ჭიები, საშარდე გზების დაავადებები თუ... - რაზე მიანიშნებს თვალის უპეების ჩაშავება
ჭიები, საშარდე გზების დაავადებები თუ... - რაზე მიანიშნებს თვალის უპეების ჩაშავება

რა იწვევს ქვედა ქუთუთოების ჩამუქებას და როგორ ვებრძოლოთ მას


თავიდანვე გეტყვით - ჩამუქებული ქვედა ქუთუთოები ხშირად გენეტიკური განწყობითაა გამოწვეული. ამიტომ, სანამ პანიკას ატეხთ და ექიმთან გაიქცევით, ჯერ სარკეში საკუთარი ქუთუთოები შეამოწმეთ.
მეორე მიზეზი ბავშვის თხელი კანი და მისი სიახლოვეა სისხლძარღვებთან. ვერც ამ მოვლენას ვერაფრით უშველით. თქვენი პატარა ასეთია და მორჩა.
ახლა პათოლოგიას მივხედოთ და თვალების ქვემოთ სიშავის უხშირესი მიზეზები განვიხილოთ.
  • თუ თქვენი პატარა დღის დიდ ნაწილს ეკრანთან ატარებს, თვალების ირგვლივ მუქი წრეების მიზეზს სხვაგან ძებნას ნუ დაუწყებთ.
  • თუ ბავშვი სისტემატურად იძინებს
    გვიან, დღის მანძილზე თვალების ირგვლივ მუქი წრეები და დაღლილი სახე აუცილებელად მიიქცევს ყურადღებას.
  • მოუწესრიგებელი, არაბალანსირებული კვება, საკვებში ვიტამინების და მინერალების დეფიციტი ასევე შესაძლოა გახდეს თვალების ირგვლივ შავი წრეების მიზეზი.
  • არ გამოგრჩეთ ტრავმები - ბავშვები ხანდახან ტრავმას არ ამხელენ. თვალებს ქვემოთ საეჭვო სიწითლე ან სილურჯე შესაძლოა ტრავმაზე მიგვითითებდეს.
  • თვალების ირგვლივ მუქი წრეები შესაძლებელია რკინადეფიციტური ანემიით იყოს გამოწვეული. ამ დროს ბავშვს დაღლილი სახე, მკრთალი კანი და ჩამუქებული ქვედა ქუთუთოები აქვს.
  • ასეთივე ცვლილებების გამოწვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილ და შეძენილ დაავადებებს შეუძლია.
  • ორგანიზმის ნებისმიერმა მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს ქვედა ქუთუთოების ჩამუქება. ეს შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებება ან სულაც ვირუსების ან ბაქტერიების შხამები. ალბათ შენიშნავდით, ნებისმიერი ინფექციური ავადმყოფობის დროს პატარას სახე დაღლილი, ფერდაკარგული აქვს,
    თვალებს ირგვლივ კი მუქი წრეები ვლინდება.
  • ჭიით ინვაზია - თუ პატარას ჭიები ჰყავს, მათი ცხოველქმედების პროდუქტების ტოქსიკურობის გამო ბავშვს სხვა მოვლენებთან ერთად თვალების უპეების სიშავეც უჩნდება.
  • ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობისას შესაძლებელია თავბრუსხვევასთან, გულისცემის პერიოდულ აჩქარებასთან, ოფლიანობასთან და ძილის დარღვევებთან ერთად თვალების ჩამუქებაც შენიშნოთ.
  • თვალების ირგვლივ შეშუპება და მუქი წრეები შესაძლოა საშარდე გზების დაავადებაზე მიუთითებდეს, ხოლო შეშუპება და სიწითლე ალერგიულ დაავადებებს ახასიათებს.
  • ქვედა ქუთუთოების ჩამუქება შესაძლოა ადენოიდების გადიდების, ქრონიკული ტონზილიტის ან სინუსიტების დროს (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) შენიშნოთ.
  • ნებისმიერი მწვავე დაავადება, სასუნთქი გზების სულ უბრალო ინფექციაც კი, განსაკუთრებით, თუ მას ცხელებაც ახლავს, შესალებელია თვალების ჩამუქების მიზეზი გახდეს. ეს მდგომარეობა გამოჯანმრთელებიდან სულ რამდენიმე დღეში გაივლის.
  • თვალის უპეების მკვეთრი გამუქება და თვალების ჩავარდნა შესაძლოა ნაწლავთა აშლილობით იყოს გამოწვეული, ღებინების ან დიარეის დროს, როცა ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყალი და ელექტროლიტები იკარგება, გაუწყლოება ვითარდება, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება ქუთუთოების ჩამუქება და თვალების ჩავარდნაა.
ახლა კი, როცა მიზეზები როცა იცით, ებრძოლეთ მუქ წრეებს თვალების გარშემო.

პირველ რიგში:

  • მოაწესრიგეთ ბავშვის ძილი; ძილის წინ გაანიავეთ მისი საძინებელი ოთახი. ბავშვის საძინებელში არ უნდა იყოს კომპიუტერი და ტელევიზორი.
  • დაეხმარეთ დროის სწორად განაწილებაში.
  • შემცირეთ საეკრანო დრო.
  • გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა სუფთა ჰაერზე, იქ, სადაც ბევრი ჟანგბადია - ქალაქგარეთ ან რეკარეაციულ ზონებში.
  • შეარჩიეთ ბავშვთან ერთად სპორტის ისეთი სახეობა, რომელიც მას განსაკუთრებულად მოსწონს.
  • მაქსიმალურად შეეცადეთ, ბავშვის საკვებ რაციონში შეზღუდოთ სწრაფი კვების პროდუქტები, გაზიანი ტკბილი და ენერგეტიკული სასმელებები.
  • უპირატესობა ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს, ბურღულეულს, ხორცეულს, რძის პროდუქტებს მიანიჭეთ, რომელთა განაწილება საკვებ რაციონში ბალანსირებულად უნდა მოხდეს.
  • თუ თვალებს ქვემოთ შეშუპება ან სიმუქე ხანგრძლივად გრძელდება, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს ქრონიკული დაავადებების, ინფექციების, ჭიით ინვაზიის, ანემიის გამოსარიცხად.
დაბოლოს, თუ თავად გაიღვიძეთ დილას ჩამუქებული თვალებით ან თქვენს მოზარდ გოგონას მნიშვნელოვანი დღის წინ ძალიან აწუხებს ეს ცვლილება სახეზე, ყინულის კუბიკები დაიხმარეთ. მათი 5-10 წუთის მანძილზე დადება თვალებს ქვემოთ მნიშვნელოვნად ახალისებს კანს და ამცირებს მუქ წრეებს. ასეთივე თვისება უმი კარტოფილის ან კიტრის ნაჭრებსაც აქვთ.

პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე
4215
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები