ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, უნდა გაგრძელდეს იმ ბავშვების მეთვალყურეობა, ვინც კოვიდ-19 გადაიტანა.
მოგეხსენებათ, მსოფლიოში ასეთ ბავშვებში გამოვლინდა კავასაკის სინდრომი, რომელიც სისხლძარღვთა დაავადებას იწვევს. ჩვენთან ჯერ-ჯერობით მსგავსი შემთხვევა არ გვაქვს, თუმცა ეს უფრო გვინდელი გამოვლინებებია. ამიტომ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ გაგრძელდეს ამ ბავშვების მეთვალყურეობა ოჯახის ექიმებისა თუ პედიატრების მიერ" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
როგორც ცნობილია, ბავშვებში, რომლებმა ახალი კორონავირუსი გადაიტანეს, გამოვლინდა კავასაკის დაავადების მსგავსი საშიში სინდრომი. ეს არის სისხლძარღვების ანთებით მიმდინარე დაავადება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს გული და ფატალურადაც დასრულდეს.
შემთხევები მატულობს ევროპასა და აშშ-ში. ახლახან მას საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პედიატრი ქეთი ლობჟანიძეც გამოეხმაურა, რომელსაც თავად მოუხდა შეხება ამ პაციენტებთან. მისი თქმით, პედიატრებს სულ ტყუილად ჰქონდათ იმედი, რომ კოვიდ-19 ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდა.
"აქამდე პედიატრები მშვიდად რომ ვიყავით, ვიცოდით, ბავშვებში ასიმპტომურად ან მსუბუქი სიმპტომებით მიდის ინფექცია, ხუთი კვირის უკან გამოჩნდა ეს ფენომენი - კოვიდ-19-ის მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმის გადატანის მერე ბავშვების ნაწილს განუვითარდა ანთებითი რეაქცია ინფექციურ აგენტზე კავაზაკის მსგავსი სინდრომით (და არა კავაზაკის დაავადება) და თანმდევი სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, რომლის მკურნალობა შეიძლება დროული ჰოსპიტალიზაციით, ლეტალური გამოსავალი ძალიან იშვიათია" - წერს ქეთი ლობჯანიძე და რამდენიმე სიმპტომს ასახელებს:
გახანგრძლივებული ცხელება; კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, მუცლის ტკივილი (ზოგჯერ აპენდიკულური სინდრომის მსგავსი), ღებინება, დიარეა; კანის სიმპტომატიკა, გამონაყარი შეიძლება იყოს კავაზაკისთვის სპეციფიური და არასპეციფიურიც; ფარინგიტი, "ჟოლოსებრი" ენა; კონუნქტივიტი; კისრის ადენოპათია; თავის ტკივილი;