როდის იზრდება კანიდან მიკრობების შეჭრის რისკი და რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ხელების დეზინფექციის შემდეგ - დერმატო-ვენეროლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
როდის იზრდება კანიდან მიკრობების შეჭრის რისკი და რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად ხელების დეზინფექციის შემდეგ - დერმატო-ვენეროლოგის პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე
კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ხერხად ხელების ხშირი დაბანა და ანტიბაქტერიული სითხეების გამოყენება ითვლება. თუმცა, კონკრეტულმა ღონისძიებებმა შესაძლოა კანის გამოშრობა გამოიწვიოს. ასევე საყურადღებოა, როგორი ტიპის საშუალებების არჩევა ჯობს... რა უნდა გავაკეთოთ, რომ პრობლემები თავიდან ავირიდოთ, როგორი ტიპის საპნების გამოყენებაა რეკომენდებული და რა მნიშვნელობა აქვს კანის დატენიანებას, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე დერმატო-ვენეროლოგი, თსსუ-ის დოქტორანტი, FIFA-ს სერტიფიცირებული სპორტული ექიმი ზაზა თელია გვესაუბრება:

- დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ადამიანები ძალიან ხშირად იბანენ ხელებს, იყენებენ ხელთათმანებს და სადეზინფექციო ხსნარებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჰიგიენის წესები
დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდ 19-თან საბრძოლველად. თუმცა, ამის პარალელურად შესაძლოა მივიღოთ სხვა პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, ხელის კანის სიმშრალე, რასაც ხშირი დაბანა, სადეზინფექციო სითხისა და ხელთათმანების გამოყენება იწვევს. კანი სითხეს აორთქლების ხარჯზე კარგავს, შრება, შემდეგ შეიძლება განვითარდეს ნახეთქები და ამან გამოიწვიოს ძლიერი ქავილი, წვა, ტკივილის შეგრძნება. ასევე, იმატებს კანის ინფექციის განვითარების რისკები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე რჩევის გათვალისწინება: პირველი, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში უნდა დავიბანოთ. თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელების დაბანა რეკომენდებულია არა ცხელი, არამედ
თბილი წყლით, კერძოდ, 38 გრადუსამდე ტემპერატურით. თბილი წყალი სრულიად საკმარისია, რომ ხელს მიკრობები მოაშოროს. შემდეგ, ხელების შემშრალება სუფთა პირსახოცით უნდა მოხდეს, მაგრამ ისე უნდა შეიმშრალოთ, რომ ხელი ოდნავ ტენიანი დარჩეს. შემშრალების შემდეგ, 1 წუთის განმავლობაში, დამატენიანებელი საშუალებებით უნდა მოხდეს ხელის დატენიანება. დაახლოებით, ბარდის ზომის დამატენიანებელი კრემი, მალამო, ლოსიონი ჩვენი ხელის მტევნების დასატენიანებლად სრულიად საკმარისია. ასევე, დატენიანება არა მხოლოდ ხელის მტევნების კანს, არამედ თითებს, თითის წვერებსა და ფრჩხილებსაც სჭირდება. ზოგადად, ყველაზე ეფექტურ დამატენიანებელ საშუალებად თეთრი ვაზელინი ითვლება, რომელიც კანს გამოშრობისგან კარგად იცავს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ გამოიყენოთ ისეთი დამატენიანებელი საშუალება, რომელიც პარფიუმის, საღებავებისა და სუნამოს შემცველობის გარეშეა. გარდა ამისა, ძალიან ეფექტურია მინერალური ზეთი. უნდა გვახსოვდეს, რომ ხელის დატენიანება არა მხოლოდ დაბანის, არამედ სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემდეგაც გვჭირდება. მოგეხსენებათ, სადეზინფექციო ხსნარი მინიმუმ 60 პროცენტ ალკოჰოლს უნდა შეიცავდეს, რომ ვირუსის გასანეიტრალებლად ეფექტური იყოს. 60-პროცენტიანი შემცველობის სადეზინფექციო ხსნარი უფრო მეტად აშრობს კანს, ამიტომ, კიდევე ერთხელ ვიტყვი, რომ მისი გამოყენების შემდეგ, ხელების დატენიანება გვჭირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ხელთათმანების გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუმცა, ადამიანები ახლა მაინც ხშირად იყენებენ და ეს პრობლემაა, რადგან ხელთათმანების შიგნით კანის ჩაორთქვლა ხდება, შემდეგ კი ჩაორთქლილი კანი სპონტანურად შრება. მშრალი კანის შემთხვევაში მიკრობების ათვისების რისკი იზრდება, ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ხელების დაბანა, ასევე, მისი დატენიანებაც.

- როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კანი ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო გამომშრალია?

- ძალიან მარტივია ამის დადგენა, ვიზუალურად უნდა მოხდეს ხელის მტევნების შეფასება, შესაძლებელია სტრუქტურა იყოს შეცვლილი, კანი - უფრო გაუხეშებული, ასევე შესაძლებელია განვითარდეს სსხვადასხვა ტიპის გამონაყარი და ნახეთქები. ადამიანი შეიძლება შეაწუხოს წვამ, ტკივილმა, ქავილმა და ასე შემდეგ. თუ ეს ნიშნები შეინიშნება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი კანი გამომშრალია და რეკომენდებულია დამატენიანებლების გამოყენება ხელის ყოველი დაბანისა და სადეზინფექციო ხსნარის მოხმარების შემდეგ. თუ უფრო რთული პროცესია, მაშინ უნდა მიმართონ დერმატოლოგს.

- აღნიშნეთ, რომ ხელთათმანების გამოყენება არ არის რეკომენდებული, მაგრამ მაღაზიებში ხშრად იყენებენ როგორც მომხმარებლები, ასევე იქ მომუშავე მოლარეები და კონსულტანტები. რა უნდა გავითვალისწინოთ ხელთათმანის მოხსნის შემდეგ?

- ხელთათმანების მოხსნის შემდეგ სწრაფად უნდა დაიბანოთ ხელები თბილი წყლით და შემდეგ დაიტენიანოთ. ხელთათმანების მოხსნის შემდგომ, დაბანის გარეშე, დატენიანება არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, ხელთათმანების პირობებში კანის ჩაორთქვლა ხდება. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, მაღაზიაში სადეზინფექციო ხსნარების განთავსება. ხელთათმანების გამოყენების გარეშე, ნივთებზე ხელის ყოველი შეხებისას, მომხდარიყო ხელის დამუშავება როგორც მყიდველების მხრიდან, ასევე მაღაზიის პერსონალისგან.

- ბავშვების შემთხვევაშიც იმავე პერიოდულობით შეიძლება დავუმუშაოთ ხელი სადეზინფექციო ხსნარით ან საპნით, როგორც ზრდასრულების?

- ზუსტად ისევე უნდა მოხდეს ბავშვის ხელების დაბანა, როგორც დიდების შემთხვევაში. აქ შესაძლოა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის კანი უფრო მიდრეკილია სიმშრალისკენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ხელის დასაბანად გამოვიყენოთ ბავშვის ხაზის სპეციალური საპნები, რომლებიც პარფიუმის გარეშეა და ბაზარზე იყიდება. დაბანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ხელის დატენიანება. სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებისას იგივე რეკომენდაციაა ბავშვების შემთხვევაშიც. მისი გამოყენების შემდეგ, როდესაც ხსნარი კანზე შეშრება, აუცილებლად უნდა მოხდეს დატენიანება.

- ადრე იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ანტიბაქტერიული საპნები მავნეა. სინამდვილეში, რამდენად საჭიროა, რომ ანტიბაქტერიული საპნები გამოვიყენოთ და არის თუ არა განსხვავებული ჩვეულებრივი საპნებისგან?

- ანტიბაქტერიული საპნების მავნებლობა მითია და სამეცნიერო მტკიცებულებებით არ დგინდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა მაინცდამაინც ანტიბაქტერიული საპნები უნდა გამოიყენონ. არაანტიბაქტერიული საპნების გამოყენებაც ძალიან ეფექტურია და კარგად იცავს ადამიანის კანს მიკრობებისგან. ბავშვებში უფრო მეტად რეკომენდებულია არაანტიბაქტერიული საპნების გამოყენება. რადგან, როგორც აღვნიშნე, მათი კანი უფრო მიდრეკილია სიმშრალისკენ და ანტიბაქტერიულმა საპონმა, რომელშიც შესაძლოა ალკოჰოლიც შედიოდეს, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამოაშროს კანი.

- კანის გაუხეშებას, სიწითლეს, აქერცვლას ბევრი არ მიიჩნევს სერიოზულ პრობლემად. სინამდვილეში, რამდენად საჭიროა ამ დროს ექიმთან მიმართვა და უმეტესად რისი ბრალია ხოლმე ასეთი სიმპტომები?

- რა თქმა უნდა, უფრო მიზანშეწონილია პრობლემის დასაწყისშივე მოხდეს ადეკვატური რეკომენდაციების გაცემა და პაციენტებმა მიმართონ ექიმს. რადგან, შესაძლოა ნებისმიერმა კანის დაზიანებამ, სიწითლემ, ნახეთქებმა და გამონაყარმა შემდეგ გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა კანის ინფექციები. ამიტომ, რაც უფრო მალე მიმართავს ადამიანი ექიმს, მით უფრო ადვილი იქნება პრობლემის მოგვარება.

mshoblebi

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, როდის უნდა მიმართოს ალერგოლოგს და როდის დერმატოლოგს?

- კანზე არსებული ნებისმიერი პრობლემა დერმატოლოგიური პროფილისაა, თუმცა რეალობაში ისეც ხდება ხოლმე, რომ პაციენტები მსგავსი პრობლემების გამო ალერგოლოგებსაც მიმართავენ ხოლმე. ზოგადად, კანის სიმშრალე, კანზე გამონაყარი, მათ შორის, ალერგიული პრობლემებიც, მაგალითად, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი და ასე შემდეგ, დერმატოლოგიური პროფილის პრობლემაა და მას უნდა მიმართონ პაციენტებმა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პრობლემების მართვა ალერგოლოგსაც შეუძლია.

- ძირითადად რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე მშობლები?

- ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას. იყენებენ სხვადასხვა მალამოს, მათ შორის, ხშირად ხდება ხოლმე ჩემს პირად პრაქტიკაში სტეროიდული, ჰორმონალური ადგილობრივი საშუალებების გამოყენება, რომლებსაც ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. პაციენტებმა, თუ რეკომენდაცია არ აქვთ მიცემული, არ იციან სწორად როგორ უნდა გამოიყენონ ისინი. აქედან გამომდინარე, ყველაზე ხშირი შეცდომა თვითმკურნალობაა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

- ტანის ღრუბელი, რომელსაც ბანაობისას ვიყენებთ, ჯობს რომ უფრო რბილი იყოს თუ უხეში, ასევე როგორ უნდა შევარჩიოთ ის სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის და რამდენ ხანში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ?

- ბავშვების შემთხვევაში რეკომენდებულია რბილი, არახაოიანი ზედაპირის ღრუბლის გამოყენება. მსგავსი რეკომენდაციაა მოზრდილებისა და ზრდასრულების შემთხვევაშიც. ღრუბლის გამოცვლა კი ინდივიდუალურ დაკვირვებას საჭიროებს. პირველ რიგში, ვიზუალურად უნდა მოხდეს მისი შეფასება. თუ ვამჩნევთ, რომ ის უკვე დაძველდა და გამოსაცვლელია, უნდა შევცვალოთ. თუ არა, შესაძლებელია წელიწადში ორჯერ გამოიცვალოს.

- რომელია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემა?

- ბავშვებში ყველაზე ხშირად გავრცელებულ პრობლემებს შორის, მე პირველ ადგილზე ატოპიურ დერმატიტს დავაყენებდი, რომელიც კანის სიმშრალითაა განპირობებული. მეორე ადგილზე კი ვირუსული ინფექციებით განპირობებული გამონაყარია, რომელიც ხშირად ეშლებათ ხოლმე და ვირუსული ტიპის გამონაყარს ალერგიულ რეაქციას მიაწერენ ხოლმე, რის შედეგადაც არასწორი მკურნალობა ინიშნება. სინამდვილეში, ეს ვირუსული ეგზანთემაა, უსაფრთხოა და გარკვეული დროის შემდეგ თავისით, მკურნალობის გარეშე, გაივლის.

- ხშირია კანის პრობლემები ჩვილებში, რაც დაკავშირებულია საფენებთან და მოვლის საშუალებებთან. რა შეგიძლიათ ურჩიოთ ჩვილების მშობლებს, როგორ უნდა შეარჩიონ სწორად ეს საშუალებები და რა უნდა გააკეთონ, რომ არ გაუღიზიანდეს ბავშვს კანი?

- ამას საფენის დერმატიტი ჰქვია, რაც ძალიან ხშირად გვხვება ხოლმე ჩვილებში. საფენის დერმატიტი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვიოს. მათ შორის, კანის სიმშრალემ, ალერგიულმა კონტაქტურმა დერმატიტმა და სოკოვანმა და ბაქტერიულმა ინფექციებმა. ამიტომ, არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია: პირველი, ეს არის მსუბუქი, ნაზი ქსოვილით დაფარული, მაღალი ხარისხის საფენისა და საფენის ქვეშ წასასმელი კრემის გამოყენება, რომელშიც თუთიის ოქსიდი უნდა შედიოდეს. თუთიის ოქსიდი არის ნივთიერება, რომელიც კანს ჩახურებისა და სხვადასხვა გამონაყარის განვითარებისგან იცავს. ასევე, მიზანშეწონილია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდეს საფენის ცვლა. საფენის ცვლებს შორის აუცილებელია ბავშვის გენიტალიების თბილი წყლითა და საპნით დაბანა და შემდეგ უნდა მოხდეს ახალი საფენის გამოყენება. მალამო, რომელიც თუთიის ოქსიდს შეიცავს, სქლად უნდა წაუსვათ. ასევე, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან საფენის ქვეშ ხშირად გვხვდება კანის ინფექცია. მას შეიძლება თან ერთვოდეს ტემპერატურის მომატება, ბუშტებისა და ჩირქოვანი ელემენტების გაჩენა. თუ რეკომენდაციების დაცვის პარალელურად, გამონაყარის ხარისხი უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სპეციალისტს.

- კანი განსაკუთრებით მიზეზდება გარდატეხის პერიოდში. ამ დროს რა უნდა გაითვალისწინონ თინეიჯერებმა?

- ყველაზე აქტუალური პრობლემა აკნეა, რაც ხშირად გარდატეხის ასაკში იწყება ხოლმე. რამდენიმე რჩევა შეიძლება მივცეთ პაციენტებს: პირველი, არ არის რეკომენდებული თვითმკურნალობა, არ უნდა იყოს გამოყენებული გაუგებარი წარმოშობისა და ანოტაციის მქონე პრეპარატები, მათ შორის ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე რეცეპტის გარეშე გასაცემი პრეპარატებით თვითმკურნალობა. სხვადასხვა დასამზადებელი და კოსმეტიკური პრეპარატის გამოყენება, კოსმეტიკური პროცედურები, სკრაბის გამოყენება და ასე შემდეგ - ეს ყველაფერი, პოტენციურად სახიფათოა, რამაც შესაძლოა, პირიქით, გააუარესოს გამონაყარი და უფრო მძიმე ფორმის აკნე მივიღოთ, რომლის მკურნალობა შემდგომ კიდევ უფრო გაჭირდება. აქედან გამომდინარე, აკნეს შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს დერმატოლოგს და დაინიშნოს რეკომენდებული, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სწორი მკურნალობა.

- ცოტა რამ თქვენზეც მოგვიყევით, რამდენი ხანია, დერმატოლოგი ხართ, რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება და ხომ არ იქონია მამის ფაქტორმა თქვენს არჩევანზე გავლენა (ბატონი ზაზას მამა დავით თელია ყველასთვის ცნობილი ექიმია - ავტ.)?

- უკვე მეექვსე წელია ვმუშაობ, როგორც კლინიცისტი ექიმი. რა თქმა უნდა, მამის რჩევა-რეკომენდაცია იყო, რომ არჩევანი ამ პროფილზე გამეკეთებინა. დერმატოლოგია ერთ-ერთ ყველაზე რთულ დარგად ითვლება მედიცინაში, რადგანაც იმდენი დაავადებაა, რამდენიც არ არსებობს არც ერთ სხვა სპეციალობაში. მინდა გითხრათ, რომ რაც დრო გადის, უფრო მიყვარდება ჩემი სპეციალობა, პრაქტიკული და კლინიცისტური მუშაობის კვალდაკვალ.

- სოციალურ ქსელში ხშირად წერთ ხოლმე გავრცელებული მითების შესახებ თქვენეულ შეფასებას და მკითხველს ინფორმაციას აწვდით. რამდენად მნიშვნელოვანია მედიცინაში მითებთან ბრძოლა?

- სამწუხაროდ, მედიცინის ირგვლივ ხშირად ვრცელდება ხოლმე დაუზუსტებელი, სამეცნიერო კვლევებს მოკლებული ინფორმაცია და საზოგადოების ნაწილი ამას იჯერებს. ზოგჯერ, თავად სამედიცინო წრეებში ხდება კონკრეტული მითების ჩამოყალიბება და ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როგორ განასხვავონ ერთმანეთისგან სარწმუნო და არასარწმუნო ინფორმაცია. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღევანდელ რეალობაში ძალიან ადვილია ინფორმაციის მიღება, მაგრამ მედიცინაში უფასო ინფორმაცია, რომლის მოძებნაც ინტერნეტშია შესაძლებელი, დაახლოებით 80 პროცენტი არასანდოა. სარწმუნო სამედიცინო ინფორმაცია ფასიანია და ძალიან ძვირი ღირს, აქედან გამომდინარე, კომპეტენტურ, პროფესიონალ და სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ექიმ-სპეციალისტებს ვენდოთ და მათი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.

თამარ იაკობაშვილი

1002
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი