ერთი წუთით შეჩერდი, სანამ სახლის კარს გააღებ.
შენ გთხოვეს, უბრალოდ გაიგო და დარჩე სახლში, რადგან ცოტა ხანში სიტუაცია შესაძლოა, უმართავი გახდეს.
გამოვლენილ ავადმყოფთა გარდა, სავარაუდოდ, ბევრია უსიმპტომო ინფიცირებული, რომელთა ორგანიზმი უშურველად აზიარებს ვირუსს შინ და გარეთ. ქვეყანაში მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც კარანტინის დაუცველობის პირობებში გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება დაავადება, მით მეტი იქნება კარანტინის კიდევ უფრო გახანგრძლივების ალბათობა, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და თითოეული ჩვენგანის მდგომარეობაზე. სეირნობის და სხვა ადამიანებთან კონტაქტის შემდეგ შემდეგ შენ, შესაძლოა, ინფექცია მიუტანო მოხუც მშობლებსა და ბებია-ბაბუებს, რომელთა იმუნიტეტს ძალიან გაუჭირდება, გაუმკლავდეს ამ საშიშ ვირუსს და შენ ეს ძალიან ძვირფასი ადამიანები შეიძლება დაკარგო. შესაძლოა, დასნებოვნო ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფები, ასეთი კი ქვეყანაში ბევრია, მათ შორის, შენს ოჯახსა და საახლობლოში. გაიხსენე, რამდენს აქვს ირგვლივ მაღალი წნევა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნური დაავადებები, ბრონქული ასთმა. შესაძლოა, ქვეყანას არ დარჩეს ეპიდემიოლოგები, რომლებიც ახლა კარდაკარ დადიან, ინფიცირებულთა კონტაქტებს არკვევენ და სიცხეს გიზომავენ. მათი ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია. შესაძლოა, სწრაფად ამოიწუროს თავისუფალი საწოლების რაოდენობა ჰოსპიტლებში, საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა და არავის უფიქრია 21-ე საუკუნეში ასეთი პანდემიის შესაძლობელობაზე. შესაძლოა, არ გვეყოს სასუნთქი აპარატები. გაიხსენეთ, რომ კოვიდის გარდა ისევ არსებობს სხვა მძიმე დაავადებები და მდგომარეობები, რომელთა დროს გადაუდებელი დახმარება კრიტიკულად აუცილებელია. ეს დაავადებები კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად არსად გამქრალა. ქვეყანას არ ჰყავს დიდი რაოდენობით რეანიმატოლოგი. ეს მძიმე საექიმო პროფესიაა. ბევრ პაციენტთან ურთიერთობისას ისინი შესაძლოა დაინფიცირდნენ და მათი მოვალეობის შესრულება სხვა სპეციალობის ექიმებს იძულებით მოუწიოთ. ისინი კი ვერაფრით გააკეთებენ იმას, რაც გამოცდილ რეანიმატოლოგებს შეუძლიათ. შენ შეიძლება სასიკვდილოდ დააინფიცირო შენი ექიმები, რომელთა მზეს იფიცებ ახლა, ამ საშიშ დღეებში და გარდა იმისა, რომ მათ გაწირავ სასიკვდილოდ, თავად დარჩები კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე და გაზრდი სიკვდილის რისკს შენი თავის, ოჯახის წევრების, მათ შორის შენი შვილებისათვის. მაშ, დარჩი სახლში საკუთარი თავისათვის, შენი მოხუცი მშობლების, ბებია-ბაბუების და ავადმყოფი ახლობლებისათვის, დარჩი შენი პატარა შვილებისათვის, დარჩი სახლში შენი ექიმებისათვის, შენი ქვეყნისთვის. ღვთის გულისათვისაც დარჩი სახლში!
პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე