"დისტანციური საქმიანობა ნათესავებთან სიარულს არ ნიშნავს... თუ გავიჭირვებთ რამდენიმე კვირა, ეპიდემიის დამარცხება შესაძლებელია"- ექიმი ეპიდემიოლოგი კორონავირუსის შესახებ
"დისტანციური საქმიანობა ნათესავებთან სიარულს არ ნიშნავს... თუ გავიჭირვებთ რამდენიმე კვირა, ეპიდემიის დამარცხება შესაძლებელია"- ექიმი ეპიდემიოლოგი კორონავირუსის შესახებ
ახალმა კორონავირუსმა უამრავი ადამიანის ცხოვრების სტილი შეცვალა და მსოფლიო შეანელა. ის გლობალური გამოწვევაა და მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ქვეყანა არ ებრძვის. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში და რა გვევალება ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი ეპიდემიოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ოთარ ჩოკოშვილი საუბრობს:

-ეს ახალი ვირუსია, მსოფლიოში მასზე იმუნიტეტი გამომუშავებული არავის აქვს და, სავარაუდოდ, ადამიანთა დიდ ნაწილს მისი გადატანა მოგვიწევს. მაგრამ,
ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროცესი რაც შეიძლება დროში გაიწელოს. სწორედ ამიტომ ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება ქვეყანაში. მთავარია, რომ ზრდა შევანელოთ, ერთად რომ არ დაავადდეს ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადებების მქონე და ასაკოვანი პირები. რაღაც ეტაპის შემდეგ, ინფიცირებულების რაოდენობა შემცირდება და კლებას დაიწყებს, მაგრამ ეს დრო როდის დადგება, ამის თქმა ჯერჯერობით რთულია. ალბათობა იმისა, რომ მალე დასრულდეს, არსებობს, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში, რადგან მაქსიმალური ღონისძიებებია გატარებული. უმაღლესი დონის კონტროლია და საკმაოდ ადრეცაა დაწყებული, რითაც კარგ შედეგებზე გასვლა შეგვიძლია. პოზიტიურ მაგალითად შეიძლება ჩინეთი გამოვიყენოთ, სადაც ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების ძალიან მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება და ძველი შემთხვევებიც ნელ-ნელა ჯანმრთელდებიან იმიტომ, რომ ეს დაავადება 80 პროცენტზე მეტ
შემთხვევაში თვით გამოჯანმრთელებადია, სულ რომ არაფერი გავუკეთოთ ამ ვირუსით ინფიცირებულ ახალგაზრდა ზოგადად ჯანმრთელ პაციენტებს, ისინი თავად გამოჯანმრთელდებიან. მოსახლეობის 15-20 პროცენტი რჩება, რომელიც შედარებით მძიმედ გადაიტანს და იმ 20 პროცენტიდან 5 პროცენტს კიდევ უფრო მძიმე მიმდინარეობა ემუქრება. სიკვდილიანობის პროცენტი კი 2-დან 4-მდე მერყეობს. თუმცა, ციფრებში საუბარი, ერთი შეხედვით, მარტივია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობაზე თუ დავიანგარიშებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობას მივიღებთ, რაც დროში თუ გაიწელება, უკეთესად მართვადი გახდება. ინფექცია თუ სწრაფად გავრცელდება, საქართველოში არსებული ყველა რეანიმაციის დაცლა და მხოლოდ ამ ვირუსით დაავადებული პაციენტებისთვის მომზადებაც რომ იყოს შესაძლებელი, მაინც არ გვეყოფა და იტალიასავით დაგვემართება. სწორედ ამიტომ შევცვალეთ ჩვენი ცხოვრების სტილი, გადავედით დისტანციურ მუშაობასა და სწავლაზე, რომ რაც შეიძლება შევამციროთ კონტაქტი სხვა ადამიანებთან. გვაქვს საკარანტინე სივრცეები, თვითიზოლაციის მექანიზმი და თუ ამ ყველაფერს კარგად გავაკონტროლებთ, კარგ შედეგზე გავალთ.

-იტალიაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს ყველაზე მეტად?

-იტალიაში პირველივე შემთხვევების დროული გამოვლენა ვერ მოხერხდა, სახელმწიფოს დონეზე არ გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, ვერ გათვალეს, რამხელა საფრთხე შეიძლებოდა ყოფილიყო და სწრაფი ტემპით დაიწყო შემთხვევების მატება, რომლის დარეგულირებაც ვეღარ შეძლეს. გარდა ამისა, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია იმითაც, რომ კონკრეტულ პოპულაციაში ასაკოვანი ადამიანების პროცენტული წილი მაღალია. გარდაცვლილთა უმრავლესობა არის 70 წელზე ზემოთ. ვირუსის სამიზნე სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძლიერი იმუნური სისტემა არ აქვთ. ჯერ კიდევ დაუდგენელი მექანიზმით, ის ბავშვებს ვერაფერს აკლებს. მათთან ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს და თუ გრიპის დროს ისინიც არიან რისკჯგუფებში და ლეტალური შემთხვევებიც ფიქსირდება, ახლა, საბედნიეროდ, ასე არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა კატასტროფა.

-ახალგაზრდებში ძირითადად რა ხდება გარდაცვალების მიზეზი?

-ახალგაზრდასაც შეიძლება ჰქონდეს ქრონიკული დაავადებები. ბევრი ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ადრეულ ასაკშივე ისმება. არსებული მონაცემებით, ეს ვირუსი ჯანმრთელ ადამიანებს ძირითადად, უპრობლემოდ გადააქვთ. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ინგლისში, შვედეთში, გერმანიაშიც გარკვეულწილად, მსგავსი მიდგომა აქვთ, რომ უმკურნალონ მხოლოდ ასაკოვან ადამიანებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, სხვები სახლში უნდა დარჩნენ კარანტინში და იმკურნალონ. თუმცა, ამ მიდგომას მთლად მყარი საფუძველი არ აქვს. ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის, რა ტიპის გართულებები შეიძლება განვითარდეს.

-თუ არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდას ქრონიკული დაავადება არ აქვს, მაგრამ მასთან ვირუსი ლეტალურად სრულდება?

-ალბათობა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილში. მაგალითად, ჩინელი ექიმი, რომელიც, დაახლოებით, 30 წლამდე იქნებოდა, გარდაიცვალა. მას ქრონიკული დაავადება არ აწუხებდა, მაგრამ ინფექციის კერაში იყო, სხვაზე უფრო მეტად ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ თავზე და სავარაუდოდ მისმა იმუნურმა სისტემამ ვეღარ გაუძლო. ასე რომ, იმის თქმა, რომ აბსოლუტურად ყველა ახალგაზრდა დაცულია, არ შეგვიძლია. ერთადერთი კარგი, რაც შეიძლება ვთქვათ არის ის, რომ ვირუსს შედარებით ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს და დაავადების ხანგრძლივობაც არ არის ძალიან დიდი, კერძოდ ინკუბაციური პერიოდი 2-14 დღეა, უკვე დაავადებული ადამიანები კი შეიძლება მინიმუმ ორი კვირა და მაქსიმუმ 2-3 თვე იყვნენ ავად.

-ვირუსმა, ფაქტობრივად, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი მოიცვა. რატომ გავრცელდა ასე ძალიან სწრაფად?

-დღეს გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ, გაცილებით მეტი ადამიანი მოგზაურობს, ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირია, საზღვრები ღიაა და მილიონობით ტურისტი გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეში. წარმოიდგინეთ,მილიონი ტურისტიდან, თუნდაც რამდენიმე ათასმა, დღის განმავლობაში ერთეული შემთხვევა რომ გადაიტანოს, რამხელა შედეგი იქნება. სწორედ ამიტომაა მატების ამხელა ტემპი. გარდა ამისა, კორონავირუსი რესპირატორული დაავადებაა, ახასიათებს ტემპერატურა, ხველა, ცემინება - გრიპის სიმპტომები და ბევრი ადამიანი ვერც მიხვდა, რომ დაინფიცირებულები იყვნენ. კორონავირუსების ჯგუფი, გარდა ამ კონკრეტული შემთხვევისა, "სარსის" და "მერსისა", საშიშად არ ითვლება. ცხოვრებაში შესაძლოა ერთხელ მაინც გვიგრძნია თავი სუსტად, გვქონია სურდო, ყელის ტკივილი, მაგრამ სამსახურშიც წავსულვართ. მაგრამ ამ დროს შეიძლება კორონავირუსის რომელიმე სახეობით ვიყავით დაავადებული. მაგრამ ის სამი სახეობა, რაც აღვნიშნე, ყველაზე აგრესიულ ვარიანტებს წარმოადგენს.

-დადგენილია, რომ ვირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს, თუმცა, ბოლო დროს უცხოურ პუბლიკაციებში აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლოა სხვა გზითაც ხდებოდეს გადადება. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

-დიახ, საუბრობენ რომ შესაძლოა არა მარტო წვეთოვანი, არამედ ჰაეროვანი გზითაც ვრცელდებოდეს. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციდან მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება და არც კონკრეტული რეკომენდაციებია გაცემული. ამ ეტაპზე, დადასტურებული არ არის, თუმცა შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ გადახედონ გადაწყვეტილებას.

-რამდენად რთულია თქვენთვის მსგავს რეჟიმში მუშაობა და როგორ შეუძლიათ საზოგადოების წევრებს თქვენი დახმარება?

-სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა კამპანია "მე ვრჩები სამსახურში შენთვის და შენ დარჩი სახლში ჩვენთვის". მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა გაითავისოს და შეიგნოს, რომ ყველა ღონისძიება - ხელების ჰიგიენა, სოციალური დისტანცირება, სახლში ყოფნა, ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ ერთი ინფიცირებული 2-3 სხვა ადამიანს აინფიცირებს. ამ შემთხვევაში, მე თუ ასე ვიქცევი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვამცირებ შემთხვევათა რაოდენობას. წარმოიდგინეთ რამდენი ასეთი "მე" არსებობს საქართველოში. 4 მილიონი ადამიანიდან, ყველა თუ არა, უმრავლესობა თუ გაჩერდება და შეძლებს გარკვეულ იზოლაციას, მალე მოვერევით პრობლემას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ დისტანციური სწავლა და მუშაობა ნათესავებთან სიარულს და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას არ ნიშნავს. მაქსიმალურად ვიყოთ იზოლირებულები, რომ ერთმანეთს ინფექცია არ მივუტანოთ. როცა ვამბობთ, რომ ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ ინფიცირდებიან. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. დადგენილია, რომ ის ადამიანები, რომლებიც განიკურნენ, ზოგიერთი კვლავ დაინფიცირდა და ბევრ მათგანს დღემდე აღენიშნება ფილტვის ფუნქციების დაქვეითება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, მათ შორის იმათაც, ვისაც მანამდე არ ჰქონდა. შესაბამისად, ასე მარტივად საკითხს ვერ შევხედავთ. ბოლომდე არ ვიცით, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანზე. ამიტომ, თუ ჩვენი შვილები, ოჯახის წევრები და საკუთარი თავი გვიყვარს, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც გვთავაზობენ. მსოფლიო ნელ-ნელა ჩერდება, ამას კი შესაძლოა დიდი კრიზისი მოჰყვეს.

-რამდენად დიდი გამოწვევა იყო მსოფლიოსთვის სხვადასხვა დროს მსგავსი ეპიდემიები და თქვენ, როგორც ეპიდემიოლოგს, რით შეგიძლიათ დაამშვიდოთ მოსახლეობა?

-მსოფლიოს უამრავი პანდემია და ეპიდემია ახსოვს, მათ შორის, გაცილებით უფრო მძვინვარე და ძლიერი, ვიდრე ესაა. ეს ვირუსი შესაძლოა სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ნაკლებად მომაკვდინებელია. მაგალითად "ისპანკამ" ორ წელიწადში 20 მილიონი ადამიანი მოკლა, მსოფლიოს მასშტაბით. ეს დაავადება მსოფლიოს ვერ დაამარცხებს, მაგრამ შექმნის ძალიან დიდ პრობლემებს, მათ შორის, ფინანსურ და ეკონომიკურს. ამიტომ, თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს. ჩინეთმა უკვე მოახერხა გაკონტროლება, სხვა ქვეყნებშიც ნელ-ნელა სტაბილურდება მდგომარეობა. მსოფლიო დარაზმულია და თუ ხალხი კარგად გაითავისებს პრობლემას, რამდენიმე კვირა გაიჭირვებს და სახლში დარჩება, ეპიდემიის გაჩერება შესაძლებელია. ჩემი ღრმა რწმენით, ეს, როგორც რესპირატორული ინფექცია, დათბობასთან ერთად შემცირებას დაიწყებს. ვარაუდის საფუძველს გვაძლევს ის, რომ კორონავირუსების ჯგუფი და, ზოგადად, რესპირატორული ვირუსები ზაფხულში მცირდება. გარდა ამისა, მსოფლიო აღარ არის ისეთი, როგორიც საუკუნეების წინ იყო. უძლიერესი ლაბორატორიები და კომპიუტერული ტექნიკა აქვთ, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაშიც ეფექტიანი იყოს და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის შექმნაზე. რაც მთავარია, ჩვენს მომავალ თაობას, ბავშვებს, არაფერი ემუქრება და ეს უდიდესი იმედია.

თამარ იაკობაშვილი

8217
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
იტალიაში მომუშავე ქართველები ვინც მოხუცს უვლიდნენ დარჩნენ უმუშევრად,ვიმედოვნებ საქართველო იზრუნებს მათზე , მოხუცები კი ძალიან შემეცოდნენ .
04:10 / 20-03-2020
ქართველი
8
ძალიან მეშინია, განადგურებული ვარ, კორონაზე მეტად ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი მაშინებს და გულს მიხეთქავს, მგონია შიმშილით დავიხოცებით, რა ვქნათ ვისაც დანაზოგი არ გვაქვს, რით ვიარსებოთ, ნუთუ მ8გვატოვებს ღმერთი, ნუთუ გაგვიმეტებს შიმშილით სიკვდილისთვის, ნუთუ დაიწყო მეორედ მოსვლა. დარდით არ მძინავს.
23:22 / 19-03-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?