28 მარტს საქართველოში დაფიქსირდა შემაშფოთებელი შემთხვევა, ამ ფაქტის ეპიდემიოლოგებს ყველაზე მეტად ეშინოდათ - კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის პირველწყარო უცნობია. დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ერთ შემთხვევაში პირველწყარო, სავარაუდოდ, დადგინდება, თუმცა დანარჩენი ორის დასნებოვნების წყაროს პოვნა, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება. ეს კი საყურადღებო და საგანგაშოა!
მიმდინარე კვირის განმავლობაში ქვეყანაში პირველი ორსული კორონაინფიცირებული გამოვლინდა, რომელიც მარნეულელი ქალის ნათესავია. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაატა იმნაძის
თქმით, მარნეულის რაიონში კორონავირუსის ფართო გავრცელება არა გვაქვს და ჯერჯერობით ყველა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, მარნეულელ ქალს უკავშირდება.
"კვირის პალიტრის" კითხვებს პასუხობს იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი:
- ასიმპტომური მიმდინარეობით რამდენად ხშირად ვლინდება COVID-19 და როგორ უნდა ამოვიცნოთ?
- რადგან არავითარი კლინიკური ნიშნით არ ვლინდება, ამიტომაც ჰქვია ასიმპტომური ფორმები. ეს განსაზღვრავს ამ დაავადების ასეთ ფართო მასშტაბურ გავრცელებას მსოფლიოში. ასიმპტომური ფორმები სხვადასხვა კვლევის მიხედვით შეიძლება იყოს 18-დან 50%-მდე ადამიანებში. ყველგან სხვადასხვა მონაცემი წერია, ანუ ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც ამ დაავადებას ატარებენ ისე, რომ თავადაც არ იციან.
- ასეთები ხომ შეიძლება ჩვენ შორისაც იყვნენ?
- რასაკვირველია, დიდი ალბათობით შეიძლება. მასობრივი ტესტირება მსოფლიოში - კორეაში და სხვაგან, იმიტომ კეთდება, რომ ასეთი პირები აღმოაჩინონ. ჩვენთან ჯერ არ არის ამდენი ტესტირების შესაძლებლობა, ამიტომ კეთდება იქ, სადაც ახლა ეპიდემიური აფეთქების რისკია, ანუ მარნეულში, სხვაგან კი იმ პაციენტებს უკეთდება, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია და ჰქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულთან, მათ ოჯახთან, მეგობრებთან.
- მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი მინდა განვიხილოთ, რომელზეც აშშ ლაპარაკობს. ითქვა, რომ განკურნებულის სისხლის პლაზმას გამოიყენებენ ინფიცირებულის გამოსაჯანმრთელებლდ. არის ალბათობა, რომ ეს მეთოდი დაინერგოს?
- ამ მეთოდს ჯერ კიდევ ესპანური გრიპის დროს იყენებდნენ. ეს ძველი, საუკუნოვანი მეთოდია. შემდეგში მას ებოლასა და სხვა ინფექციების დროს იყენებდნენ. მდგომარეობა გამოუვალია, როდესაც კაცობრიობასა და მედიცინას არა აქვთ კონკრეტული წამალი ამა თუ იმ გამოწვევასთან დასაპირისპირებლად. ვინც გადაურჩება ინფექციას, ანუ გამოძვრება და იმუნური სისტემა მუდმივად დატოვებს ორგანიზმის მახსოვრობაში ანტისხეულებს, ასეთ პირთა პლაზმა უკვე აღიქმება როგორც წამალი, შრატი. ამიტომ ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პრევენცია მძიმე პაციენტისთვის ან პაციენტისთვის წინასწარი გადასხმით, რათა არ განუვითარდეს დაავადება. ასე რომ, პლაზმის გამოყენება სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის შეიძლება.
მას უკვე იყენებენ ამერიკაში?
- დიახ, ორი დღის წინ აშშ-ის კვებისა და წამლის სააგენტომ გასცა ნებართვა, რომ ეს მეთოდი გამოიყენონ მოსახლეობაში. ჩინეთმაც გაგზავნა უკვე იტალიაში გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლი. "გარდიანმა" დაწერა: "ჩინეთის საჩუქარი იტალიისთვის".