სოციალურ ქსელებში ბევრი მშობელი წერს, რომ ზამთრის შემდეგ სეზონური ვირუსები ისევ უტევენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე გავრცელებულ ვირუსს მაღალი სიცხე და ყელის ტკივილი ახასიათებს. დავინტერესდით, მართლაც მომატებულია თუ არა სეზონური გრიპის შემთხვევები და ხომ არ არის ეს ე.წ. გრიპის მეორე ტალღა?
აღმოჩნდა, რომ საქართველოში სეზონური გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განგვიცხადა.
"გრიპის შემთხვევების მკვეთრი მატება არ ფიქსირდება. ბოლო ოთხი კვირაა, დაახლოებით, ერთნაირი მომართვიანობაა. ოდნავაა მომატებული რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის შემთხვევები. სიმპტომები კვლავ იგივეა: მაღალი ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე."
ივანე ჩხაიძემ მოსახლეობის კორონავირუსთან დაკავშირებულ მომატებულ შფოთვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა აქვთ და არ უმოგზაურიათ საზღვარგარეთ ან უშუალო კონტაქტი არ ჰქონიათ მათთან, პირველი უნდა იფიქრონ გრიპზე და არა კორონავირუსზე.