გუშინ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 12 წლის ბავშვს დაუდასტურდა. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია პანიკა მშობლებში. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვები ყველაზე ნაკლებად იდგნენ რისკის ქვეშ. საბედნიეროდ, ფატალური შემთხვევა უმცროსი ასაკის ბავშვებში არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, პედიატრი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ შვილები უნდა მოვარიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და სადღესასწაულო ცენტრებს.
- ვერ ვიტყოდი, რომ კორონავირუსი ბავშვებს არ ერჩის, უბრალოდ, ბავშვებში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ძალიან ცოტაა და საბედნიეროდ, სიკვდილიანობის შემთხვევაც არ ყოფილა. ეს განპირობებულია იმით, რომ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ამის გამო, ფატალური შედეგი არ დგება.
- იყო მოსაზრება, რომ თითქოს მათ კალენდარული აცრები იცავთ.
- დიახ, ითქვა, რომ აცრას ჰქონდა ჯვარედინი რეაქცია, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის მტკიცებულებებით ეს მოსაზრება გამყარებული.
- ბავშვებთან არაერთი გართულებული და ფატალურად დასრულებული შემთხვევა გვაქვს ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში...
- დიახ, აღმოჩნდა, რომ კორონავირუსი უფრო იოლად მიმდინარეობს ბავშვებში, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი. თუმცა ჩვენ გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, კორონავირუსის სამკურნალო საშუალებები არ გვაქვს. გრიპის პრევენციისთვის ვიყენებთ ვაქცინას. კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაში კი ასეთი რამ არ არსებობს, მისი მართვა შეუძლებელია და ამიტომ არის საშიში და ქმნის ისტერიის და პანიკის საფუძველს.
- რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?
- ჰიგიენური ნორმების დაცვა, რასაც ისედაც უნდა ვითვალისწინებდეთ ნებისმიერი ვირუსული ინფექციისას. კორონავირუსის გადაცემის მექანიზმი ჰაერწვეთოვანია და ეს შეიძლება გავრცელდეს საყოფაცხოვრებო ნივთებით, ამიტომ აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, დისტანცირება თავშეყრის ადგილებიდან. სახლი დაამუშავეთ ხშირად სველი წესით. ასევე პროდუქტები, რასაც იძენთ მარკეტებში, მაცივარში მოთავსებამდე გამდინარე წყლის ქვეშ გაავლეთ.
- ბავშვების შემთხვევაში კორონავირუსის სიმპტომატიკა ხომ არ არის უფროსებისგან განსხვავებული?
- არა, ერთნაირია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, ეს შეიძლება გამოხატული იყოს მცირეოდენი სურდოთი და ხველით. ამიტომ, შეიძლება ისე გადაიტანოს კორონავირუსი პატარამ, რომ ვერც გავიგოთ.
- რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს, რომლებიც შვილებს იუბილეს ისევ დაბადების დღის ცენტრებში უხდიან?
- არ უნდა გადაუხადონ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ თავი შეიკავონ თავშეყრის ადგილებიდან და სადღესასწაულო ცენტრებისგან. არ უნდა წაიყვანონ დაბადების დღეებზე. მე ვფიქრობ, რომ კორონავირუსს დროულად დავამარცხებთ, ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ დაბადების დღე იმ კონკრეტულ რიცხვში გადავუხადოთ ბავშვს. უბრალოდ, გადადონ რამდენიმე კვირით ან თვით, სანამ დაწყნარდება სიტუაცია. გარდა იმისა, რომ არსებობს კორონავირუსის გავრცელების რისკი, ამ სეზონზე ცირკულირებს ჩვეულებრივი გრიპიც H3N2, H1N1 და B ტიპის ვირუსი, მათით დაინფიცირების რისკიც ძალიან მაღალია.
ნინო გიგიშვილი