მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ამ ფონზე, ყველა ელოდება ისეთი ვაქცინის ან პრეპარატის შექმნას, რომელიც ექიმებს ვირუსის დამარცხებაში დაეხმარება. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ, "ტვ პირველის" ეთერში იმ პრეპარატზე ისაუბრა, რომლის შექმნაც, მისი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია და მალე მივიღებთ:
"მე და ჩემი უცხოელი კოლეგები ორი მიმართულებით ველოდებით ინფორმაციას. პირველი ვაქცინაა, მეორე კი ანტივირუსული საშუალება. ვაქცინასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ გაცილებით უფრო ახლოს ვართ მედიკამენტის შექმნასთან, რომლის გამოცდაც უკვე დაიწყო ჩინეთში. იქ შერჩეულია 1000 პაციენტი, რომელთა შემთხვევაშიც უნდა დაფიქსირდეს კონკრეტული პრეპარატის ეფექტურობა. ერთეულ შემთხვევებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ პრეპარატმა ძალიან კარგი შედეგი აჩვენა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი სიახლეა. თავდაპირველად, საუბრობდნენ, რომ შექმნას ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდებოდა. ბოლო ინფორმაციით, კი ეს გაცილებით სწრაფად უნდა მოხდეს. პრეპარატის შექმნა წინ უსწრებს ვაქცინის შექმნას და ალბათ, ძალიან სწრაფად მივიღებთ. ერთი და ორი თვე, როდესაც პანდემიაზე ვლაპარაკობთ, ძალიან სწრაფია. საბოლოოდ კი მივიღებთ პრეპარატს, რომელიც ეფექტური იქნება."