ევროპელი და ამერიკელი მედიკოსები ბოლო დროს სახიფათო სინდრომზე საუბრობენ, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობის უეცარ დამძიმებას და ფატალურ შედეგებსაც იწვევს. არსებობს მოსაზრება, რომ სინდრომი ბავშვებში COVID-19-ინფიცირების შედეგად ვითარდება. არსებობს თუ არა ამ დაავადების გავრცელების საფრთხე საქართველოში და ხომ არ დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა - ამის შესახებ, პედიატრი თემურ მიქელაძე გვესაუბრება:
- საუბარია "კავასაკის სინდრომის" მსგავს შემთხვევაზე. ეს არის სისხლძარღვების ანთებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც ვასკულიტი ჰქვია. მას სპეციალიზებული მკურნალობა და დროული დიაგნოსტირება სჭირდება. ლაბორატორიულად ხდება ფერიტინის, ლაქატატ დეჰიდროგენაზას, D-დიმერის, ტროპონინის სწრაფი მატება, პაციენტის მდგომარეობა მძიმდება და შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს. როგორც ცნობილია, ვირუსს ენდოთელიოციტების დაზიანება ახასიათებს. ენდოთელიოციტები კი სისხლძარღვების ძირითადი ამომფენია, რომელთა დაზიანებაც სწორედ ვასკულიტს იწვევს. ამ დროს ბავშვებს აღენიშნებათ ცხელება და მდგომარეობის უეცარი დამძიმება. დიაგნოსტირებაც საკმაოდ რთულია.
- საქართველოში თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა?
- ჩემი ინფორმაციით, ამ დრომდე არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა იმიტომ, რომ საქართველოში ბავშვებს ვირუსი საშუალო და მსუბუქი ფორმით გადაჰქონდათ.
- რაიმე რეკომენდაცია ხომ არ მიგიღიათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, რომ თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, როგორ უნდა მოხდეს პაციენტთა მართვა?
- "კავასაკის სინდრომის" დიაგნოზით ნოემბერსა და დეკემბერში ორი პაციენტი მყავდა, რომელთაც დროულად დაესვათ დიაგნოზი, მოხდა სტეციალიზირებულ კლინიკაში დროული რეფერალი და რევმატოლოგის ჩართვის შედეგად და სპეციფიური მკურნალობის ჩატარების შემდეგ, პაციენტები გამოჯანმრთელდნენ. ახლა საუბარია მსგავს სინდრომზე, რომელსაც სისხლძარღვების ანთება ახასიათებს.
- ძირითადად რომელი ასაკის ბავშვებში ვლინდება?
- ჩემი ინფორმაციით, შემთხვევები 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება.
- გკითხავთ კორონავირუსზე, იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევათა რაოდენობა შემცირდა, თუ არსებობს ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი?
- ალბათობა ყოველთვის არსებობს. ამიტომ საჭროა გავაგრძელოთ ყველა იმ წესისა და რეკომენდაციის დაცვა, რასაც ეპიდემიოლოგები გვთავაზობენ. შემთხვევათა რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს, რომ ვირუსი გაქრა. თუ ჰიგიენურ ნორმებს არ დავიცავთ, შესაძლოა შემთხვევების მატება კვლავ დაფიქსირდეს. აუცილებელია სოციალური დისტანცრება, ბავშვები დახურულ სივრცეს უნდა მოვარიდოთ და გამოვიყენოთ ნიღაბი, ზოგ შემთხვევაში ხელთათმანი. უნდა დავიცვათ 2-მეტრიანი დისტანციაც.
- მშობლებს ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ სურთ, რომ ბავშვები ქალაქგარეთ წაიყვანონ. რას ურჩევთ მათ?
- სრული იზოლაცია არც არასდროს ყოფილა აუცილებელი. მშობლებს სულ ვურჩევდი, რომ 15-20 წუთის განმავლობაში დღეში 4-5-ჯერ გაეყვანათ ბავშვები სასეირნოდ და არა ერთდროულად, დიდი ხნით. აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებთან. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები და ნივთებთან ყოველი შეხებისას ვიყოთ ყურადღებით.
თამარ იაკობაშვილი