ბევრი მშობელი პედიატრისგან უამრავ რჩევასა და დარიგებას ისმენს, ასრულებს მის რეკომენდაციებს, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორი მშობლები არიან მათი საყვარელი პედიატრები. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჩხაიძე საკუთარი ოჯახისა შესახებ გვიყვება:
-დავოჯახდი 30 წლის ასაკში, ალბათ, ცოტა გვიან, ქართული სტანდარტით. ორი შვილი მყავს. უფროსი ბიჭი და უმცროსი გოგონა. ჩემი მეუღლეც ექიმი გახლავთ. გოგონა ჩვენს კვალს გაჰყვა და მომავალი პედიატრია. ბიჭმა განსხვავებული მიმართულება აირჩია და საქართველოში, ჩეხეთსა და იტალიაში არქიტექტურისა და დიზაინის კუთხით მიიღო განათლება. ეს მათი გადაწყვეტილება იყო, ჩვენ არ ჩავრეულვართ, თუმცა დიდი სიხარული გოგონას არჩევანის მიმართ არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ გამოგვიხატავს.
-რა იყო მიზეზი?
-მიზეზი თავად ამ პროფესიის ძალიან მძიმე ტვირთია. ექიმობა ნამდვილად არ მიეკუთვნება კომფორტული პროფესიების ჩამონათვალს, ეს სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესია, ეს არის პროფესია, რომელიც თუ ძალიან არ გიყვარს, მთელი ცხოვრება შეუძლებელია ემსახურო. საქართველო არ განეკუთვნება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ექიმის პროფესია დაფასებულია, როგორც საზოგადოების, ისე სხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. ის ფაქტი, რომ სტუდენტების ნაწილი, რომლებიც სამედიცინოზე სწავლას იწყებენ და საბოლოოდ არჩევანს კლინიკური პრაქტიკის სასარგებლოდ არ აკეთებენ, არც თუ ისე მცირეა და ეს ძალიან მტკივნეულია. არც ჩემ და არც ჩემი მეუღლის ოჯახში ჩვენამდე ექიმები არ ყოფილან. ისე გამოვიდა, რომ ჩვენმა შვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ვფიქრობ, რომ მას სრულიად გაცნობიერებული აქვს ეს ტვირთი. გაცნობიერებული ჰქონდა მაშინაც, როცა უნივერსიტეტში აბარებდა და ახლაც, როცა უკვე კარგად იცის, რა არის ექიმობა. ასე, რომ დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ამ გზას წარმატებით გააგრძელებს.
-ბავშვების აღზრდისას თქვენ და თქვენს მეუღლეს განსხვავებული მიდგომები თუ გქონდათ და თქვენ რამდენად მკაცრი მამა იყავით?
-სრულიად განსხვავებული მიდგომა გვქონდა. მე არანაირად არ ვიყავი მკაცრი, ფუნქციების განაწილებაში ერთი კეთილი და ერთი, შედარებით მომთხოვნიუნდა ყოფილიყო, რასაცჩემი მეუღლე ითავსებდა. არ ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგია, თუმცა ადამიანის ბუნებას ვერ შეცვლი.
-პედიატრები ძალიან ხშირად ურჩევენ მშობლებს, რომ შვილების შემთხვევაში დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, იკვებონ სწორად. თქვენ შემთხვევაში, ოჯახში როგორ არეგულირებდით ამას?
-მაგალითის მიმცემია ადამიანი, რომელიც ჯანსაღად იკვებება, ფიზიკურად აქტიურია, შაბათ-კვირას შეუძლია ოჯახთან ერთად სახლიდან ან ქალაქიდან გავიდეს, იცავს ძილის რეჟიმს, არ ეწევა თამბაქოს. ექიმი ამ შემთხვევაში მაგალითის მიმცემად იშვიათად გამოდგება.
-ბავშვების შემთხვევაში როგორ ახერხებდით ამ წესების დაცვას?
-ვერაფერსაც ვერ ვახერხებდი.თუ თქვენ ექიმი ხართ, არჩევანი უნდა გააკეთოთ ან ოჯახის ან პროფესიის სასარგებლოდ. სხვა ალტერნატივა არ არის. ძნელად წარმოსადგენია ექიმი, რომელსაც შეუძლია პროფესიასა და ოჯახს შორის ბალანსი სრულად დაიცვას. თქვენ ვერ მიხვალთ სახლში სამსახურის დამთავრებისთანავე იმიტომ, რომ თქვენი სამსახური არ არის ნორმირებული. ვერ დაჰპირდებით შვილებს შაბათ-კვირას გასვლას იმიტომ, რომ შაბათ-კვირას შეიძლება საავადმყოფოში იყოთ. ვერ წახვალთ შვილებთან ერთად საღამოს წყნარად, რამდენჯერაც მოგინდებათ იმიტომ, რომ ერთმა სატელეფონო ზარმა შეიძლება ყველაფერი შეგიცვალოთ. ვერ მისცემთ თქვენს შვილებს მაგალითს, რომ დღეში მინიმუმ სამჯერ კვებაა საჭირო და ეს კვება სრულფასოვანი უნდა იყოს, იმიტომ, რომ თავად ვერ მოახერხებთ ამას. ასე რომ, ჯანსაღი ცხოვრების სტანდარტული წესების დაცვა ექიმობასთან არცთუ თავსებადია.
-თქვენ და თქვენი მეუღლე რამდენად ახერხებდით ბავშვების გაკონტროლებას, რომ ეკვებათ ჯანსაღად და დაკავებულიყვნენ ფიზიკური აქტივობებით?
-ეს იყოჩემი მეუღლის ფუნქცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობდა, ის ამას ძალიან კარგად ახერხებდა. კვებისა და ყურადღების მხრივ ბავშვებს არასდროს შექმნიათ პრობლემა. ჩემი მონაწილეობა კი ამ საკითხში მინიმალური იყო.
-რამდენად აქტიურად იყავით ჩართული ბავშვების სხვადასხვა აქტივობაში, თუნდაც სკოლაში?
-ჩემი ჩართულობა იყო მხოლოდ პოზიტიური დამოკიდებულება. როდესაც ცოტა დრო გრჩება ბავშვებთან ურთიერთობისთვის, იქ სიმკაცრესა და მოთხოვნების დაყენებაზე სრულიად ზედმეტია საუბარი. როცა რამდენიმე საათი გაქვს გამოყოფილი, ცდილობ, რომ ის დრო გამოიყენო არა იმისათვის, რომ შენიშვნა მისცე და "ყურები აუწიო", არამედ ისიამოვნო მათთან ურთიერთობით. რჩევებისა და დარიგებების ნაწილი მთლიანად მეუღლეს ჰქონდა გადაბარებული და ამას ძალიან კარგად აკეთებდა, სხვა გამოსავალი არ გვქონდა, მით უმეტეს, ჩვენ არავინ გვეხმარებოდა, მარტო ვზრდიდით შვილებს.
-თქვენი მეუღლეც ხომ პედიატრია, ის როგორ ახერხებდა მთლიანად პასუხისმგებლობის აღებას?
-დიახ, მეუღლე პედიატრია. ის ჩემი სტუდენტი იყო. დაამთავრა კლინიკური ორდინატურა, გარკვეული პერიოდი მუშაობდა ექიმად, შემდეგ კი გადაერთოსხვა საქმიანობებში, ფარმაციაში, მონაწილეობას იღებდა არაერთ საერთაშორისო პროექტსა და პროგრამაში, როგორც კვლევით, ისე სასწავლოშიდა მაინც ახერხებდა ბავშვებისთვის დროის გამოყოფას. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, ან ერთს უნდა გვეთქვა უარი ჩვენი საქმიანობის სრულფასოვან შესრულებაზე, ან მეუღლეს.
-თქვენი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ბავშვებს მამის დანაკლისი არ ჰქონდათ?
-არანაირი დანაკლისი არ ჰქონდათიმიტომ, რომ ყოველდღიურად გვქონდა კონტაქტი. თუ გულისხმობთ იმას, უნდოდათ თუ არა უფრო ხანგრძლივი ყოფილიყო ეს ურთიერთობა, ალბათ უნდოდათ. თუმცა მგონია, რომ ერთად გატარებული დროს ხანგრძლივობა არ განსაზღვრას ურთიერთობის ხარისხს. შეიძლება მთელი დღე ბავშვთან ერთად გაატარო და მინიმალური კონტაქტი გქონდეს. ჩვენ კი ის მცირე მონაკვეთები ძალიან აქტიური გვქონდა. იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც ვაჟთან ერთად ჩოგბურთზე დავდიოდით, იყო პერიოდი, როდესაც გოგონა ცეკვაზე დადიოდა და ჩვენ მუდმივად ვახერხებდით საღამოს მის კონცერტებზე მისვლასა და რეპეტიციებზე დასწრებას. ასე რომ, არ ვთვლი, რომ რომელიმეს მამის დანაკლისი ეგრძნო.
-ახლა, როცა გაიზარდნენ, თუ აძლევთ რეკომენდაციებს?
-ახლა უკვე იმ ასაკში არიან, რომ არც უნდა მივცე რეკომენდაცია და რომც მივცე, ეჭვი მაქვს, რომ გაითვალისწინონ. რეკომენდაციაზე უკეთესი პირადი მაგალითის მიცემა იქნება, ეს ყველაზე კარგად მოქმედებს. რაც არ უნდა ილაპარაკოთ, თუ თქვენ პირად მაგალითს არ აძლევთ ბავშვებს, საუბარი ქმედითი არ იქნება.
-თქვენს მშობლებს როგორი მიდგომა ჰქონდათ?
-ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლების შემთხვევაშიც ზუსტად ასე იყო ფუნქციები განაწილებული - დედები შედარებით მკაცრი, მამები კი რბილი და ნაკლებად მომთხოვნი.
-რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე მშობლები ძირითადად?
-ამის თქმა ძნელია, თუმცამგონია მშობლების შეცდომა პირადი, პოზიტიური მაგალითის არმიცემაა. ის, რაც ამ ფარგლებს გარეთ შემიძლია ვთქვა, სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება მშობელმა დაუშვას, ვაქცინაციის არჩატარებაა. როცა თქვენს შვილს ვაქცინაციას არ უკეთებთ, უშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას. თქვენი როლი ბავშვების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გამტკიცებაში ადრეული ასაკიდან სწორედ ამით იწყება. გარდა ამისა, დღევანდელი რეალობიდან გამოდინარე შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს ნარკოტიკებთან, თამბაქოსთან და ალკოჰოლთან შედარებით ლოიალური დამოკიდებულება.არ არსებობს უსაფრთხო ალკოჰოლი, თამბაქო ან მსუბუქი ნარკოტიკი ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მწეველებს შორის ექიმების პროცენტი საკმაოდ მაღალია, რაც სრულაიდ შეუთავსებელია ექიმის პროფესიასთან. თუ შენ ექიმი ხარ, ძალიან კარგად გესმის ის რისკები, რაც თამბაქოს მოწევასთანაა დაკავშირებული. ასევე, არ იქნება სწორი, თუ ფიქრობთ, რომ მოზარდთა ასაკში ბავშვებს რაიმე ძალით გააკეთებინოთ ან რაიმე გადაწყვეტილება შეაცვლევინოთ. ამ ასაკის ბავშვებისთვის დაძალება და მითითებები საპირისპიროდ მოქმედებს ხოლმე, ამიტომ, ყოველთვის ჯობს ავუხსნათ, განვუმარტოთ, ვაჩვენოთ ან წავაკითხოთ.
-რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ საფრთხედ თანამედროვე ბავშვისთვის?
- თანამედროვე ბავშვებისთვის არსებობს ორი დიდი საფრთხე - კვების არასწორი რეჟიმი და ჰიპოდინამია. ეს არის ის საფრთხე, რომელიც არამარტო სამედიცინო, არამედ სოციალურ კუთხითაც განიხილება. ამის უკან კი ბევრი პრობლემა დგას, დაწყებული ჭარბი წონიდან, დამთავრებული მხედველობის და აღნაგობის პრობლემებით, დიაბეტით და ასე შემდეგ. თუმცა, ეს პრობლემა ბევრ ქვეყანაშია. პატარა ბავშვებს ნაკლები ფიზიკური აქტიურობა აქვთ, ნაკლებად არიან არა მხოლოდ ორგანიზებულ სპორტში ჩართულნი, არამედ ნაკლებად თამაშობენ ეზოში კალათბურთს თუ ფეხბურთს, სამაგიეროდ, მაქსიმუმამდეა ის დრო ასული, რომელსაც მონიტორების და ეკრანების წინ ან სმარტფონთან ატარებენ. გარდა იმისა, რომ უმოძრაოდ არიან, ხშირად გვერდით აქვთ მომარაგებული წასახემსებელი, როგორც წესი, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები. ეს გლობალური პრობლემაა და ვფიქრობ, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა უფრო აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს.
-არ შემიძლია არ გკითხოთ, რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება იყოს კორონავირუსი ბავშვებისთვის?
-დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებიმიუთითებს იმაზე, რომ პედიატრიულ ასაკში ეს ვირუსი იშვიათია. ძირითადი სამიზნე ხანშიშესული, ქრონიკული დაავდებების მქონე და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტები არიან და არა ბავშვები.არის თუ არაახალი კორონავირუსი ზოგადად საშიში, რა თქმა უნდა, საშიშია. როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლებელია პანდემია განვითარდეს, ესნიშნავს, რომ რეალური საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ. თუმცა, პანიკა და არაადეკვატური ქცევები და კომენტარები, რისი მაგალითებიც ვნახეთ უკანასკნელ დღეებში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ამ დაავადებასთან ბრძოლას. მიჰყევით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. მიჰყევით იმ მარტივ რჩევებს, რომელიც, ერთი შეხედვით, არ არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგალითად ხელების ხშირად დაბანა, მაგრამ რეალურად მართლაც მოქმედებს. სამედიცინო პერსონალიც უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული ამ ვირუსისკლინიკური ნიშნების, მიმდინარების თავისებურების და საეჭვო შემთხვევათა რეფერალის ან მართვის შესახებ. ეს არ არის ვირუსი, რომელსაც სიკვდილობის ძალიან მაღალი პროცეტი ახასიათებს, ბევრი ადამიანი მკურნალობის გარეშეც გადარჩა დადაავადების მიმდინარეობა შეთხვევათა 80%-ში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა ან სულაც უსიმპტომო. იმედი გვაქვს, გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვირუსის შემთხვევები დაიკლებს და ე.წ. COVID-19 არ მიიღებს პანდემიის ხასიათს.
თამარ იაკობაშვილი