მარი მალაზონია და გადაცემის "პირადი ექიმი" ჟურნალისტი, ელენე პაპიაშვილი საუბრობენ, თუ რატომ არის ხელების დაბანვა აუცილებელი და რა ხდება ადამიანის ორგანიზმში მაშინ, როცა ვირუსი იჭრება:
"როგორც ვიცით, ვირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება. თუ ეს წვეთი ხელზე მოხვდა, შემდეგ კი ხელი ტუჩებთან, თვალებთან ან ცხვირთან მივიტანეთ, ვირუსი ორგანიზმში ხვდება. ასევე, შესაძლებელია ხელის ჩამორთმევითაც გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე. რა ხდება, როდესაც ვირუსი უკვე ორგანიზმშია? პირველად ის ზედა სასუნთქ სისტემაში ხვდება და 80-85 პროცენტში იქვე ჩერდება. ითვლება, რომ ეს მსუბუქი შემთხვევაა, რადგან არ გადადის ფილტვებში. ამ დროს ადამიანებს ყელი სტკივათ, სურდო აქვთ და ტემპერატურის მატება აღენიშნებათ, რაც ჩვენი იმუნური სისტემის პასუხია. ის ცდილობს, რომ ვირუსს რაც შეიძლება ცუდი გარემო შეუქმნას და გამოდევნოს ორგანიზმიდან. თუ ვირუსი ფილტვებში ჩავიდა, შედარებით რთულ და საყურადღებო მდგომარეობად ითვლება, რომელიც პაციენტთა 10-15 პროცენტში ვითარდება. თუმცა, ამ დროსაც ჩვენი იმუნური სისტემა აქტიურდება და, შესაბამისად, 10 დღის მანძილზე, როდესაც პიკური ეტაპი გაივლის, ადამიანი გამოჯანმრთელებას იწყებს. მესამე შემთხვევა შედარებით უფრო რთულად მიმდინარეობს და შეიძლება ლეტალურადაც დასრულდეს. აქ განმსაზღვრელია ასაკი, თანმდევი ქრონიკული დაავადებები, რა დროსაც იმუნური სისტემა კიდევ უფრო აქტიურდება, თუმცა შეიძლება პროცესი პნევმონისს გართულებით დასრულდეს, გამოიწვიოს გარკვეული ორგანოების ფუნქციების დარღვევა და დადგეს ლეტალური შედეგიც".