უნდა წავიყვანოთ თუ არა ბავშვები წელს კურორტებზე და როგორ ვიზრუნოთ იზოლაციის პირობებში მათ იმუნიტეტზე - პედიატრის რჩევები
კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი იზოლაციური გარემო განსაკუთრებით მწვავედ ბავშვების ჯანმრთელობაზე აისახება. ჟანგბადით მდიდარი ჰაერისა და მზის სხივების ნაკლებობა მათ ზრდა-განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
როგორ უნდა იზრუნონ მშობლებმა ბავშვების იმუნიტეტის ამაღლებაზე კარანტინის პირობებში და რომელი კურორტებია რეკომენდირებული ბავშვებისთვის წელს - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე AMBEBI.GE პედიატრ ილონა ხიზანეიშვილს ესაუბრა:
- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს სტრესული გარემოს შესახებ. ეს ბავშვს ემოციურ პრობლემებს უქმნის. საერთოდ, ბავშვს აუცილებლად სჭირდება ფიზიკური დატვირთვა, ახალი ემოციები, ახალი გასართობები, რომელიც გარემოს უკავშირდება, ამ ყველაფერს კი იგი იზოლაციის გამო მოკლებულია. ამასთან, თუ ბავშვი მუდმივად კომპიუტერზეა მიჯაჭვული, ეს კიდევ დამატებითი პრობლემების წყარო შეიძლება გახდეს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი დრო მრავალფეროვნებით დავტვირთოთ, შეძლებისდაგვარად. ეს იმისთვის, რომ ბავშვებს დეპრესია არ განუვითარდეთ. გარდა ამისა, იზოლაციის გამო მათ შეიძლება მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდეთ მშობლებთან და შემდეგ გარემოსთან ადაპტირება გაუჭირდეთ.
ახლა რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას, ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის ნაკლებობა განსაკუთრებულად მწვავედ აისახება ბავშვებზე, რადგან იგი იწვევს ყველა იმ პროცესის შეფერხებას, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თვითიზოლაციის შემდეგ აუცილებელია ბავშვების გასეირნება სუფთა ჰაერზე.
ესპანეთმა დაუშვა რეგულაციები, რომ 12 წლამდე ბავშვები აუცილებლად სუფთა ჰაერზე უნდა გაიყვანონ. სკვერებში, რეკრეაციულ ზონებში და ა.შ. იზოლაცია იწვევს ნივთიერებათა ცვლის მთელ რიგ დარღვევებს, ჟანგოაღდგენითი რეაქციების შეფერხებას, D ვიტამინების გამომუშავების პრობლემას და სხვა მთელ რიგ დარღვევებს. რაც თავის მხრივ იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას. ამიტომ აუცილებელია როგორც მთის, ისე ზღვის სუფთა ჰაერი.
- უპირველესად მხედველობაშია მისაღები ბავშვის ასაკი. 2 წლამდე ასაკის ბავშვს მაღალმთიან ჰაერზე ვერ გავიყვანთ. მათთვის უფრო დაბალ და საშუალომთიანი კურორტებია რეკომენდირებული. ამ საგანგებო მდგომარეობის გამო კურორტებზე წასვლის დიდი არჩევანი არ აქვთ მშობლებს. თუმცა თბილისის შემოგარენში ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი კურორტები: მანგლისი, კიკეთი, კოჯორი, წყნეთი და ა.შ. ესენი საშუალო და დაბალმთიანი კურორტებია და ჰაერისა და მზის სხივების მიღების მიზნით არაჩვეულებრივი საშუალებაა. მთავარია ბავშვი გაიყვანოთ ჩაკეტილი სივრციდან და მიიღოს ჯანსაღი ჰაერი.
ძალიან კარგია ასევე აბასთუმანი და ბაკურიანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კურორტებს ტყის მასივებიც აკრავს გარს, ჰაერი ოზონით გაჯერებულია, სუფთა და გამჭვირვალეა და ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვების სასუნთქ სისტემაზე. ამასთან მზის სხივებზე გამომუშავდება D ვიტამინი, რომლის დეფიციტი რაჰიტის განვითარებას უწყობს ხელს, იგი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. 3-4 წლიდან ბავშვები უკვე შეგვიძლია წავიყვანოთ მაღალმთიან კურორტებში. გზები რომ გაიხსნება, უნიკალურია ბახმაროს ჰაერი. რაც უფრო მაღალია წნევა, ანუ რაც უფრო მაღალმთიანია კურორტი, იზრდება ძვლის ტვინის ფუნქციის აქტიურობა. ამდენად მნიშვნელოვანია მაღალმთიან კურორტებზე დასვენება. მთის კურორტებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ზღვის ჰაერიც.
არსებობს მოსაზრება, რომ ტენიან გარემოში კორონავირუსი ვერ ცოცხლობს, ამიტომ თუ იქნება საშუალება, კარგი იქნება ზღვის ჰაერიც.
თუმცა მშობელმა აუცილებლად უნდა მოახერხოს დისტანცირებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა როგორც მთის, ისე ზღვის კურორტებზე, სხვა შემთხვევაში შეიძლება საფრთხის შემცველი გახდეს, ნებისმიერი კურორტი.
- საერთოდ, იმუნიტეტმა რომ შეასრულოს მისი ჩვეული ფუნქცია - შეებრძოლოს უცხო ბაქტერიებს და დაიცვას ორგანიზმი დაავადებებისგან, უნდა გვქონდეს სრულფასოვანი კვება, ვარჯიში და სრულფასოვანი ძილი. ეს ეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვს თავის ავადობის ნორმა აქვს. ზოგჯერ მოდიან მშობლები და მეუბნებიან, რომ აი, ბავშვი უკვე ხუთჯერ გამიხდა ავად და როგორ ავუმაღლო იმუნიტეტიო.
ბავშვის ავად გახდომა გარკვეული პერიოდულობით, არა რა თქმა უნდა ხშირად, ჩვეულებრივი მოვლენაა და იგი განგაშს არ საჭიროებს. უფრო საყურადღებოა, როგორ ებრძვის ბავშვის ორგანიზმი ამ ბაქტერიულ დაავადებებს, ურთულდება თუ მალე გამოდის მდგომარეობიდან. იმისთვის, რომ იმუნიტეტი გვქონდეს წესრიგში და ბავშვის ორგანიზმი კარგად შეებრძოლოს ვირუსებს, საჭიროა პირველ რიგში სრულფასოვანი კვება.
ბავშვები დავტვირთოთ ნატურალური საკვებით: ხორცით, ხილ-ბოსტნეულითა და რძის პროდუქტებით. ამასთან, 3-4 წლიდან ბაშვები უნდა შევაჩვიოთ უკვე ცივი პირსახოცით დაზელვას, ვარჯიშს, 5-10 წუთიან შხაპს და ა.შ. გარდა ამისა, იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი. ჩვენი წინაპრების გამონათქვამი არის სრული ჭეშმარიტება, რომ ბავშვი ძილში იზრდება, თუ ბავშვს არ სძინავს 9-დან 11 საათამდე, ზრდის ჰორმონი ნაკლებად გამოიყოფა. წაიკითხეთ სრულად