საკვებ ნივთიერებებსა და ცხოვრების წესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებასა და განმტკიცებაში. ამ თემაზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:
"მინდა ძალიან ხმამაღლა და მტკიცებით ვთქვა, რომ ერთი უნივერსალური წამალი, რომელსაც დავლევთ და იმუნიტეტი ერთბაშად განგვიმტკიცდება, არ გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი აზრი, ეს არის თანამედროვე მედიცინის მოცემულობა. შეიძლება თუ არა შევინარჩუნოთ ის, რაც ბუნებრივად გვაქვს, გავაკაჟოთ და განვამტკიცოთ, მთელი ჩვენი ცხოვრების სამუშაოა და ამაში დიდ როლს ცხოვრების წესის არჩევანი ასრულებს. დადგენილია, რომ ძილის სისტემატური დარღვევა და ქრონიკული სტრესი ადამიანის იმუნიტეტზე ცუდად მოქმედებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმუნიტეტის განმტკიცების უზარმაზარი ინსტრუმენტი ფიზიკური აქტივობაა.
როგორც ხელების დაბანვაა აუცილებელია, ისეა საკვები პროდუქტების წინასწარ გასუფთავებაც. მათ წყალი კი არ უნდა გადავავლოთ, კარგად უნდა ჩამოვრეცხოთ, ჩამოვბანოთ ყველა ის ნივთიერება ან მიკრობი, რომლებსაც თვალით ვერ ვხედავთ, მაგრამ შესაძლებელია მთლიანად იყოს დაფარული პროდუქტი. ყველაფერი აქაც ჰიგიენით იწყება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენს იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს და ორგანიზმს ასუსტებს, ეს არის არაადექვატური უზრუნველყოფა ენერგიითა და საკვები ნივთიერებებით. თუ არ გვაქვს საკმარისი ენერგია და საკვები ნივთიერებები, მაშინ ორგანიზმი სუსტდება. ამ საკვებ ნივთიერებებში განსაკუთრებული როლი ენიჭება ენერგიის მატარებლებს, ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. მაგრამ, მათ შრის განსაკუთრებული მნიშვნელობა ცილებს აქვთ, რადგან რომ არა ცილა, არ გვექნება იმუნიტეტი. სწორედ მათზეა დამოკიდებული, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება დაცვითი ძალებით ჩვენი ორგანიზმი. ძალიან ხშირად ადამიანები პურპროდუქტებს, მაკარონს, ბრინჯს, ნახშირწყლებით დატვირთულ საკვებს იმარაგებენ, იშვიათად კი ცილასთან ასოცირებულ პროდუქტებს. მესმის, რომ მალფუჭებადია, მაგრამ აუცილებელია ორგანიზმისთვის. კვერცხის ცილა ნებისმიერ ბოსტნეულთან კომბინაციაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც იმუნიტეტის განმტკიცების არაჩვეულებრივი შესაძლებლობა. როდესაც ხორცპროდუქტს C ვიტამინის შემცველ პროდუქტებთან ერთად მივიღებთ, რკინას უკეთ შევითვისებთ და ჩვენი უჯრედებიც უკეთ სუნთქავს. ნედლი ბოსტნეული, ხილი არაერთი ვიტამინისა და საჭირო მინერალების წყაროა.
განსაკუთრებით, თუ კომბინაციას რძის პროდუქტებს დავამატებთ , რადგან მათში მზა სახითაა ცილა, კალციუმი, ფოსფორი. ასევე, A ვიტამინი, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სასიცოცხლო რესურსების გაძლიერებაში ეხმარება. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროდუქტებში D ვიტამინია, რომელიც ორგანიზმის წონასწორობაში ყოფნისთვის გვჭირდება. გარდა ამისა, ჩვენ ჩვენი სხეულით 2,5 კილოზე მეტ თვალით უხილავ ორგანიზმებს ვატარებთ და ასეთ შემთხვევაში ეს მიკროორგანიზმები ჩვენგან მეგობრობას მოითხოვს. იმისათვის, რომ ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი ბაქტერიები გავაძლიეროთ, რძის პროდუქტები გვჭირდება იმიტომ, რომ ცოცხალი მიკროორგანიზმებით მოვამარაგოთ ორგანიზმი და, მეორე მხრივ, მეგობარ ბაქტერიებს მივაწოდოთ საკვები. თუ თქვენ, აუხსნელი მიზეზით, ყაბზობა, დიარეა გაქვთ, გექმნებათ პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობასთან,
გამოისწორეთ იმიტომ, რომ იმუნიტეტი ამაზე ბევრადაა დამოკიდებული.
წარმოდგენა, რომ ალკოჰოლით შეიძლება ყველაფერი დავამარცხოთ, მცდარია. რა თქმა უნდა ალკოჰოლი შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ გარეგანი მოქმედებისათვის და წყალში განზავებული. თუ ლაპარაკია არაყზე, ჭაჭაზე, აუცილებლად წყალში უნდა გავაზაოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიხმაროთ გარეგანი დანიშნულებით."