"ეპიდემიის მსგავსი სიტუაციიდან ძალიან შორს ვართ. შეგახსენებთ, წლევანდელი გრიპის ვირუსის დროს 100 000 მოსახლეზე გრიპის 200-250 შემთხვევა ფიქსირდებოდა და ვამბობდით, რომ ეპიდემიისგან შორს ვართ. ეპიდემიის შემთხვევაში 450-500 ადამიანი უნდა დაინფიცირდეს ყოველ 100 000 მოსახლეზე. კორონავირუსის შემთხვევაში 3,5 მილიონიან ქვეყანაში 3 პაციენტი გვყავს. ასე, რომ საუბარი არა მხოლოდ ეპიდემიაზე, არამედ შემთხვევების გახშირებულ რაოდენობაზეც კი არ არის, იმდენად მცირეა ეს ციფრი" - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ კორონავირუსი ბავშვებს ნაკლებად შეიძლება დაემართოთ, ის პასუხობს:
"ეს შეფასება ეყრდნობა დღემდე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. 20 წლამდე მოსახელობის სულ 2 პროცენტი არის დაინფიცირებული, 15 წლამდე კი ეს ციფრი კიდევ უფრო მცირეა. რატომ არის ბავშვებში შემთხვევების ასეთი მცირე მაჩვენებელი, ახსნა რთულია. თუმცა, არსებობს ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი, თეორია, რომ შესაძლებელია პედიატრიულ პაციენტებში კორონავირუსის დაბალ გავრცელებას იმუნიზაცია განაპირობებდეს ანუ ის აცრები, რომლებიც ბავშვთა ასაკში ტარდება, იცავს არა მხოლოდ კონკრეტული ინფექციისგან, რომლის საწინააღმდეგოდაც იცრებიან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც, მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგოც აღმოჩნდა ეფექტური. თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს მხოლოდ თეორიაა. გასათვალისწინებელია ის, რომ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც როგორც ჩინეთში, ასევე სხვა ქვეყნებში დაუდასტურდათ კორონავირუსი, ძალიან მცირეა."
ივანე ჩხაიძე გამოეხმაურა გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ვირუსის შესაძლო გაქრობის შესახებ არსებულ მოსაზრებასაც:
"ითვლება, რომ კორონავირუსისთვის ხელსაყრელი გარემო დაბალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობაა. თუმცა, ამ ტიპის კორონავირუსის შესწავლის ისტორია, ხანმოკლეა. კატეგორიულად ამის თქმა ძნელია, თუმცა, არსებობს კვლევა, რომელიც მსგავს მოსაზრებას აფიქსირებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მოიმატებს ტემპერატურა, ნალექები, რამაც შესაძლოა ვირუსის რიცხვი შეამციროს."
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღენიშნება კორონავირუსისათვის დამახასიაძთებელი ნიშნები, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ პედიატრიულ კლინიკებთან მიმართვის შემდეგ, მათ ჩაუტარდებათ სპეციალური კვლევა, ხოლო დადასტურების შემთხვევაში ინფექცვიური პათოლოგიის ცენტრში უნდა გადაიყვანონ.
"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავდაპირველ რეკომენდაციებში გვთავაზობდა, ყველა იმ პაციენტს, რომელსაც ჰქონდა ცხელება, ხველა და რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, ჩაგვეთვალა, როგორც საეჭვო შემთხვევად. ბოლო რეკომენდაცია განსხვავებულია, ამოღებულია განმარტებიდან ცხელება და დარჩა რესპირაციული სიმპტომები, მაგალითად ხველა და საზღვარგარეთ მოგზაურობის გამოცდილება ჩაითვალა საკმარისად, რომ ეჭვი მიგვეტანა კორონავირუსზე. ის რომ პაციენტს ჰქონდეს კორონავირუსი, არ ჰქონდეს სიმპტომები და დარჩნენ ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების ყურადღების მიღმა, ძალიან მაღალია. ეს ინფორმაცია, ერთი მხრივ კარგია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, არ ჩავთვალოთ ვირუსი სასიკვდილოდ, მაგრამ მეორე მხრივ ართულებს ამ პაციენტებზე ეპიდ ზედამხედველობას."- ამბობს ივანე ჩხაიძე.
მას საქართველოში სეზონური გრიპის ზოგადი სიტუაცია შეაფასა და აღნიშნა:
"საქართველოში გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელების სეზონის შემთხვევაში ორი პიკია. ერთი, ყველაზე მაღალი დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისში, მეორე შედარებით უფრო დაბალი პიკი თებერვლის ბოლოსა და მარტის განმავლობაში აღინიშნება. შესაძლებელია რესპირაციული ვირუსების, ეს არ ეხება ახალ კორონავირუსს, მცირე მატება მარტის თვეში აღინიშნოს.