თავიდანვე გეტყვით - ჩამუქებული ქვედა ქუთუთოები ხშირად გენეტიკური განწყობითაა გამოწვეული. ამიტომ, სანამ პანიკას ატეხთ და ექიმთან გაიქცევით, ჯერ სარკეში საკუთარი ქუთუთოები შეამოწმეთ.
მეორე მიზეზი ბავშვის თხელი კანი და მისი სიახლოვეა სისხლძარღვებთან. ვერც ამ მოვლენას ვერაფრით უშველით. თქვენი პატარა ასეთია და მორჩა.
ახლა პათოლოგიას მივხედოთ და თვალების ქვემოთ სიშავის უხშირესი მიზეზები განვიხილოთ.
თუ თქვენი პატარა დღის დიდ ნაწილს ეკრანთან ატარებს, თვალების ირგვლივ მუქი წრეების მიზეზს სხვაგან ძებნას ნუ დაუწყებთ. თუ ბავშვი სისტემატურად იძინებს გვიან, დღის მანძილზე თვალების ირგვლივ მუქი წრეები და დაღლილი სახე აუცილებელად მიიქცევს ყურადღებას. მოუწესრიგებელი, არაბალანსირებული კვება, საკვებში ვიტამინების და მინერალების დეფიციტი ასევე შესაძლოა გახდეს თვალების ირგვლივ შავი წრეების მიზეზი. არ გამოგრჩეთ ტრავმები - ბავშვები ხანდახან ტრავმას არ ამხელენ. თვალებს ქვემოთ საეჭვო სიწითლე ან სილურჯე შესაძლოა ტრავმაზე მიგვითითებდეს. თვალების ირგვლივ მუქი წრეები შესაძლებელია რკინადეფიციტური ანემიით იყოს გამოწვეული. ამ დროს ბავშვს დაღლილი სახე, მკრთალი კანი და ჩამუქებული ქვედა ქუთუთოები აქვს. ასეთივე ცვლილებების გამოწვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილ და შეძენილ დაავადებებს შეუძლია. ორგანიზმის ნებისმიერმა მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს ქვედა ქუთუთოების ჩამუქება. ეს შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებება ან სულაც ვირუსების ან ბაქტერიების შხამები. ალბათ შენიშნავდით, ნებისმიერი ინფექციური ავადმყოფობის დროს პატარას სახე დაღლილი, ფერდაკარგული აქვს, თვალებს ირგვლივ კი მუქი წრეები ვლინდება. ჭიით ინვაზია - თუ პატარას ჭიები ჰყავს, მათი ცხოველქმედების პროდუქტების ტოქსიკურობის გამო ბავშვს სხვა მოვლენებთან ერთად თვალების უპეების სიშავეც უჩნდება. ვეგეტატიური ნერვული სისტემის აშლილობისას შესაძლებელია თავბრუსხვევასთან, გულისცემის პერიოდულ აჩქარებასთან, ოფლიანობასთან და ძილის დარღვევებთან ერთად თვალების ჩამუქებაც შენიშნოთ. თვალების ირგვლივ შეშუპება და მუქი წრეები შესაძლოა საშარდე გზების დაავადებაზე მიუთითებდეს, ხოლო შეშუპება და სიწითლე ალერგიულ დაავადებებს ახასიათებს. ქვედა ქუთუთოების ჩამუქება შესაძლოა ადენოიდების გადიდების, ქრონიკული ტონზილიტის ან სინუსიტების დროს (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) შენიშნოთ. ნებისმიერი მწვავე დაავადება, სასუნთქი გზების სულ უბრალო ინფექციაც კი, განსაკუთრებით, თუ მას ცხელებაც ახლავს, შესალებელია თვალების ჩამუქების მიზეზი გახდეს. ეს მდგომარეობა გამოჯანმრთელებიდან სულ რამდენიმე დღეში გაივლის. თვალის უპეების მკვეთრი გამუქება და თვალების ჩავარდნა შესაძლოა ნაწლავთა აშლილობით იყოს გამოწვეული, ღებინების ან დიარეის დროს, როცა ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყალი და ელექტროლიტები იკარგება, გაუწყლოება ვითარდება, რომლის ერთ-ერთი გამოვლინება ქუთუთოების ჩამუქება და თვალების ჩავარდნაა. ახლა კი, როცა მიზეზები როცა იცით, ებრძოლეთ მუქ წრეებს თვალების გარშემო.
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე