხშირად ვითარდება სისხლში რკინის დეფიციტის ფონზე, იწვევს ჩაძინების გაძნელებას, არღვევს ძილის სტრუქტურას, ხელს უწყობს დღის ძილიანობას და მასთან ასოცირებულ პრობლემებს. ეს დაავადებაც ძალზე იშვიათად დიაგნოსტირდება საქართველოში რადგან დაავადებულთა და სპეციალისტთა უმრავლესობამ არ იცის ამ პრობლემისა თუ მისი შორეული შედეგების შესახებ.
ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებას ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს ძილის დარღვევებისა და ძილის დაავადებების საკითხებზე. მაშინ, როდესაც, ცივილიზებულ ქვეყანებში, ძილ-ღვიძილის ციკლის კვლევა აუცილებელი პროცედურაა მძღოლების, პილოტების, სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციის თანამშრომლებისა და ღამის მორიგე პერსონალის დასაქმების პროცესში, რომ აღარაფერი ვთქვათ ძილ-ღვიძილის ციკლის კვლევების აუცილებლობაზე ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა პარკინსონიზმი, დემენციები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კარდიოლოგიური პათოლოგიები, სასუნთქი გზების დაავადებები, აუტისტური სპექტრის დარღვევები და სხვა.
mshoblebi

- სტუდენდები და აბიტურიენტები ხშირად ღამით მეცადინეობენ. რამდენად დიდ პრობლემებს უქმნის ეს რეჟიმი მათ?

- როგორც აღვნიშნე, ადამიანის ორგანიზმისთვის ძილისა და ღვიძილის ფიზიოლოგიურ მონაცვლეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან თუ ზოგიერთი ნეიროქიმიური პროცესებისთვის აუცილებელი პირობაა სიფხიზლე, სხვა ქიმიური პროცესებისთვის აუცილებელია ძილის მდგომარეობა. როდესაც ირღვევა ძილ-ღვიძილის ციკლის მონაცვლეობის ფიზიოლოგიური რიტმი, ასევე ირღვევა ნეიროქიმიური პროცესების ციკლურობაც, რაც მოქმედებს თავის ტვინის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების ფუნქციობის ხარისხზეც დასწავლისა და მეხსიერების პრობლემების, აგრესიული ქცევისა და აგზნებადობის მომატების კუთხით, რაც საბოლოოდ ზემოქმედებს განათლების ხარისხზეც. პრობლემის მოგვარების მიზნით, ახალგაზრდები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, ან მკურნალობენ თანატოლების რჩევითა და რეკომენდაციებით, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ასეთი მიდგომით შეუძლებელია პრობლემების რეალური მიზეზების დადგენა და ხშირად, ასეთი მკურნალობას სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

- რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაცია?

-აუცილებლია, ძილის ჰიგიენისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა როგორც მოზრდილებისთვის (იხ. რეკომენდაციები), 
ისე ბავშვებისთვის (იხ. რეკომენდაციები)
ყურადრება მიაქციეთ ძილის სრულფასოვნებას. თუ თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა უძილობა, ჩაძინების პრობლემები, ღამე ხშირად გეღვიძებათ და გიჭირთ ძილის შებრუნება, დღისით გაქვთ ძილიანობა, ამჩნევთ, რომ საჭესთან ხშირად გეთვლიმებათ, ხართ გაღიზიანებული უმიზეზო, გაქვთ დაღლილობის შეგრძნება ან დილით გეღვიძებათ პირის სიმშრალით, აუცილებლად უნდა მიმართოთ სათანადო სპეციალისტს (ნევროლოგს, რომელიც კარგადაა გათვითცნობიერებული ძილ-ღვიძილის დარღვევების საკითხებში), რომელიც მოგცემთ სათანადო რეკომენდაციებს ან მიგითითებთ იმ გამოკვლევებზე, რომლებიც აუცილებელია დიაგნოსტიკისა და თქვენი პრობლემების მოგვარების მიზნით.

ზოგადად, ძილის მედიცინა ახალი დარგია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ძილის მეცნიერული შესწავლა უფრო ადრე დაიწყო ვიდრე ძილის მედიცინის განვითარება, დღეისათვის მას განსაკუთრებული ადგილი უკავია როგორც ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში, ისე სხვა მოსაზღვრე სპეციალობებში.

საქართველოში არსებული მდიდარი გამოცდილება, რომელიც მოიცავს ძილ-ღვიძილის ციკლის ექსპერიმენტულ კვლევებსა ( ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე, კერძოდ კი აკად. თენგიზ ონიანის ხელმძღვანელობით) და პრაქტიკულ კლინიკურ გამოკვლევებს (პ. სარაჯიშვილის სახ. ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ეპილეფსიის ცენტრში, რომლის სამართალმემკვიდრეც ამჟამინდელი ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტია), დღესაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას აღნიშნული მიმართულებით.

ბოლო წლების განმავლობაში ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევების ექსპერიმენტულ და კლინიკურ კვლევებს შორის დამაკავშირებელ ერთ-ერთი ძირითად ფიგურას წარმოადგენდა პროფესორი, ქალბატონი ლია მაისურაძე, რომლის ხელშეწყობითაც 2009 წელს დაარსდა "ძილის კვლევისა და ძილის მედიცინის ასოციაცია". აღნიშნულ ასოციაციაში, რომელიც ძილის მსოფლიო ასოციაციის წევრია, ქალბატონი ლია, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, დაუღალავი შრომითა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით მოღვაწეობდა საქართველოში ძილის მედიცინის განვითარების კუთხით.

3672
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?