საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასა და მის სამომავლო პროგნოზებზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმედის ეთერში, გადაცემა "კრონიკაში" ისაუბრა. მისი თქმით, საქართევლოში სასმომავლოდ ეპიდსიტუაციის განვითარების რამდენიმე სცენარი არსებობს და ყველაზე უარესის მოლოდინი არ გამართლდა.
„საქართველოში ჩვენი ნაბიჯები იყო საკმაოდ მკაცრი და დროული, ზოგ შემთხვევაში ნაადრევიც კი და სწორედ ამის გამოა, რომ ამ დრომდე არ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემია.
წამყვანის შეკითხვაზე, როგორი ყველაზე პესიმისტური სცენარი, მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა:
„რა თქმა უნდა, არსებობს ყველაზე პესიმისტური სცენარიც, რომელიც სავარაუდოდ, შეიძლება განვითარდეს 4 აპრილის შემდეგ, თუ ვერ მოხდა სიტუაციის სათანადო მართვა. ამ სცენარებზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რამდენი ხნით უნდა შემოღებულიყო საგანგებო მდგომარეობა საქართველოში. გვაქვს ორი ტალღის მოლოდინი, პირველი ტალღის მოლოდინი გვქონდა ამ კვირაში, 4 აპრილამდე, შემდგომი განვითარება კი 4 აპრილიდან აპრილის ბოლომდე.
ჯერჯერობით რაც იკვეთება, ცუდი სცენარის მოლოდინები გაგვიცრუვდა, ამასაც ველოდით, მაგრამ ყოველთვის მაინც ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვემზადებით. სამი სავარაუდო სცენარიდან, ყოველთვის უარესისთვის ვართ მზად. ეს გვაძლევს დღევანდელ ეფექტს, რომ გვყავს 67 ინფიცირებული და აქედან 9 გამოჯანმრთელებული.
4 აპრილამდე ყველაზე ცუდი სცენარით, დაავადებას 3000-4000-ისთვის შეიძლებოდა მიეღწია, ყოფილიყო გარკვეული პიკი, თუმცა ამგვარი მენეჯმენტით და კონტროლით, 4 აპრილამდე პიკის მოლოდინი არ გვაქვს.
მარნეულში მომხდარს რაც შეეხება, ამისთვისაც სასტარტოდ მზად ვიყავით, ვიცოდით, რომ იქაურ მოსახლეობას აქვს მიმოსვლა და ძალიან მჭიდრო დასახლებაა, გვაქვს ალტერნატიული სცენარი და გარკვეული მოლოდინებიც გაგვაჩნია, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მიზნობრივ ტესტირებას ვიწყებთ ამ რეგიონში, იმედი გვაქვს საფრთხის კუპირებას შევძლებთ, ავიღებთ ხელში სიტუაციის კონტროლს, რაც ვითარებიდან კარგი გამოსავალი იქნება“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.