ბავშვებში თავის ტკივილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომია, რაც ხშირად ხდება მშობლების შფოთვის მიზეზი. თავის ტკივილი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, რასაც დროული აღმოჩენა და რეაგირება სჭირდება. ამ თემაზე ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე საუბრობს:
- თავის ტკივილი, ნევროლოგთან მომართვიანობის მიზეზებს შორის ერთერთი წამყვანი ჩივილია. ამ მხრივ არც ბავშვები არიან გამონაკლისი. როდესაც ბავშვებში თავის ტკივილის სიხშირესა და მიზეზებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ასაკი. წინასასკოლო პერიოდში თავის ტკივილის სიხშირე შედარებით ნაკლებია. მაგრამ სასკოლო ასაკის დადგომასთან ერთად, ჩივილის სიხშირე მნიშვნელოვნად იმატებს. კვლევებმა აჩვენა, რომ სასკოლო ასაკის ბავშვების 2/3 საშუალოდ სამ თვეში ერთხელ უჩივის თავის ტკივილს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი კვირაში ერთხელ მოგვმართავს ამ ჩივილით. 6 წლამდე ასაკის ბავშვებში თავის ტკივილი გაცილებით იშვიათია, თუმცა გამორიცხული არ არის. ერთის მხრივ, ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ბავშვები, კომუნიკაციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ძნელად ახერხებენ ტკივილის დეკლარირებას, თუმცა სხვადასხვა ირიბი მინიშნებით, მაგალითად, თავზე ხელის მოკიდებით და ასე შემდეგ, ამაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია. მიზეზებიც, ასაკის მიხედვით, სხვადასხვაა. როცა ვთქვით, რომ სასკოლო ასაკის ბავშვების 2/3-ს სამ თვეში ერთხელ მაინც სტკივა თავი, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათთან აღნიშნული ჩივილი უმეტესად არაორგანული მიზეზებითაა განპირობებული და პროგნოზიც უფრო კეთილსაიმედოა. მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ წინასასკოლო პერიოდში თავის ტკივილის ჩივილი იშვიათია, მიზეზები უფრო საყურადღებოა. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, მძიმე ნევროლოგიური მიზეზებით განპირობებული თავის ტკივილებისგან ბავშვები დაცულები არ არიან, მაგრამ საბედნიეროდ, შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვთა ასაკის თავის ტკივილის მიზეზი, ჩვეულებრივ, ნაკლებად სერიოზულია ხოლმე და შესაბამისად, პროგნოზიც მოზრდილებთან შედარებით უფრო კეთილსაიმედოა.
- რამდენად სერიოზული პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს პატარა ასაკში ბავშვის დაცემამ და თავის დარტყმამ?
- გააჩნია დარტყმის ძალას, უშუალოდ დარტყმის მომენტში ბავშვის მდგომარეობასა და ტრავმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. თუ ეს მინიმალური ან მსუბუქი ტრავმა იყო, რომელმაც არ გამოიწვია ბავშვის ქცევის უხეში დარღვევა და უშუალოდ დარტყმის მომენტში, თუნდაც ხანმოკლედ ცნობიერების შეცვლა, ტრავმის მომენტში თუნდაც ძლიერი ტირილის შედეგ მალევე დამშვიდდა, გარეგნულად არ გვაქვს უხეში დაზიანება, ასევე თუ ტრავმიდან 2 საათის მანძილზე არ შეიცვალა ცნობიერება, 24 საათის განმავლობაში და შემდეგ უკვე 48 და 72 საათის განმავლობაში ბავშვი არ გახდა მეტისმეტად აჟიტირებული ან მივარდნილი, მოთენთილი, არ შეიცვალა ყოველდღიური აქტივობის, თამაშის წესი, მაშინ გართულებები ნაკლებად მოსალოდნელია. თუ ვატყობთ, რომ ტრავმა ძლიერი იყო, გარეგანად ძლიერი დაზიანებაა, უხეში სისხლდენა, დიდი ზომის კოპი და გვიჭირს ამ კოპის მიღმა ძლოვანი სტრუქტურების მდგომარეობის შეფასება, მაშინ, ბავშვის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შემთხვევაშიც კი, რა თქმა უნდა, ზედმეტი სიფხიზლე არ გვაწყენს. სამაგიეროდ, თუ ბავშვის ქცევა ისე შეიცვალა, რომ აღარ ეტანება საყვარელ სათამაშოს, უფრო განმარტოებით, ჩუმად და თავისთვის უნდა ყოფნა, სწრაფად იღლება, მანამდე ცელქს და აქტიურს ახლა ურჩევნია წოლა, უჩივის თავის ტკივილს (თუმცა ეს უკანასკნელი შეიძლება უმნიშვნელო იყოს და არც აღნიშნავდეს ბავშვი), მით უმეტეს თუ შევნიშნეთ რომ ტრავმასთან კავშირში შეიცვალა ბავშვის მოტორული აქტივობა, რომელიმე კიდური ჩამორჩება მოძრაობაში, ან გამოიხატა ტირილის და ზოგადად მეტყველების დროს სახის ასიმეტრია, ეჭვი შეგვეპარა მხედველობის ან სმენის მხრივ ცვლილებებში, უჭირს მეტყველება, ამ შემთხვევაში აუცილებელია კვლევის დაუყოვნებლივ გაღრმავება. ასევე მნიშვნელოვანი სიმპტომია ღებინება პირველი 24 საათის განმავლობაში და/ან შემდეგი 2-3 დღის ფარგლებში. წლამდე ბავშვებში დამატებით რისკ-ფაქტორები მოქმედებს, ამიტომ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ და დროულად ჩავიტაროთ ექიმის კონსულტაცია. ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მკითხველს მოვუწოდოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიმართონ თვითდიაგნოსტიკასა და თვითმკურნალობას. არსებობს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილებები, სადაც მიმართვის შემთხვევაში კვალიფიციურად შეაფასებენ მდგომარეობას.
- ბინის პირობებში რა შეიძლება გაითვალისწინონ მშობლებმა, თუ ბავშვი წაიქცა, თავი დაარტყა და ექიმთან ვიზიტს მალევე ვერ ახერხებენ?
- ის რაც უკვე აღვნიშნეთ, თუ ეჭვი გვაქვს, რომ სერიოზული ტრავმა იყო, ბავშვი მეტისმეტად მაგარ ზედაპირს დაეცა ან დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა, გამოხატულია ძლიერი ტკივილი, გახანგრძლივებული ტირილი, ბავშვისთვის უჩვეულო აგზნება, ან პირიქით, მივარდნა, მეტყველების შეცვლა და ტირილის მომენტში სახის დეფორმაცია, კიდურების მოძრაობის შეზღუდვა, აუცილებლად ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას. თუ ვატყობთ, რომ სასწრაფოს მეტისმეტად აგვიანდება, მაშინ ვცდილობთ, რომ თავად გადავიყვანოთ სტაციონარში. თუ ბავშვის ცნობიერება შენახულია, მშობლებს ცნობს და მშვიდდება მათ გვერდით, მაშინ ვაგრძელებთ დაკვირვებას ბავშვის ქცევაზე. პირველი 2 საათი განსაკუთრებით კრიტიკულია და ამიტომ ვცდილობთ არ დავაძინოთ ბავშვი, ვაფხიზლოთ ან ხშირად შევაღვიძოთ, რომ შევაფასოთ ცნობიერება. რა თქმა უნდა, ეს ძალადობრივად არ უნდა მოხდეს და ვცდილობთ ბუნებრივად შევუქმნათ სათამაშო გარემო. ეს თამაშები მეტისმეტად აქტიურიც (მაგ. ბურთით და ველოსიპედით) სასურველია არ იყოს. ამის პარალელურად, დაჟეჟილ ადგილზე მაგალითად ცივის საფენის დადება შედარებით აყუჩებს ტკივილის შეგრძნებას და ქსოვილების შეშუპების რისკსაც ამცირებს. ბავშვის კანი ნაზია, ამიტომ, ყინულის უშუალო კანზე მიდება არასასურველია და ცივი საგანი ან ყინული ნაჭერში უნდა გავახვიოთ და ხანმოკლე დროით დავადოთ კოპის მიდამოში. თუ ვატყობთ , რომ ყინულის გამო ბავშვი უფრო გაღიზიანდა და აჟიტირდა, მაშინ უმჯობესია, ყინულზე უარი ვთქვათ და სხვა საშუალებებით ვეცადოთ ბავშვის დამშვიდებას. თუ დარტყმის ადგილზე ღია ჭრილობაა, ჭრილობის დამუშავების წესებით ვმოქმედებთ და ნაჭერში გახვეულ ყინულს ვეღარ დავადებთ.
- სასკოლო ასაკის ბავშვებში თავის ტკივილი შესაძლოა გადაღლილობამ გამოიწვიოს?
- როგორც კი ბავშვის ცხოვრებაში თამაშისა და საკუთარი სურვილით დროის გატარების მიღმა გარკვეული ვალდებულებები შემოდის, თავის ტკივილის სიხშირე, როგორც სიმპტომი, იმატებს. ეს კარგი მინიშნება შეიძლება იყოს მშობლებისთვის, რომ ბავშვის რეჟიმი შეუსაბამოდ დატვირთულია. თუ სკოლამდელი ბავშვიც მეტისმეტად გადავტვირთეთ, რისი ტენდენციაც უკვე არსებობს და ვხედავთ, რომ მშობლებს ისინი საბავშვო ბაღის მიღმა სხვადასხვა წრეზე დაჰყავთ, ემოციური და ფიზიკური გადაღლილობის სიმპტომად შესაძლებელია სწორედ თავის ტკივილი წამოვიდეს.
- როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ აღნიშნული ჩივილი საყურადღებოა და ექიმთან უნდა წაიყვანოს შვილი?
- ბუნებრივია, ბავშვებში თავის ტკივილი მშობელთა შფოთვის მიზეზი ხდება. არსებობს მახასიათებლები, რის ფონზეც, შეგვიძლია უფრო მშვიდად ვიყოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიფრთხილე არ უნდა გამოვიჩინოთ. თუ ვაკვირდებით და აღმოჩნდება, რომ თავის ტკივილს გარკვეული რეგულარობა აქვს და ვითარდება დაძაბული, ემოციურად თუ ფიზიკურად გადატვირთული დღის შემდეგ, სახლში მოსული ბავშვი იტყვის, რომ თავი სტკივა, მაგრამ საკმარისია 15-30 წუთი დაისვენოს და ეს ტკივილი გაივლის, ბუნებრივია, იმ ეტაპზე, ეს საშიში არ არის. ასევე, თუ ბავშვმა დაიჩივლა თავის ტკივილზე და ამ დროს დედა აცნობიერებს, რომ კვებასა და კვებას შორის დიდი შუალედი გამოუვიდა, შემდეგ მიირთვა საკვები და ტკივილმაც გაუარა, აღნიშნული თავის ტკივილი, დიდი ალბათობით შიმშილთან იყო დაკავშირებული და არც ესაა საშიში. თუ ბავშვი, თავის ტკივილის მიუხედავად, თავის საყვარელ ნუგბარსა და სათამაშოზე უარს არ ამბობს, არ ეცვლება ქცევა და აქტივობის ხარისხი, უარს ამბობს მეცადინეობაზე, მაგრამ აქტიურია თამაშის დროს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სერიოზული ნევროლოგიური პრობლემა იმალებოდეს მის მიღმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თავადვე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ რა არის ე.წ. წითელი დროშის, ანუ მაღალი რისკის განმსაზღვრელი სიმპტომები, რომლის არსებობის შემთხვევაში მშობელმა დაუყონებლივ უნდა მიმართოს ექიმს. არ არის აუცილებელი ეს სპეციალისტი პირდაპირ ბავშვთა ნევროლოგი იყოს, შეიძლება ჯერ პედიატრთან გავიაროთ კონსულტაცია და მისი მხრიდან ჩვენი შფოთვისა და ეჭვების გაზიარების შემთხვევაში მივმართოთ ბავშვთა ნევროლოგს. ასეთი სიმპტომებია მაგალითად თავის ტკივილი, რომელიც ბავშვის ჩვეულ აქტივობას არღვევს და პიროვნულ ცვლილებებს იწვევს. კერძოდ, ბავშვს ეცვლება ხასიათი, ქცევის მოდელი, უთქმელადაც ეტყობა რომ ცუდად გრძნობს თავს, უარს ამბობს მისთვის სასურველ და საყვარელ აქტივობებზე, თავის ტკივილი აიძულებს, რომ კლასგარეშე აქტივობასაც თავი დაანებოს, თამაში მიატოვოს, საყვარელი თოჯინა გვერდზე გადადოს, წამოწვეს, ან მოითხოვოს დედის გვერდით ყოფნა. თუ თავის ტკივილი დროთა განმავლობაში რეგულარული ხდება და დროსთან ერთად მისი ინტენსივობა იმატებს, ამ შემთხვევაშიც დამატებითი სიფხიზლე გვმართებს. ასევე, მნიშვნელოვანია არ გადავდოთ ექიმთან ვიზიტი, თუ თავის ტკივილის ტიპი შეიცვალა, ანუ ადრე ერთი ტიპის ტკივილს აღწერდა ბავშვი და ახლა სხვას აღწერს, ან ერთი ტიპის ტკივილს მეორე ტიპი დაემატა. ასევე თუ თავის ტკივილს რეგულარულად ახლავს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თუ ბავშვი გვეუბნება, რომ თავის ტკივილის ფონზე მხედველობა გაუუარესდა, ან მაგალითად ყურებში აქვს დამატებითი ხმიანობის შეგრძნება. კიდევ უფრო საყურადღებოა, თუ ბავშვი აღნიშნავს, ან ჩვენ ვამჩნევთ კიდურების დასუსტებასა და დაბუჟებას, კიდურებში მოძრაობის უნარის შეცვლას/შეზღუდვას, ეს მაღალი რისკის სიმპტომებია, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ასევე, თუ ტკივილი დილით, გაღვიძებისთანავე აღმოცენდება ან ბავშვს აღვიძებს ძილში. ზოგადად ტკივილის აღქმის ზღურბლი ადამიანებში განსხვავებულია და ბავშვები ამ მხრივ გამონაკლისი არ არიან. სხვადასხვა ბავშვმა შეიძლება სხვადასხვა სიმძაფრით მოახდინოს რეაგირება ერთიდაიგივე ინტენსივობის ტკივილზე. ამიტომ გამოკვლევის დროს აუცილებელია თავად ბავშვთან გასაუბრებაც, რომ მივიღოთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შფოთვით არ დავაფრთხოთ ბავშვი, რომ მან არ დამალოს სიმპტომები. გამოვიჩინოთ სიფხიზლე, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. ჩვენ ხშირად მეორადად ვიწვევთ ხოლმე ბავშვებში შფოთვას იმიტომ, რომ მათ მიერ დასახელებულ ჩივილზე მძაფრი რეაქცია გვაქვს, ბავშვიც ამ დროს შფოთავს და ჰგონია, რომ რაღაც ძალიან სერიოზული სჭირს. ამიტომ, სასურველია ნდობით, ზედმეტი პანიკის გარეშე, მაგრამ მიზანმიმართული კითხვებით გამოვკითხოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია.
- ე.წ. წითელი დროშის სიმპტომების შემთხვევაში, თუ მშობლები დროულად არ მიმართავენ ექიმს, რა რისკის ქვეშ შეძლება დადგეს ბავშვი?
- ეს დამოკიდებულია იმ მიზეზებზე, რითიც კონკრეტული ტკივილია გამოწვეული. ფაქტია, რომ ყველა ეს სიმპტომი დროულ რეაგირებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დრამატულ დიაგნოზამდე მივალთ, მაგრამ დამატებითი კვლევები გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა არ დავაგვიანოთ. ყველასთვის ცნობილია, რომ დროული დიაგნოსტიკა დროული მკურნალობის საწინდარია. მათ შორის სიმსივნური პროცესის შემთხვევაში, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ ხოლმე მშობლებს. ყველამ ვიცით, რომ თავის ტვინში დროულად აღმოჩენილი მოცულობითი პროცესი, გაცილებით ადვილი სამართავი და სამკურნალოა და გამოსავალი უფრო კეთილსაიმედოა. პაციენტებისთვის თავის ტკივილის შესაძლო მიზეზებში ძალიან "პოპულარული ვერსიაა" ქალასშიდა ჰიპერტენზია. ამ დროს ორი უკიდეურესობა გვაქვს. ერთი მხრივ, ყველა ბავშვს, რომელიც აჟიტირებულია და ვთვლით, რომ შესაძლოა თავი სტკიოდეს, "ვაბრალებთ", რომ ქალასშიდა წნევა აქვს. მეორე მხრივ, ეს არის მდგომარეობა, რომელიც კონკრეტულ პაციენტებში რეალურად არსებობს. ანუ რეალურად არსებობენ პაციენტები, რომლებსაც ქალასშიდა წნევის მომატებით მიმდინარე გარკვეული პათოლოგიები აქვთ და საჭიროებენ დროულ და სათანადო მედიკამენტურ თუ სხვა ტიპის ჩარევას. დაგვიანებულ შემთხვევაში შეიძლება გარკვეულ გართულებებს ჰქონდეს ადგილი. ეს შეიძლება აისახოს გონებრივ და მოტორულ შესაძლებლობებზე, დროთა განმავლობაში წამოვიდეს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ.
- გარემო ფაქტორებიდან რა შეიძლება გახდეს თავის ტკივილის მიზეზი და რა როლი აქვს ამ შემთხვევაში კვებას?
- როგორც აღვნიშნეთ, ემოციური და ფიზიკური სტრესი ადვილად შეიძლება გახდეს თავის ტკივილის მიზეზი. ყველაფერი, რამაც შეიძლება დაარღვიოს ჩვენი კომფორტული არსებობა, შეიძლება მოგვევლინოს თავის ტკივილის მიზეზად. მაგალითად, რაც უფრო ნაკლებად ვენტილირებულია გარემო, მეტისმეტად გამომშრალია ჰაერი, დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი, გვცივა ან გვცხელა, გვაქვს მაღალი ტემპერატურა, გვშია ან გვწყურია, გადავიღალეთ ემოციურად ან ფიზიკურად, ვშფოთავთ წარსულში გადატანილი სტრესის, ან რაიმე მნიშვნელოვანის, თუნდაც დადებითის მოლოდინში. კონკრეტული თავის ტკივილის მაპროვოცირებლად შეიძლება საკვები პროდუქტებიც მოგვევლინოს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ტიპის თავის ტკივილი შაკიკია, რომელიც მკითხველების დიდი ჯგუფისთვის შეიძლება კარგად ნაცნობიც იყოს. ის ვლინდება თავის ერთ ნახევარში საკმაოდ ძლიერი და მოპულსირე ტკივილით, რასაც ხშირად გულის რევა, სინათლისა და ხმაურის აუტანლობა ახლავს თან და საკმაოდ შემაწუხებელია პაციენტისთვის. გრძელდება რამდენიმე საათი და ზოგჯერ დღეც. შაკიკის მაპროვოცირებლებში სხვა მიზეზებთან ერთად აქტიურად მოიაზრება კონკრეტული საკვები და სასმელი, როგორიცაა მაგალითად, წითელი ღვინო. ბავშვების შემთხვევაში ალკოჰოლი ნაკლებად აქტუალურია, თუმცა თინეიჯერებში ამ ფაქტორის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. საკვებსა და სასმელზე რეაქცია ძალიან ინდივიდურია, მაგრამ არსებობს გარკვეული სტატისტიკა, რომ შებოლილი საკვები, მეტისმეტად მარილიანი და ყველის მაგარი სახეობები, მოხალული და მარილიანი არაქისი ხშირად ხდება თავის ტკივილის მიზეზი. გასათვალისწინებელია სასმელსა თუ საკვებში კოფეინის ჭარბი შემცველობაც. თუმცა, ეს უკანასკნელი მეტად ინდივიდუალურია. არიან პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ კოფეინის მიღება ტკივილის დროს შეღავათს აძლევთ, მეორე ჯგუფის პაციენტებისთვის კი პირიქით, შეიძლება ტკივილის მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ზოგადად არაჯანსაღი საკვები, არომატიზატორებით, გემოს გამაძლიერებლებით და საკმაზით უხვად დატვირთული პროდუქტები, როგორებიცაა, მაგალითად ჩიფსები და ა.შ. სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული საკვები, ენერგეტიკული სასმელები, სათანადო განწყობის შემთხვევაში ადვილად ხდება თავის ტკივილის უშუალო მიზეზი. ასეთი საკვებით შეიძლება, ერთი მხრივ დავნაყრდეთ და შიმშილით გამოწვეულ თავის ტკივილს ვებრძოლოთ, მაგრამ პარალელურად მეორე, უფრო სერიოზული ტიპის თავის ტკივილის პროვოცირება გამოვიწვიოთ. ამიტომ, ჯანსაღი საკვები და ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველა ტიპის ჯანმრთელობის დარღვევის, მათ შორის თავის ტკივილის, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.
- როგორ შეიძლება ბავშვებში თავის ტკივილის მკურნალობა?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებში თავის ტკივილის უმრავლესობა არაორგანული ტიპის მიზეზებითაა გამოწვეული და იშვიათად სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა. ჩვეულებრივ, ტკივილის გამომწვევი მიზეზის მოშორება, ან სიმპტომური საშუალებების გამოყენება საკმარისია ხოლმე. ზოგადად ბავშვებში დაუშვებელია თვითმკურნალობა, მაგრამ თუ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბავშვს ტკივილი გადაღლილობის ან ზემოთ ჩამოთვლილი, ნაკლებად საშიში მიზეზების გამო აქვს, არ არის საჭირო დიდხანს ვაწვალოთ ისინი და ტკივილის მოთმენა ვაიძულოთ. შეგვიძლია მათთვის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიცემა. შაკიკთან მიმართებაში, თუ ეს დიაგნოზი დადგენილია და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს შვილს შაკიკის ეპიზოდი აქვს, რაც მალე მივცემთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, უკეთესია. მკურნალი ნევროლოგი ჩვეულებრივ დეტალურ ინსტრუქციას გასცემს ხოლმე, როგორ მოვიქცეთ შაკიკის შეტევის დაწყებისთანავე. სხვა შემთხვევაში პირველივე წუთებში წამალი შეგვიძლია არ დავალევინოთ, მაგრამ აქტიურად დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ვცადოთ მაპროვოცირებელი ფაქტორის (მაგალითად შიმშილის) მოცილება და თუ ამან შედეგი არ გამოიღო, მაგრამ მშობელი დარწმუნებულია, რომ ბავშვის თავის ტკივილი ემოციური და ფიზიკური დაძაბულობითაა გამოწვეული შეგვიძლია ერთჯერადად მივცეთ ტკივილდამაყუჩებელი. ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილი წითელი დროში სიმპტომები ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს და თუნდაც ტკივილდამაყუჩებელმა ადვილად მოხსნას მიმდინარე ტკივილი, დროულად დავგეგმოთ ექიმთან ვიზიტი. მედიკამენტის მიცემისას მნიშვნელოვანია სწორი დოზირებაც. მშობლებს ახასიათებთ, რომ აძლევენ წამალს, მაგრამ არასრული დოზით, იმ მოტივაციით, რომ ბავშვი "არ მიეჩვიოს წამალს". მნიშვნელოვანია, რომ თუ ვაძლევთ ბავშვს ტკივილგამყუჩებელ საშუალებას, დოზა მისი ასაკისა და წონის შესაბამისი იყოს. ანუ არც მეტი და არც საჭიროზე ნაკლები. კერძოდ, როგორც მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში გვჭირდება იბუპროფენის ან პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტის მიცემა, იგივე მედიკამენტი და დოზა შეიძლება გამოვიყენოთ თავის ტკივილის დასაყუჩებლად.
თამარ იაკობაშვილი