"სიცხის დამწევი საშუალებები ახანგრძლივებენ ინფექციური დაავადებების მიმდინარეობას" - ფარმაკოლოგის რეკომენდაციები
ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება, რომ იბუპროფენს კორონავირუსთან საბრძოლველად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. თუმცა, ეს ოფიციალურად არც ერთი წყაროთი არ დასტურდება და ემყარება მხოლოდ რამდენიმე პაციენტის გამოცდილებას. რამ გამოიწვია მსგავსი საკითხის წამოწევა და ამწვავებს თუ არა იბუპროფენი და პარაცეტამოლი კორონავირუსს, თემაზე მარი მალაზონიას გადაცემაში "პირადი ექიმი" ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, ფარმაკოლოგი, პროფესორი დოდო კეზელი საუბრობს:

- ეს კითხვა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც 14 მარტს თქვა, რომ, ზოგადად, ამ ვირუსის
პერიოდში, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მინისტრი სამხრეთ საფრანგეთის ინფექციონისტების მონაცემებს დაეყრდნო, რომლის თანახმადაც, 4 ახალგაზრდა პაციენტის შემთხვევაში, რომლებსაც ეს ვირუსი ჰქონდათ, სხვა მხრივ კი ჯანმრთელები იყვნენ, იბუპროფენის ნაადრევ სტადიაზე გამოყენებამ მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. ფაქტს მაშინვე გამოეხმაურა კლინიკა და აღნიშნეს, რომ ცალკეული შემთხვევების საჯაროდ განხილვა არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, ინფორმაციამ გამოჟონა და თავად ფრანგმა ექიმებმა დაადასტურეს ის, რომ ფაქტი მათთვის ცნობილი 2019 წლიდან იყო, რადგან საფრანგეთის წამლის ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ, რეკომენდაცია გასცა, რომ იბუპროფენის გამოყენება შეზღუდულიყო და ჩანაცვლებულიყო პარაცეტამოლით. მოსაზრება ინგლისის რამდენიმე უნივერსიტეტმა აიტაცა და თქვეს, რომ ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს იბუპროფენის გამოყენება არ არის სასურველი და რომ იბუპროფენის
ანთების საწინააღმდეგო ეფექტი იმუნურ სისტემას აქვეითებს. ინფორმაცია, რომელიც სპეციალისტებისთვისაა, განსხვავებულია და თუ მოსახლეობას ვაწვდით, ზედმეტი შიში რომ არ დავთესოთ, მაშინ ეს ინფორმაცია ბოლომდე უნდა ვთქვათ. ზოგადად, სიცხის დასაწევად გვაქვს ალტერნატივა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და პარაცეტამოლი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს სამი მოქმედება აქვს - ეს არის ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი, პარაცეტამოლს კი მხოლოდ ორი - სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ზოგადად, სწორად და რაციონალურად გამოყენებული წამალი იმ პაციენტებთან, რომლებსაც სჭირდებათ, ასეთ პანიკას არ იწვევს ხოლმე. თუ ინგლისის ორმა უნივერსიტეტმა ეს მოსაზრება აიტაცა, სამაგიეროდ აბსოლუტურად საპირისპირო მონაცემი მოჰყვა ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის ეპიდემიოლოგისაგან, რომელმაც თქვა, რომ ეს იყო ცალკეული შემთხვევები, რომელიც აბსოლუტურ შესწავლას საჭიროებს და მსგავსი დასკვნების გამოტანის საშუალებას არ გვაძლევს. ზოგადად, სიცხის დამწევი საშუალებები ახანგრძლივებენ ინფექციური დაავადებების მიმდინარეობას, იმიტომ, რომ ცხელება ეს არის ის საბრძოლო იარაღი, რომელიც ბუნებამ ბძოლის ველზე მტრის დასამარცხებლად შემოიტანა. უფრო გასაგები რომ იყოს, როდესაც ჩვენ ტემპერატურა ზევით გვეწევა, ერთი გრადუსით აწევა ყველაფრის 12 პროცენტიან მობილიზაციას იწვევს. მათ შორის, ჩვენი იმუნური სისტემა უფრო გაცხოველებულად მოქმედებს. ამიტომ, ზოგადად, გვაქვს რეკომენდაცია, გამონაკლისი პაციენტების გარდა, რომ 38-ზე ზევით და ზოგ შემთხვევაში 38,5-ის ზევით ვაძლევთ სიცხის დამწევ საშალებას. აქ არ შემოდის რამდენიმე კატეგორია, ეს არის კარდიოვასკულარული დაავადებები, ორსულები და ბავშვები.
mshoblebi
პარაცეტამოლიც, რა თქმა უნდა, სწორად უნდა იყოს გამოყენებული. მთავარია, პარაცეტამოლის ორ დოზას შორის 5-საათიანი ინტერვალი იყოს, იმიტომ, რომ რაღაც მარაგების აღდგენას ჩვენს ორგანიზმში 5 საათი სჭირდება და არ უნდა იყოს გადაჭარბებული დოზა. პარაცეტამოლის ეფექტი 2-საათიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღების შემდეგ, 2 საათში ტემპერატურის მატებას კვლავ ექნება ადგილი. აქ ვაშავებთ ხოლმე, რადგან მალევე არ უნდა გავიმეოროთ მიღება. პარაცეტამოლი არ უნდა გამოვიყენოთ 3 დღეზე მეტად. თუ 3 დღეზე მეტად დაგვჭირდა პარაცეტამოლის გამოყენება, ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და ექიმმა ხელახლა უნდა გადახედოს ჩვენს დიაგნოზს იმიტომ, რომ წესით, არ უნდა დაგვჭირდეს 3 დღეზე მეტი.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ტემპერატურული რეაქცია ინფექციური დაავადებების დროს, ეს არის ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი ბრძოლის უნარი. უამრავი ადამიანი გვყავს პოპულაციაში, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგოდ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აქვთ დანიშნული და მათ უნდა გააგრძელონ მიღება, მათზე ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება. დანარჩენ შემთხვევაში, სადაც ტემპერატურის დაქვეითება გვჭირდება, მაინც ფრთხილად ვიყოთ და პარაცეტამოლ-იბუპროფენის კომბინაციის გაკეთება შეგვიძლია, თუმცა, გუშინ მოვიძიე, რომ ჩვენს სააფთიაქო ქსელში იბუპროფენი 9 სხვადასხვა სავაჭრო სახელითაა შემოსული, ამიტომ, პაციენტებს უნდა უთხრან, რომ ის მედიკამენტი იბუპროფენია.
4823
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?