"თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ხდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრის შემდეგ, რისკ ჯგუფებში მხოლოდ ხანდაზმულები შედიან. მარტივად რომ ავხსნა, ფილტვებში სისხლის მიმოქცევის შეფერხება ხდება. ნეიტროფილები ერთმანეთს ეწებებიან. ამას ვირუსი იწვევს. დიაგნოზს დისტრეს სინდრომი ჰქვია, ხშირია ახალშობილებშიც, მაგრამ სიკვდილიანობა 1 პროცენტზე ნაკლებია. თავად ეს დაავადება არ არის ისეთი რისკიანი, რამდენადაც პანიკაა ატეხილი. "
კითხვაზე, თუ რით განსხვავდება კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონია ჩვეულებრივი პნევმონიისაგან, ის პასუხობს:
"ერთნაირი მიმდინარეობა აქვთ, თუმცა ამ შემთხვევაში შედარებით სწრაფად ვითარდება. ახალი კორონავირუსისთვის ადამიანის ორგანიზმი არ არის მისი ბუნებრივი "სამშობლო". ის აქამდე ცხოველის ორგანიზმში ბინადრობდა, ახლა სრულიად სხვა გარემოში მოხვდა. ჩვენი და ცხოველის ტემპერატურა განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომაც, განსხვავებულ სხეულში მოხვედრილი ვირუსიც "აფორიაქებულია", სტრესშია. ბოლო პერიოდში ჩინეთში შემთხვევების კლება მიმდინარეობს იმიტომ, რომ ვირუსი ახალ გარემოს, ადამიანის სხეულს მიეჩვია. ამიტომ, ხიფათი ნელ-ნელა უფრო იკლებს. რა თქმა უნდა, ერთეული შემთხვევები ლეტალური იქნება, მაგრამ ეს საკმაოდ მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს შეიძლება დაემართოთ. რისკ ჯგუფებში შედიან ხანდაზმულები, დიაბეტით დაავადებულები, ახალგაზრდები, რომლებიც მარიხუანას და სხვა ნარკოტიკებს მოიხმარენ. ეს ერთ-ერთი დამამძიმებელი ფაქტორია, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ არ ღირს ამის გაკეთება. თამბაქოს მოხმარებაც ზრდის ინფიცირების რისკს, მაგრამ ისეთი მძიმე სიტუაცია არ არის. ალკოჰოლი კარგია გარეგამოყენებისთვის, რადგან დეზინფექციას აკეთებს, თორე მისი მიღება არ არის ეფექტური. როდესაც სოციალურ ქსელში ნახავთ რეცეპტს, ვთქვათ, "გავწურე ლიმონი, დავამატე კოჭა, თაფლთან ერთად ვჭამე და აღარასდროს ვხდები ავად" - ეს ზღაპრებია. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, დააკვირდით, ვინ ავრცელებს მსგავს ინფორმაციას."
გადაცემაში კიდევ ერთმა სტუმარმა, ინფექციონისტმა, ლია გოლიაძემ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა:
"კორონავირუსის საწინააღმდეგოდ რაიმე ანტივირუსული პრეპარატი, არ არსებობს. მკურნალობა არის მხოლოს სიმპტომური. როდესაც კორონავირუსისგან გამოწვეულ ლეტალურ შემთხვევებზე ვსაუბრობთ, ყველა მათგანი გართულებული შემთხვევაა. შემთხვევათა 80%-ზე მეტი საერთოდ არ საჭიროებს მკურნალობას. მსოფლიოში არსებული სტატისტიკა ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა დაავადებულთა რიცხვი მეტი უნდა იყოს, ანუ ისეთი ადამიანები, ვინც ავად არიან და არც იციან ამის შესახებ. ასე, რომ მკურნალობას საჭიროებს მხოლოდ გართულებული შემთხვევები. "
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კორონავირუსი ნაკლებად ემართებათ ბავშვებს. რა გვაძლევს ამის თქმის საბაბს, ლია გოლიაძე ასე ხსნის:
"სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბავშვებში ავადობის პროცენტულობა დაბალია. ახალშობილს იცავს დედის იმუნური სისტემა, შემდეგ უკვე მოდის აცრების სისტემა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წითურას აცრა ახალი კორონავირუსისგან შეიძლება იცავდეს. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა. "
დავით ნანობაშვილი კი ამბობს:
"6-დან 24 წლამდე ადამიანებში დაინფიცირების რისკი ყველაზე დაბალია. თუ დაემართებათ, ძალიან იოლ ფორმებში გადაიტანენ. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთი პრობლემაა - საბავშვო ბაღებში არსებული ჰიგიენური პრობლემები და წლავური ჭიები. ჭიები ძლიერ იმუნოდეფიციტს იწვევს. ეს პრობლემა რომ არ იყოს, ამ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფშიც ძალიან დაბალი იქნება რისკი. "