"ვისაც ახველებს, ყველას რენტგენის გადაღება სურს, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სიმპტომად ხველა დასახელდა" - რადიოლოგის პასუხი გავრცელებულ შეკითხვებზე
"ვისაც ახველებს, ყველას რენტგენის გადაღება სურს, რადგან კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სიმპტომად ხველა დასახელდა" - რადიოლოგის პასუხი გავრცელებულ შეკითხვებზე
ნინო ლაშხია ექიმი-რადიოლოგია. 1991 წელს მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და მას შემდეგ რენტგენოლოგად და ექოსკოპისტად სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს. ის რენტგენის შესახებ ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე გვპასუხობს და ასევე განგვიმარტავს, რა განსხვავებაა რენტგენსა და ექოსკოპიას შორის:
mshoblebi

- რენტგენსა და ექოს შორის დიდი განსხვავებაა. რადიოლოგიის ორი განსხვავებული დარგია. რენტგენოგრაფია რენტგენოლოგიური აპარატით კვლევას გულისხმობს და საქმე გვაქვს რენტგენის სხივებთან, რომელიც, როგორც წესი, სასარგებლო არ არის, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში საჭირო და სავალდებულოა. ექოსკოპია ულტრაბგერითი გამოკვლევაა და რადიოლოგიის სულ სხვა დარგია. ულტრაბგერით ვიკვლევთ შინაგან ორგანოებს.
თუმცა, ორივე სხივურ დიაგნოსტიკაში შედის.
ცხოვრების მანძილზე ყველა ადამიანი გადის რამდენიმე დიაგნოსტიკურ ტესტს. ეს იქნება ანალიზები, იმუნიზაცია თუ სხვა.
თუ ანალიზებთან დაკავშირებით სიტუაცია ასე თუ ისე გარკვეულია, როცა საქმე ეხება ულტრაბგერით გამოკვლევას, რენტგენოლოგიურს, მაგნიტორეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას იწყება ბევრი გაუგებრობა. ვერ გებულობენ, თუ რაშია განსხვავება. ყველა ზემოჩამოთვლილი მეთოდი მიეკუთვნება სხივურ დიაგნოსტიკის დარგს, მაგრამ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
რენტგენოგრაფიული გამოკვლევის პრონციპი მდგომარეობს იმაში, რომ ელექტრომაგნიტური სხივი, რომელიც მაღალი სიხშირისაა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, რენტგენის სხივი სხვადასხხვაგვარად ჩერდება, შთაინთქმება ან აირეკლება ადამიანის ორგანოებში. ყველაზე მეტად ეს სხივი შთაინთქმება იმ ქსოვილებში, სადაც მეტი ქიმიური ელემენტია, მაღალი ატომური
წონით. მაგალითისთვის კალციუმის ატომური წონა, რომელიც ბევრია ჩვენს ძვლებში უდრის 20, ამიტომაც რენტგენის ფირზე ძვალი ყველაზე კარგად დიფერენცირდება. რბილი ქსოვილები ძირითადად შედგება წყალბადის, ნახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადისგან, რომელთა ატომური წონა ბევრად ნაკლებია, ვიდრე კალციუმის, ამიტომაც რენტგენის სხივები ნაკლებად ჩერდებიან. რენტგენოლოგიური კვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ანატომიური პარამეტრები (ფორმა, ზომა, შენება) სხეულის იმ ნაწილის, რომელსაც ვიკვლევთ ან საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ სტრუქტურული დარღვევები.
აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სანამ არ იყო ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა, დიდ რისკად ითვლებოდა დასხივება, კერძოდ მისი დოზის გამო. ამჟამად თანამედროვე, ციფრული აპარატების გამოყენებისას დასხივების დოზა მინიმალურია და რენტგენოლოგიური კვლევებიც შესაბამისად მეტი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მისი ბოროტად გამოყენების საშუალებას. ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებია მეტ ყურადღებას აქცევენ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებს, არსებობს რეგულაციები. რამდენად მავნეა რენტგენის სხივი - მითია ეს თუ ჭეშმარიტება? სინამდვილეში, როგორც ზემოთ ვახსენე რენტგენი არის რადიაციის, გამოსხივების წყარო. ყველა ადამიანი წელიწადის განმავლობაში კოსმოსიდან ღებულობს ბუნებრივ დასხივებას, დაახლოებით 3 მზივერტს, მაღალმთიან რაიონებში - 4,5-მდე აღწევს. წინააღმდეგჩვენება რენტგენის გამოკვლევისთვის პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ ორსულებში სასურველია თავის შეკავება, თუ საჭიროება არ მოითხოვს.

- როდის არის აუცილებელი რენტგენის გადაღება?

- რენტგენის გადაღების აუცილებლობას, როგორც წესი, კლინიცისტი ექიმი გადაწყვეტს ხოლმე. მე ექიმი-რადიოლოგი, ანუ დიაგნოსტი ვარ. წესით, ყველა მომართვით უნდა მოდიოდეს. ძალიან ხშირად ის პაციენტები, რომლებიც დანიშნულების გარეშე, თვითნებურად მოდიან ჩემთან, უკან გამიბრუნებია. იმისათვის, რომ გადავიღო, დიფერენცირებაა საჭირო იმისა, თუ რა უნდა გადავიღო. ხშირად ვხვდები ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როცა მე მიწევს გადაწყვეტილების მიღება, თუ რა უნდა გადავიღოთ. კლინიცისტმა ექიმმა უნდა უთხრას პაციენტს წინასწარ, რა სეგმენტის გადაღებაა აუცილებელი - იქნება ეს ხერხემალი, ფილტვები, თავის ქალა თუ სხვა. ხშირად ვეუბნები ჩემს პაციენტებს, რომ რენტგენის გადაღება არ არის სასარგებლო, თუ საჭიროება არ მოითხოვს ამას. ვისაც ახველებს, ყველას რენტგენის გადაღება სურს. მითუმეტეს ახლა, როცა კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სიმპტომად ხველა დასახელდა. მე კორონავირუსის არსებობას არ ვადგენ ორგანიზმში, ამისათვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ. მე შემიძლია დავადგინო, არის თუ არა ფილტვებში ანთება.

- რა პერიოდულობითაა რენტგენის გადაღება დაშვებული?

- პროფილაქტიკის მიზნით რენტგენის ყოველთვე გადაღება არ შეიძლება, რადგან დასხივების კონკრეტული დოზა არსებობს. წელიწადში ერთხელ შესაძლებელია გადაღება. ხშირად მოდიან პაციენტები, მაგრამ თუ არ სჭირდებათ, ყოველთვის უკან ვაბრუნებ. დანიშნულებით ძირითადად ხერხემლის გადაღებას ითხოვენ. ასევე, ბავშვებში სქოლიოზზე. ნეირორადიოლოგიის განხრით ვმუშაობ და ძალიან ხშირად მიწევს კისრის, გულ-მკერდის, წელის მალების, მენჯ-ბარძაყის სახსრების გადაღება, თუმცა საკუთარი ინიციატივით არავის ვუღებ.

- არის თუ არა კონკრეტული ასაკი განსაზრვრული, როდესაც, ბავშვების შემთხვევაში, რენტგენის გადაღება აკრძალულია?

- კონკრეტული ასაკი არ არსებობს. თუ საჭიროა, ახალშობილებსაც ვუწერ დასკვნებს. გააჩნია დიაგნოზს. მენჯ-ბარძაყის სახსრებს 4 თვის ასაკიდან ვიღებთ. ყოველთვის ხაზს ვუსვამ და წინააღმდეგი ვარ, როდესაც თავისით ინიშნავენ გამოკვლევას. ზოგს მადლობაც კი უთქვამს, რომ არ გადამიღია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროების გარეშე, ეს არ არის სასარგებლო გამოკვლევა.

- უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ, რა კონკრეტული საფრთხე ახლავს თან?

- სხივდები, რაც იონიზაციას იწვევს. გარდა ამისა, შენვე ხვდები გამოსხივების წყაროც. ჩვენს მოსახლეობას ბირთვული უსაფრთხოების შესახებძალიან მცირე განათლება აქვს. გარეთ რადიაციული ფონია, რენტგენის გადაღებით კიდევ ვუმატებთ. პირველ რიგში, უარყოფითად მოქმედებს სისხლბად ორგანოებზე, ძვლის ტვინსა და ელენთაზე. ცვლის სისხლის ფორმულას. დაცული უნდა იყოს სასქესო ორგანოები სპეციალური ტყვიისსაფარით, რასაც ძალიან ხშირად არ აკეთებენ. პაციენტი თავად უფრო ითხოვს ხოლმე ამას, თორემ მინახავს, რომ რენტგენოლოგი არ იყენებს. სასქესო ორგანოები აუცილებლად უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში.

- პროცედურებს შორის ინტერვალის დაცვა აუცილებელია?

- თუ საჭიროებაა, ყოველდღეც შეიძლება გავაკეთოთ. მაგალითად, თუ პოლიტრავმის დროს პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა და კონტროლი სჭირდება. არსებობს კიდევ ერთი საკითხი, თუ რენტგენის მეშვეობით ვერ აღმოაჩენენ პრობლემას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას მიმართავენ. კომპიუტერული ტომოგრაფია 20-ჯერ მეტი დასხივებაა, ვიდრე რენტგენი, მაგრამ ამასაც არავინ აკონტროლებს. პროფილაქტიკის მიზნით, მისი გამოყენება არ შეიძლება.

- რენტგენამდე ან მის შემდეგ თუ არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც პაციენტებმა შეიძლება გაითვალისწინონ, მაგალითად კვება?

- წინათ რენტგენოლოგებს უნიშნავდნენ რძეს და რძის პროდუქტებს, პაციენტებს კი დასხივებამდე - ალკოჰოლს, მაგრამ ეს არაფერს შველის და მითია. ამ კუთხით, არანაირი წესი არ არსებობს, მთავარია პაციენტმა მაშინ გადაიღოს, როცა რეალურად სჭირდება. თუმცა, ნეგატიური გამოვლინებების თავიდან ასაცილებლად, დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღონ.

- თუ გქონიათ პრაქტიკის განმავლობაში პაციენტების უცნაური მოთხოვნები?

- დიახ, ერთხელ შვიდი თვის ორსული მოვიდა და უნდოდა რენტგენის გადაღება, რათა ნაყოფის ხერხემალი და აღნაგობა ენახა. კონკრეტულ ხერხს ქალები მაშინ იყენებდნენ, როდესაც რენტგენმა პირველად აღმოაჩინა სხივი, ამ საუკუნეში თუ ვინმე ამას მომთხოვდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მეც ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა და საფრთხის შემცველი იყო. ამის გარდა, ბევრი პაციენტი უკან გამიბრუნებია,თვეში ერთხელ ფილტვების გადასაღებად რომ მოდიან.

- ძველ და ახალ ტექნოლოგიებს შორის რა განსხვავებაა?

- რენტგენის აპარატები ციფრული ტექნოლოგიების შემოღების შემდეგ ორად იყოფა - ანალოგური და ციფრული. ციფრული რენტგენოგრაფია იმითაა კარგი, რომ ნაკლები დასხივება აქვს, შეგიძლია სურათის დამუშავება, შესაძლებლობა გაქვს უკეთესი ხარისხის გამოსახულება მიიღო და წასაკითხადაც უფრო ინფორმაციულია. რაც შეეხება ანალოგურ რენტგენს, ეს უკვე დამოკიდებულია რენტგენ-ლაბორანტის გამოცდილებაზე. თუ მან ცუდი სურათი გადაიღო, მეორეჯერაც უნდა დაასხივოს, შეიძლება ვერ გაამჟღავნოს და ვერ მიიღოს ინფორმაცია. ძველ აპარატს მეტი სხივური დატვირთვა აქვს, ვიდრე ახალს. თუ ძველ აპარატთან დგას გამოცდილი რენტგენ-ლაბორანტი, მაშინ დიდი საშიშროება არ არის. მაგრამ, ციფრული ტექნოლოგიები ყველანაირად კარგია. შეგიძლია სურათი შეინახო და ძველი ახალს შეადარო, შეგიძლია გადააგზავნო და ტელემედიცინის საშუალებით დასკვნა დაწერო.

- რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია?

- ძალიან მინდა, რომ ქართველი მოსახლეობა ამ მიმართულებით უფრო განათლებული იყოს და კარგად აფასებდეს იმ რისკებს, რაზეც ვისაუბრეთ. ხშირად მოდიან და მეუბნებიან, რომ "გუგლში" წაიკითხეს. ბევრისთვის მითქვამს, "გუგლში" თუ დაისვით დიაგნოზი, გუგლმა გიმკურნალოთ-თქო. აუცილებლად მიჰყევით ექიმის რეკომენდაციებს და საჭიროების გარეშე, ნუ გადაწყვეტთ რენტგენისა და ექოს გადაღებას.

თამარ იაკობაშვილი



8215
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ირმა
1
ჭეშმარიტად პროფესიონალი და საქმის უბადლოდ შემსრულებელი . მასთან, როგორც ექიმ-პაციენტის მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილებიდან გამომდინარე მოგახსენებთ. წარმარებები ქ-ნო ნინო.
12:30 / 05-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი