საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 162 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 45 პირი გადის. როგორც იცით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ, დარეკოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე, 116 001-ზე, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 1505-ზე. დავინტერესდით, რა საკითხზე რეკავენ ადამიანები ყველაზე ხშირად აღნიშნულ ცხელ ხაზებზე:
"დღეში უამრავი ზარი შემოდის. ძირითადად, რეკავენ ის ადამიანები, ვისაც კონკრეტული სიმპტომები აქვთ. მოგეხსენებათ, სიმპტომები სეზონური გრიპისთვისაცაა დამახასიათებელი, მაგრამ თუ მას სამოგზაურო ისტორია აქვს ან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა მოგზაურობიდან ახალჩამოსულთან, ექიმთან ვამისამართებთ. თუმცა, პირველი რეკომენდაცია იმ პირებისათვის, რომლებსაც სიმპტომები აქვთ, მიუხედავად იმისა, იმოგზაურეს თუ არა ბოლო პერიოდში, ექიმთან მიმართვაა, რადგან ყველა ვირუსს დროული მკურნალობა სჭირდება. მოგეხსენებათ, საქართველოში შიდა გავრცელება ჯერ დაფიქსირებული არ არის, ამიტომ ეჭვი ისეთ ადამიანზე, რომელსაც კონტაქტი არ ჰქონია უცხოეთიდან ჩამოსულთან და არ უმოგზაურია, არ არის ხოლმე.
ყოფილა შემთხვევები, როცა მეზობელსაც დაურეკავს, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანი სახლიდან გავიდა ან მასთან ჰქონდა კონტაქტი. ჩვენ აღნიშნულ ინფორმაციას იმ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს გადავცემთ, რომლებსაც დაევალათ მათთან ყოველდღიური კონტაქტი, შემოწმება და ასე შემდეგ და ისინი მოახდენენ რეაგირებას." - განგვიცხადეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
ჯანდაცვის სამინისტროდან კი აღნიშნულ ინფორმაციას, რამდენიმე დღეში მოგვაწვდიან.