გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც მოსახლეობაში დიდი აღელვება გამოიწვია. სოციალურ ქსელში ბევრმა ექიმმა და სხვადასხვა სპეციალისტმა გამოაქვეყნა საჯარო პოსტი. ეს ვიდეომიმართვაც ფეისბუქის მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახალგაზრდა ექიმი, გიორგი გოგიტიძე მოსახლეობას ახალი კორონავირუსის შესახებ საბაზისო ცოდნას აწვდის და რეკომენდაციებსაც სთავაზობს:
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ კორონავირუსების ოჯახი ერთ-ერთი მსუბუქი ხარისხის ინფექციურ აგენტთა ჯგუფად გვევლინება, რომელიც ძირითადად ზემო რესპირაციული სისტემის დაზიანებას იწვევს და იშვიათად გადადის ამ სისტემის ქვედა ნაწილში - ბრონქიოლებსა და ფილტვებში. ის ვირუსი, რომელთანაც ახლა გვაქვს საქმე, განსხვავებული შემთხვევაა. უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ეს ახალი ჯგუფის ვირუსია და დედამიწაზე ვერ იპოვნით ვერც ერთ ადამიანს, რომელსაც იმუნური მახსოვრობა აღენიშნება მის წინააღდდეგ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, უკვე დაავადებულ და გამოჯანმრთელებულ პირებს, რომლებსაც ჩამოუყალიბდათ იმუნური პასუხი მის მიმართ. იმუნური მახსოვრობის არარსებობა იმ პრობლემას ქმნის, რომ ვირუსთან პირველადი კონტაქტისას იმუნური პასუხი სუსტია და მისი ანტივირუსული მოქმედება ვირუსის ელიმინაციისათვის საკმარისად მძლავრი არ არის. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპისთვის არ გვაქვს არც სპეციალური პრეპარატი, არც ვაქცინა და არც მისი განადგურებისთვის საკმარისად ძლიერი პირველადი იმუნური პასუხი. მაშინ სად არის გამოსავალი?
პირველი, სურდოს ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური საფუძვლები აქვს. რაც უფრო მეტს ინერვიულებთ, ორგანიზმში მეტი სტრესი იქნება. სტრესი ადრენალურ ჯირკვლებს ააქტიურებს, აქედან გამოიყოფა კორტიზოლი და თუ გადახედავთ ნებისმიერ ავტოიმუნურ დაავადებებს, კორტიზოლს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია იმიტომ, რომ ის უძლიერესი იმუნოსუპრესანტია. როცა ნერვიულობთ, ვირუსი თავისუფლად მრავლდება და კორტიზოლი ამ ყველაფერს ხელს უწყობს. იდეალურია, თუ შეძლებთ საკუთარი თავის დამშვიდებას. თუ არა, გამოიყენეთ დამამშვიდებელი პრეპარატები. მეორე, უნდა დავრჩეთ სახლში, ვიყოთ სითბოში და როგორმე გარემოს ტემპერატურა 25-26 გრადუსზე შევინარჩუნოთ იმიტომ, რომ ამ ტემპერატურაზე იმუნური სისტემა თავისი მოწოდების სიმაღლეზეა, მუშაობს იდეალურად და ვირუსების გამრავლება მკვეთრადაა შემცირებული. მესამე, უმნიშვნელოვანესია, რომ ხშირად და ნაკლები შუალედით მივიღოთ სითხეები. თუ ცხელი ან თბილი სითხეები იქნება უკეთესია. ზოგადად, სითხეებს ამ შემთხვევაში, საკვანძო როლი უჭირავს იმიტომ, რომ პირ-ხახიდან, რომელიც საერთო ლოკაციაა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის და რესპირაციული სისტემისთვის, ვირუსული ნაწილაკები გადავიდეს არა ამ უკანასკნელში, არამედ საჭმლის მომნელებელ სისტემაში, საყლაპავის გავლით. საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვირუსი ბევრს ვერაფერს გააფუჭებს, მაქსიმუმ დიარეა და მსუბუქი ხარისხის ენტერიტი გამოიწვიოს. მინდა გაითვალისწინოთ, რომ ვირუსის დადგენის შემთხვევაშიც კი, ნუ დაიწყებთ ანდერძის წერას და ნუ გადაწყვეტთ, რომ სიცოცხლე დარულდა. კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოჯანმრთელებით ასრულებს ამ პათოლოგიას და ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებს. ოღონდ, ამჯერად მათ კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული უმძლავრესი იმუნური პასუხი აქვთ, რომლის წყალობითაც, ეს მძიმე დაავადება არასოდეს განმეორდება მათ ცხოვრებაში. "