ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მარი მალაზონიას გადაცემაში "პირადი ექიმი" კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ საკითხებზე საუბრობს:
მარი მალაზონია : თუ სასუნთქ გზებში და საჭმლის მომნელებელ სისტემაში წარმოვიდგენთ პროცესებს, რომელიც ერთდროულად მიმდინარეობს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15 წუთში ერთხელ წყლის დალევის შემთხვევაში, ვირუსი სასუნთქი გზების ნაცვლად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აღმოჩნდება და იქ არსებული მჟავე არე მას გაანეიტრალებს. რამდენად დასაბუღთებულია ამგვარი მიდგომა?
თენგიზ ცერცვაძე: ეს არ არის სიმართლე, რადგან არავის შეუსწავლია და დაუდგენია, რომ 15 წუთში წყლით ვირუსების ჩარეცხვა ხდება. ასევე, 15 წუთში რეცეპტორებით მაინც მოასწრებს სასუნთქ გზებში შესვლას. ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა, ყველას ჰგონია, რომ ეს ვირუსი მხოლოდ სასუნთქი გზების დაავადებაა. არა, კორონავირუსი მრავლდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტშიც, განსაკუთრებით ნაწლავებში და ის ფეკალიებთან ერთად გამოიყოფა. გარდა კონტაქტური და წვეთოვანი გზისა, ფეკალიებით დაბინძურებულ საგნებზე ხელის შეხებითაც შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი. ასე, რომ ნაწლავები ამ ვირუსის გამრავლების შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი ადგილიც კია, ვიდრე სასუნთქი სისტემა.
- ორსულებთან დაკავშირებით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, იქონიებს თუ არა ნაყოფის ჯანმრთელობაზე გავლენას ?
- ვირუსი ახალია და ყველაფერი მის შესახებ არ ვიცით. დღევანდელი გადასახედიდან, ის არ მოქმედებს ნაყოფზე. ორსულებში რაიმე განსაკუთრებული განსხვავებები დაფიქსირებული არ არის, განსხვავებით სეზონური გრიპისგან, რომლისთვისაც ორსულები ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და პირველ რიგში სწორედ მათ ვურჩევთ ხოლმე აცრას. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ორსულებზეც ვრცელდება ყველა ის რეკომენდაცია , რაც არაორსულზე.
- რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს სამედიცინო ნიღაბი, რომელიც მეტისმეტად თხელია, ასევე რამდენად შეიძლება ნიღბის ფუნქციით ჩვეულებრივი ქსოვილის შარფი გამოვიყენოთ, რომელსაც მაგალითად პირზე ავიფარებთ და ასე ვეცდებით საკუთარი თავის დაცვას?
- ასეთი ნიღაბი უმეტეს შემთხვევაში საკმარისია, თუ ის სწორადაა გაკეთებული, ფარავს არა მარტო პირს, არამედ ცხვირსაც და მჭიდროდ ეკვრის სახეს. რა თქმა უნდა, ეს ნიღაბი არ არის საიმედო პაციენტთან მუშაობისას, მასთან ხანგრძლივი დროით ყოფნისას და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში, მაგალითად ტრანსპორტში, სავსებით საკმარისია. ქუჩის შემთხვევაში მისი ტარებაც არაა აუცილებელი. რაც შეეხება ქსოვილის მიფარებას სახეზე, პირსა და ცხვირზე, დიდხანს ქსოვილმიფარებული ვერ ვივლით, ეს მეთოდი ეფექტურია, მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ, როცა იცით, რომ ინფიცირებულ პაციენტთან მჭიდრო კონტაქტში ხართ. მაგრამ მას, როგორც უნივერსალურ საშუალებას, რეკომენდაციას ვერ გავუწევთ.
- ის ნივთები, რომლებიც ჩანთაში ყოველდღიურად ხვდება, მაგალითად მობილური, საფულე და ასე შემდეგ, ასევე კარის სახელურები, რამდენად შესაძლებელია ინფიცირების წყარო გახდეს?
- ყველა ეს ნივთი შეიძლება დაინფიცირების წყარო გახდეს, თუ მასთან ინფიცირებულ ადამიანს ჰქონდა შეხება. თუ თქვენ ვირუსით დაბინძურებულ ნივთებს შეეხებით და შემდეგ თქვენდაუნებურად ხელს პირთან მიიტანთ, დაინფიცირება შესაძლებელია. უფრო მეტიც, შესაძლოა დაინფიცირებული არც შეეხოს ნივთებს, მაგრამ თუ ახლოსაა მეტყველებისა და ხველის დროს გამოყოფს შხეფებს, რომლებშიც შეწონილია ვირუსის ნაწილაკები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელურების, იატაკის, კარისა და მაგიდების სველი წესით დამუშავებას.