ცნობილი დერმატოლოგი ზაზა თელია ოფლის საწინააღმდეგო დეოდორანტების შესახებ გავრცელებულ მითებს ეხმაურება. ბევრ ჩვენგანს გაუგია, რომ ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს რისკს ზრდის. ზაზა თელია სოციალურ ქსელში
სწორედ ამ თემაზე წერს.
"მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს?
ამ მითის გავრცელების მიზეზი შემდეგია - პაციენტებს სხივური თერაპიის ჩატარების წინ რეკომენდაციას აძლევდნენ, არ გამოეყენებინათ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები რადიაციის დროს, რადგან პოტენციურად არსებობდა რისკი, რომ ალუმინმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი, რომელმაც მიიღო რადიაციის გარკვეული დოზა. შემდეგ რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალუმინი ამ გაღიზიანებასაც არ იწვევს.
ჩატარებულმა დიდმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 1600 ადამიანი, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან.
ასე რომ, გამოიყენეთ ალუმინის შემცველი ანტიპერსპირანტები ოფლიანობის შესამცირებლად, რადგან მხოლოდ ის არის ამ მხრივ ეფექტური და არა სხვა არაფრის მომცემი მცენარეული საშუალებები" - წერს ზაზა თელია და შესაბამისი კვლევის შესახებ უცხოურ წყაროსაც უთითებს.