რომელი ასაკიდან უნდა ატაროს ბავშვმა ველოსიპედი და რას ავითარებს ის - ორთოპედის რჩევები
რომელი ასაკიდან უნდა ატაროს ბავშვმა ველოსიპედი და რას ავითარებს ის - ორთოპედის რჩევები

ველოსიპედის ტარება ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. ბოლო პერიოდში კი მასზე მოთხოვნა გაიზარდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მანქანებით გადაადგილება აკრძალული იყო. რეალურად, რამდენად სასარგებლოა ველოსიპედის ტარება ბავშვებისთვის, რა უნდა გაითვალისწინონ ხერხემლის პრობლემის თავიდან ასარიდებლად და ,ზოგადად, რომელი სპორტის სახეობაა ხერხემლის სწორი განვითარებისთვის სასარგებლო, თემაზე ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ვერტებროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ბავშვთა და მოზრდილთა ხერხემლის ცენტრის ხელმძღვანელი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, ირაკლი ვარძუკაშვილი გვესაუბრება:

-ველოსიპედი არის ერთ-ერთი პირველი საკომუნიკაციო საშუალება ფიზიკურ აქტივობასთან, რაც ხელს უწყობს ბარძაყის კუნთების განვითარებას,
ასევე სასარგებლოა ტორსის კუნთების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის.

-რამდენ ხანსაა დღეში ველოსიპედის ტარება რეკომენდებული და რომელი წლიდან?

-ასაკი და დრო შეზღუდული არ არის. როგორც კი ბავშვი შეძლებს ველოსიპედის მართვას, შეუძლია ატაროს, ტარების ხანგრძლივობა კი 10 წუთიდან იწყება.

-ბავშვის სიმაღლეს თუ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა?

-სიმაღლეს არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია ბავშვისთვის იყოს კომფორტული. ველოსიპედის ზომა და სიმაღლე უნდა იყოს ბავშვის ასაკის შესაბამისი.

-რამდენად სასარგებლოა ველოსიპედი იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ხერხემლის პრობლემა ან ბრტყელტერფიანობა აქვთ?

-ყველა ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. მთავარია ბავშვს არ ქონდეს ხერხემლის და ტერფის დისკომფორტი.

-ზოგჯერ პედლის საფეხურს აცლიან და ზედ რკინაზე ადებინებენ ფეხს ტერფებისთვის - ეს შეიძლება?

-რაიმე განსაკუთრებული
მნიშვნელობა და შედეგი ასეთი სახით ველოსიპედის ტარებას არ აქვს.

- რამდენად სასარგებლოა როლიკების გამოყენება?

- როლიკების გამოყენება სასარგებლოა, რადგან ხელს უწყობს კოორდინაციის განვითარებას.

-რამდენად რეკომენდებულია ჰულა ჰუპი ბავშვებისთვის და თუ ეხმარება ეს წონაში კლებას?

-წონის კლებისთვის ჰულა ჰუპის დანიშვნა ბავშვებში არაა რეკომენდირებული.

-სახლებში ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ და, ძირითადად, მჯდომარე  მდგომარეობაში. რა შეგიძიათ ურჩიოთ მშობლებს, როგორ უნდა გაიარონ ეს იზოლაციის პერიოდი, რომ ბავშვებს ხერხემალზე პრობლემები არ შეექმნათ?

-თანამედროვე ცხოვრებაში დიდი როლი აკისრია ტექნოლოგიების განვითარებას, რაც აისახა ბავშვების არასწორ ფიზიკურ განვითარებაზე. განსაკუთრებით პრობლემებმა მოიმატა იზოლაციის პირობებში. ამ პერიოდში აუცილებელია სწორი ბალანსირებული კვება და გამაჯანსაღებელი ფიზკულტურა დღეში 2-ჯერ (15-15 წთ დილა-საღამოს)

-დაგვიანებული რომ არ იყოს, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი დროულად, რომ ბავშვი ორთოპედთანაა მისაყვანი?

-როგორც კი მშობელი ვიზუალურად შეამჩნევს ბავშვის არასწორ დგომას, მხრების და ბეჭების ასიმეტრიას, აუცილებელია რომ მიმართოს ორთოპედს?

- რომელ ასაკშია ხერხემალი უფრო საყურადღებო?

-ორი ასაკია საყურადღებო 7-9 წელი და გოგონებში ციკლის დაწყებიდან 2-3 წელი, ბიჭებში 11-12 წლიდან.

-ბავშვები, რომლებიც ცურვაზე დადიან, არიან თუ არა დაზღვეულნი ხერხემლის პრობლემებისგან და კიდევ რომელი სპორტის სახეობებია ისეთი, რომლებიც ხერხემლისთვისაა სასარგებლო?

-ცნება, რომ ცურვაზე სიარული აუცილებლად იხსნის ხერხემლის დეფორმაციის განვითარებისგან, მითია. აუცილებელია სწორი ფიზიკური აქტივობის მრავალფეროვნება, სასურველია სახლის პირობებში ფიზიკური აქტივობა მოიცავდეს მინიმუმ 30 წუთს. ყველაზე ეფექტურია კლდეზე ცოცვა, ასევე რეკომენდირებულია ტანვარჯიში.

-რომელი ფიზიკური აქტივობები ან სპორტის სახეობები ქმნის ხერხემლისთვის ყველაზე მეტ დატვირთვას?

-სწორად წარმართული ნებისმიერი ფიზიკური აქტოვობა სასურველია და არ წარმოადგენს უკუჩვენებას.

-ამბობენ, რომ ჭიდაობა, კარატე, ფეხბურთი, ტანვარჯიში და აკრობატიკა ხელს უშლის სიმაღლეში ზრდას. ეს რამდენად სწორია?

-ნებისმიერი გადამეტებული ფიზიკური აქტივობა იწვევს მთელ რიგ დარღვევებს, მათ შორის, სიმაღლეში ზრდის შეფერხებასაც.

თამარ იაკობაშვილი
16017
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი