საკვების მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თუმცა, ხშირად არ გვაშინებს საზიანო პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში ჩართვა. ამ თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:
- მინდა ერთმანეთს შევადაროთ, რისი უნდა გვეშინოდეს და სინამდვილეში, რისი გვეშინია. როდესაც, ბავშვის ან ზრდასრულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის მოგვწონს სავსეობა, ჩამრგვალებულობა, ჩაპუტკუნება და ამ დროს არასდროს გვახსენდება ის ფაქტი, რომ თავად გამოვუმუშავებთ ჩვენს შვილებს თეფშის მოპრიალების ჩვევას, მიუხედავად თეფშის ზომისა. ხშირ შემთხვევაში, გვეშინია, რომ დაუპურებელი და გამოუკვებავი არ დარჩეს, მაგრამ იმ მომენტში არ გვაშინებს ის ფაქტი, რომ ბავშვის ორგანიზმში ცხიმოვანი უჯრედები წარმოიქმნება, რომლებიც აღარსად წავა. შეიძლება ეს უჯრედები დავაპარატაოთ, მაგრამ რაოდენობრივად ვეღარასდროს შევამცირებთ. ეს კი ჩვენი შვილის ორგანიზმში ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარების რისკს ავტომატურად გაზრდის. დიასახლისებს ხშირად გვეშინია ყოველდღიურ რაციონში სოკოს გამოყენების, მაგრამ რატომღაც არ გვეშინია იმ სოკოსი, რომელსაც თვალით ვერ ვხედავთ, მაგრამ შეიძლება იყოს ყავის მარცვლების, ნიგვზის, თხილის ზედაპირზე. დღეს, დანამდვილებით ვიცით, რომ მათ მიერ გამომუშავებული შხამები ღვიძლის კიბოს იწვევს. შეიძლება ამძაღებული ნიგოზი თამამად გამოვიყენოთ, სამაგიეროდ საკვებ რაციონში სოკოს არ გამოვიყენებთ იმიტომ, გვეშინია. გარდა ამისა, გვაშინებს წაქცევა, ძვლის მოტეხილობის რისკი და ოსტეოპოროზის დიაგნოზი, მაგრამ არ გვაშინებს ყოველდღიურად გაზიანი სასმელების მოხმარება, რომელთა დამსახურებით, სისტემატურად ვკარგავთ კალციუმს. მიუხედავად იმისა, რომ გაზიანი სასმელის მოხმარება თანდათანობით ძვლის გამოფიტვას გამოიწვევს, მათი მოხმარების არ გვეშინია. ძალიან ხშირად გვაშინებს საუბარი იმ პროდუქტზე, რომლებიც უვარგისია, მაგრამ არ გვაშინებს, ოჯახში გამწვანებული კარტოფილისა და იმავე პროცესის მქონე ბადრიჯნის გამოყენების, რომლებშიც მომწამლავი ნივთიერება, სოლანინი გროვდება. ასეთ შემთხვევაში, კანის სქლად მოჭრა არ ჰყოფნის და კონკრეტულ პროდუქტებს უნდა შეველიოთ. არ მოგვწონს, როდესაც ჩვენი შვილები ზედმეტად აგზნებულები არიან. გვაშინებს აჟიტირებული, ზედმეტად აქტიური თაობა, მაგრამ არ გვაშინებს მათი ენერგეტიკული სასმელით წახალისება.
ძალიან ხშირად ოჯახური ტრადიციის ხაზგასმა ხდება იმით, რომ ბაბუა, მამა ბავშვს ალკოფოლს დააგემოვნებინებს. არ გვაშინებს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ეგზოტიკური საკმაზები, სუნელები, სამაგიეროდ გვაშინებს ჩვენი სუნელების საუკეთესოდ აღიარება, უფრო მეტიც, ძალიან ხშირად გვირჩევნია ჩვენსას დავარქვათ "უცხო". მაშინ, როცა უცხო სუნელი ჩვენია, ენდემურია და უცხოს არავის შემოუტანია ჩვენს ქვეყანაში. გვირჩევნია ტყვიით გაჯერებული უცხო სუნელები შემოვიტანოთ და მერე ამის გამო მთელი მსოფლიოს თვალში გავილანძღოთ და უარი ვთქვათ ჩვენს პროდუქტებზე. მაგალითად გვაშინებს ტყემლის გამოყენება და რატომღაც თამამდ ვიყენებთ კეტჩუპს.
აღმოჩნდა, რომ თანამედროვე მომხმარებელი კიდევ უფრო ფხიზელი და დაკვირვებული უნდა იყოს. ხშირად ჩვენს მიერ უგულებელყოფილი ეტიკეტები არცთუ ისე უსაფუძვლო ეჭვის წინაპირობაა. კერძოდ, ეტიკეტის წაკითხვა გვაძლევს საშუალებას, ზუსტად შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება კონკრეტული პროდუქტები ჩვენს მიზანს. საჭიროა, შევამოწმოთ, რა რაოდენობითაა მათში სხვადასხვა ნივთიერება. მაგალითად, თუ მითითებულია, რომ პროდუქტში გარკვეული ნივთიერების 5% და ნაკლებია, მაშინ არ შეიძლება ეს პროდუქტი კონკრეტული ნივთიერების ძირითად წყაროდ განვიხილოთ. თუ ავიღებთ ნუშს, რომელსაც აწერია, რომ მასში ნატრიუმის შემადგენლობა 5% და ნაკლებია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნუში ნატრიუმის წყაროდ არ გამოდგება, მაგრამ, ამავე ნუშს შეიძლება აწერია, რომ მასში კალციუმის შემადგენლობა 20% და მეტია - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დღიური მოთხოვნილება კალციუმზე 20 %-ით იქნება დაკმაყოფილებული და შესაბამისად, ნუში კალციუმის წყაროდ შეიძლება განვიხილოთ. თანამედროვე საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყანათა ხუთეულში შედის, სადაც ძალიან მაღალია არტერიული ჰიპერტენზიის რისკი, მაგრამ არ გვეშინია მაგიდაზე სისტემატურად მარილის დადებისადა საკვებში უხვად ჩაყრის. ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები ჯანმრთელები იყვნენ, შესაბამისად, ვფიქრობთ, არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რაც მათ ჯანმრთელობას შეარყევს, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენვე წავახალისებთ ხოლმე ჩვენს ისეთი პროდუქტებით, რომლებიც მათ ჯანმრთელობას არ წაადგება. მაგალითად, როდესაც კონკრეტულ სასმელს გავასინჯებთ ჩვენს შვილებს, მერე გვიკვირს, რატომ ვერ გადავაჩვიეთ ან რატომ მიეჩვია გაზიანი სასმელის მიღებას ყოველდღიურად და ერთი წუთითაც არ ვსვამთ კითხვას, გასინჯავდა თუ არა ის, ჩვენივე ინიციატივა რომ არ ყოფილიყო? ალბათ გასინჯავდა, მაგრამ მოგვიანებით. გვაშინებს უცხო პროდუქტის ან გემოვნური თვისებებით ჩვენთვის შეუსაბამო პროდუქტების რაციონში ჩართვა, მაგრამ მათი დანაკლისი არ გვაშინებს. გვაშინებს ორგანიზმის მძიმე მეტალებით დაბინძურება, მაგრამ კრიტიკულად არ ვაფასებთ იმ ნივთებს, რომელთა დამსახურებითაც ისინი ჩვენს ჩვენს ორგანიზმში აღმოცნდება, ასეთია მაგალითად, ალუმინის ჭურჭლის გამოყენება. გვაღელვებს უსახსრობა, ფინანსური არასტაბილურობა, მაგრამ ჩვენ მიერ გადახდილი თანხით ნაყიდი არასასარგებლო პროდუქტები არ გვაშინებს. ამას არა სხვისი დახმარებით, არამედ საკუთარი ხელით გავაკეთებთ, როდესაც პროდუქტებს არასწორად შევინახავთ და მოვამზადებთ.