"ხილ-ბოსტნეულის საპნით გარეცხვა საჭირო არ არის" - როგორ უნდა დაამუშაოთ მაღაზიიდან შინ მიტანილი პროდუქტი და როგორი ხსნარი უდა გამოიყენოთ, რომ საკვებს არ შეერიოს - მშობლები

"ხილ-ბოსტნეულის საპნით გარეცხვა საჭირო არ არის" - როგორ უნდა დაამუშაოთ მაღაზიიდან შინ მიტანილი პროდუქტი და როგორი ხსნარი უდა გამოიყენოთ, რომ საკვებს არ შეერიოს

2020-04-06 11:41:18+04:00

პირადი ჰიგიენის დაცვასთან ერთად, აუცილებელია დავამუშაოთ ის პროდუქტები, რომლებიც მაღაზიიდან სახლში მიგვაქვს. საყიდლებისან დაბრუნებულებმა პროდუქტებით სავსე ჩანთები ჯობია ძირს დადოთ, იქედან ნელნელა ამოალაგოთ პროდუქტი, თან დაამუშაოთ და ისე შეინახოთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ მაღაზიიდან შინ მოტანილი პროდუქტის დამუშავებისას და როგორ უნდა მოხდეს გარეთ ნაცვამი ტანსაცმელის დასუფთავება, "სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის" დირექტორის მოადგილე, ქეთევან დადიანი საუბრობს:

- ვიდრე სახლში მიტანილ პროდუქტებზე ვისაუბრებდეთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ მაღაზიაში. დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსის გავრცელება შეიძლება როგორც წვეთოვანი, ასევე კონტაქტური გზით. რაც გულისხმობს იმას, რომ სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში, ვირუსით ინფიცირებული მომხმარებელი შესაძლებელია გახდეს პათოგენით შეფუთული თუ შეუფუთავი სურსათის (მ.შ. პურის) ჯვარედინი დაბინძურების მიზეზი, თუ ის არ იცავს ჰიგიენის სათანადო წესებს. მომხმარებელი ზედმეტად არ უნდა შეხოს არც შეფუთულ პროდუქტებს და თუ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ეტიკეტზე განთავსებული დამატებითი ინფორმაციის მიღება, თხოვოს დახმარება კონსულტანტს. ხელთათმანის გამოყენება არ არის ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების გარანტია. ჩვენ შეიძლება გვიკეთია ხელთათმანი, მაგრამ თუ ამ ხელთათმანით ვეხებით უმ და მზა პროდუქციას, მაგალითად ბოსტნეულს, შემდეგ კი ისეთ მზა ნაწარმს, რომელიც შეუფუთავია, ეს ნიშნავს რომ პოტენციურად ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მათ ზედაპირზე ვირუსის არსებობის შემთხვევაში, მისი ერთი ზედაპირიდან მეორეზე გადატანის მიზეზი. მე მაოცებს ზოგიერთი მომხმარებლის თვისება, რომ მივიდეს მაღაზიაში და, სიახლის შემოწმების მიზნით, ყველა პურს დაადოს თითი. შეუფთავ პროდუქციასთან მსგავსი ქმედება საერთოდ არ შეიძლება. ჩემი რეკომენდაცია მომხმარებლის მიმართ ასეთია: დაუშვებელია სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში, პურის ან სხვა სურსათის შერჩევის მიზნით მასთან ხელებით შეხება. პროდუქტის შერჩევა მომხმარებელმა სასურველია განახორციელოს ვიზულური დაკვირვებით და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ აიღოს ის და განათავსოს სამომხმარებლო კალათასა თუ პარკში. ხშირად მინახავს, რომ მომხმარებლები შერჩევისას რამდენჯერმე ეხებიან პროდუქტს, ხან დაბლა უვარდებათ და თაროზე უკან აბრუნებენ ისე, რომ თავად სხვას იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ სარეალიზაციო ობიექტები ზრუნავენ იატაკის სისუფთავზე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა, რომ ქუჩა, საიდანაც ჩვენ მაღაზიაში შევდივართ ძალიან დაბინძურებულია და განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მხრივ ვამახვილებ ზოგიერთი მამაკაცის ისეთ მავნე და არაეთიკურ ჩვევაზე, როგორიცაა "გადაფურთხება". მით უმეტეს, საშიშია დაავადებული ადამიანის ნერწყვით ფეხსაცმლის ლანჩის დაბინძურება და იმავე ფეხსაცმლით შესვლა მაღაზიაში. ჩვენ ამ შემთხვევაში შეიძლება გავხდეთ იმ იატაკის უნებური დაბინძურების მიზეზი, რომელზეც პროდუქტი ვარდება და შემდეგ ჩვენ ასეთ პროდუქტს შეიძლება ხელით შევეხოთ, ეს გადაცემის კიდევ ერთი მექანიზმია. აქედან გამომდინარე, სახლში მიტანისას, აბსოლუტურად ყველა შეფუთული პროდუქტი უნდა გაიწმინდოს სპირტის შემცველი ხსნარით და შემდეგ მოხდეს მათი განთავსება თაროებსა თუ მაცივარში. იმიტომ, რომ არ ვიცით, ვინ შეეხო გარედან მათ.

-როგორ უნდა მოვიქცეთ ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში, როდესაც შეუფუთავი სახით ვყიდულობთ და უნდა გაირეცხოს თუ არა საპნით მსგავსი პროდუქტი?

-ხილი და ბოსტნეული აუცილებლად უნდა გარეცხოთ თბილ, გამდინარე წყალში, რადგან თბილი წყალი ვირუსს მოაშორებს. არ არის საჭირო საპნით გარეცხვა, საკმარისია, რომ თბილი წყლით საგულდაგულოდ გარეცხოთ. ეს ასევე ეხება ყველა იმ პროდუქტს, რომლის გარეცხვაც შესაძლებელია. მე როდესაც მუყაოს კოლოფში ჩასხმულ რძეს ვყიდულობ, იმასაც კი ვრეცხავ თბილი წყლით.

-ბოთლებიც უნდა გავრეცხოთ?

-მე ნებისმიერ ბოთლს ვრეცხავ, რადგან, როგორც აღვნიშნე, არ ვიცით, მას ვინ მოკიდა ხელი. კორონავირუსის ახალი ტიპის SARS-CoV-2 პირველადმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, მან შეიძლება შეინარჩუნოს ინფექციურობა აეროზოლის სახით 3 საათის

განმავლობაში, სპილენძის ზედაპირზე 4 საათის განმავლობაში და მუყაოს ზედაპირზე 24 საათის განმავლობაში, ხოლო უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე და პლასტიკის ზედაპირზე მათი მნიშვნელოვანი დაბინძურების შემთხვევაში – 2–3 დღე. რისკ–ჯგუფში მყოფმა ფონური დაავადებებით დაავადებულმა ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ საკვებში თერმულად დაუმუშავებელი თევზისა და ხორცპროდუქტების გამოყენებისგან.

- შეფუთული სურსათის დასუფთავებისას, როგორ უნდა მოვიქცეთ სწორად, რომ სადეზინფექციო საშუალებები პროდუქტებსაც არ მოხვდეს?

-რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ ქიმიური ნივთიერებები დიფუზიის გზით მოხვდეს პროდუქტში, ამიტომ, ყველაზე კარგია, თუ დასასუფთავებლად წყალში განზავებულ სპირტს გამოვიყენებთ.

-რა უნდა გავითვალისწინოთ ტანსაცმლის დამუშავებისას, როდესაც გარედან შინ ვბრუნდებით?

-სახლში რომ შეხვალთ, ხელთათათმანებით ჯერ გაიხადეთ ფეხსაცმელები, შემდეგ უნდა მოიხსნათ ხელთათმანები და გადააგდოთ. მერე მოიხსნათ პირბადე და ბოლოს გაიხადოთ ტანსაცმელი. გარეცხვისას, ცნობილია, რომ ვირუსი ნადგურდება, დაახლოებით, 60 გრადუს ცელსიუსზე, ნახევარი საათის განმავლობაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, რომ იმ ადამიანების თეთრეული, რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები, 90 გრადუსზე უნდა გაირეცხოს. ქურთუკს ყოველ დღე ვერ გავრეცხავთ, ამიტომ, მისთვის სპეციალურად უნდა იყოს გამოყოფილი იზოლირებული სივრცე და იქ მოვათავსოთ. თუ ეჭვი გაქვთ, რომ ვინმემ თქვენს მახლობლად დააცემინა ან დაახველა და ნაწილაკები შესაძლოა გადმოსულიყო ქურთუკზეც, მაშინ აუცილებელია მისი დამუშავებაც.

თამარ იაკობაშვილი