როდის ჯობს კიტრი-პომიდვრის მიღება ერთად და როდის - ცალ-ცალკე - ქართველი ექიმების რჩევები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის
როდის ჯობს კიტრი-პომიდვრის მიღება ერთად და როდის - ცალ-ცალკე - ქართველი ექიმების რჩევები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის
ზაფხულის სეზონისთვის კიტრი და პომიდორი ბევრი ადამიანის რაციონში შედის. განსაკუთრებით პოპულარულია კიტრი-პომიდვრის სალათა, რომელიც საზაფხულო მენიუს განუყოფელი ნაწილია, მათ შორის ბავშვებისთვის. ზოგიერთი სპეციალისტი ამ ორი ბოსტნეულის ერთად მიღებას რეკომენდებულად არ მიიჩნევს და მათი ცალ-ცალკე მირთმევა უფრო სასარგებლოდ მიაჩნიათ. ასევე, გამოითქვა ვარაუდი, რომ საუზმეზე ნებისმიერი ორი სახის ბისტნეულის მიღება სასარგებლო არ არის. საკითხის უკეთ გასარკვევად ზაფხულის ამ ყველაზე მოხმარებადი ბოსტნეულის შესახებ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მივმართეთ:

- ზოგადად, საუზმეზე ბოსტნეულის მირთმევა რეკომენდებულია, მით უმეტეს ამ სეზონისათვის, ვინაიდან სწორედ ამ დროს ბოსტნეულში ის
მიკრო-მაკრო ელემენტები და ვიტამინები გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მეტაბოლოზმისა და ნივთიერებათა ცვლისთვის. რაც შეეხება კიტრსა და პომიდორს, ორივე ბოსტნეული ნაღვლმდენი ეფექტით გამოირჩევა, შესაბამისად, დილით, საუზმეზე არ არის რეკომენდებული, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ასე დავტვირთოთ. თუ ერთ-ერთს ავირჩევთ - ან მხოლოდ კიტრს, ან პომიდორს და დავამატებთ სხვა ბოსტნეულს, ბევრად უფრო სასარგებლო იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის. დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივირთვათ კიტრი-პომიდვრის სალათი, მაგალითად, სადილზე, მაგრამ დილიდანვე ორივე ბოსტნეულის ერთად მიღება, როგორც აღვნიშნე, რეკომენდებული არ არის. უმჯობესია იყოს ერთ-ერთი რომელიმე და მას დავამატოთ, სხვა
ბოსტნეული, მაგალითად, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, სალათის ფურცლები და სხვა

-ორი სახის ბოსტნეული რომ არ უნდა იყოს საუზმეზე ერთად, ეს მითია?

-დიახ, მითია. შესაძლებელია ბოსტნეული საუზმეზე მივიღოთ, ვინაიდან ეს მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას. ასევე, ბოსტნეული დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს და ის ნაწილობრივ მოქმედებს მადაზე, აქვეითებს მას. უჯრედისის დიდი რაოდენობით მიღება კუჭსავსეობის ეფექტს ქმნის და, შესაბამისად, ხელს უწყობს როგორც ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ წარმართვას, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას. წონის კორექციის თვალსაზრისითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სასარგებლო იქნება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კიტრის 95 პროცენტი წყლია. ამიტომ, მასთან მეორე და მესამე სახეობის კომბინაციის დამატება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

-ზეთისა და ძმრის დამატება სალათზე რამდენად გამართლებულია?

-თუ დილის საუზმეზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში, ძმარი გამართლებული არ არის იმის გამო, რომ კუჭის ლორწოვანის მჟავიანობამ არ მოიმატოს. მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთი დასაშვებია იქედან გამომდინარე, რომ ესეც ეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულ მუშაობას და ჩვენი ორგანიზმი გარკვეულ ენერგიას იღებს დღის განმავლობაში. ძმრის გამოყენება ვახშამზეც არ არის რეკომენდებული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების გამო. ძმრით სალათის შეზავება სასურველია იყოს შუადღით, სადილის დროს.

-ბავშებისთვის თუ შეიძლება კიტრისა და პომიდვრის სალათის მიცემა და დღის რა მონაკვეთშია უმჯობესი?

-ბავშვთა ასაკში საუზმეზე რეკომენდებულია უფრო მეტად კიტრის გამოყენება, ვიდრე პომიდვრის. პომიდორი რიგ შემთხვევაში ალერგიულ რეაქციებს იწვევს, გარდა ამისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ბავშვთა ასაკში არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და უჭირს გარკვეული პროდუქტების გადამუშავება. ამიტომ, არ არის სასურველი, რომ პომიდორი დილიდანვე იყოს მიღებული. სასურველია იყოს გამოყენებული კიტრი, რომელიც დადებითად მოქმედებს მათ კუჭ-ნაწლავზე და ასევე გარკვეული რაოდენობით წყალსაც იღებენ ამ სახით. რაც შეეხება სადილს, რა თქმა უნდა, დასაშვებია კიტრი-პომიდვრის სალათის მირთმევა, თუმცა პომიდორი აქაც გარკვეული დოზით უნდა იყოს გამოყენებული.
mshoblebi
რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ბავშვთა მცირე ასაკში და რამდენად სასარგებლოა კიტრი და პომიდორი მათთვის, პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე გვესაუბრება:

-9-10 თვიდან შეგვიძლია ბავშვებს კიტრი მივცეთ. ძალიან სასარგებლო პროდუქტია, შეიცავს A, C და B ჯგუფის ვიტამინებს. მინერეალებიდან კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი და რკინა შედის. შეიცავს ცოტა რაოდენობით თუთიას და მანგანუმსაც. მისი 96 პროცენტი წყალია, ამიტომ, ზაფხულის ცხელ დღეებში ჰიდრატაციისთვის განსაკუთრებულად აქტუალურია. კიტრსა და პომიდორს აღნიშნულ ასაკში ერთად არ მივცემთ იმიტომ, რომ შეიძლება გამოიწვიოს შებერვა და ალერგიული რეაქციები. ამიტომ, კიტრის მიცემა იოგურტთან ან გაწურულ მაწონთან ერთად შეგვიძლია. თუ გაზებისაკენაა მიდრეკილი ბავშვი ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები აქვს, სიფრთხილით უნდა მივცეთ იმიტომ, რომ შეიძლება გაზწარმოქმნის გაძლიერება გამოიწვიოს. რაც ყველაზე მთავარია, კიტრი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს და მიწიდან სწრაფად იწოვს ნიტრატებსა და მარილებს, რომლებსაც სასუქის შემადგენლობაში იყენებენ. ამიტომ, თუ ბავშვისათვის კიტრს ვიყენებთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ორგანული საკვებია და არ შეიცავს მავნე მინარევებს. უნდა მივცეთ გაფცქვნილი იმიტომ, რომ კანში ხშრად გროვდება ეს ნივთიერებები. გარდა ამისა, შესაძლოა მწარმეობელმა ეფექტისთვის კანი დაამუშაოს, რაც, რა თქმა უნდა, სასარგებლო არ არის. თუმცა, თუ კიტრი ჯანსაღია, მისი კანი გვარიანი რაოდენობით შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, რაც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ვერიდებით, რადგან შეიძლება ძნელად მოსანელებელი იყოს ბავშვის კუჭ-ნაწლავისათვის.

-პომიდორის მიცემა რა ასაკიდან შეგვიძლია?

-პომიდორიც შეიძლება 10 თვის ასაკიდან მივცეთ, ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ვიტამინებისა და მინერალებისაგან შედგება, მის შემადგენლობაში არის იოდი , რაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის ძალიან სასარგებლოა, ასევე კალციუმი, ფოსფორი და ფტორი, რაც ძვლოვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვისაა მნიშვნელოვანი. შეიცავს ქრომს, რაც ნახშირწყლოვანი ცვლისთვისა ძალიან მნიშვნელოვანია. მის შემადგენლობაშია პექტინები, რაც ძალიან კარგად ასტმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ყაბზობას უშლის ხელს. მანდ არის ნივთიერება სახელად ლიკოპენი, რომელსაც ანტისიმსივნური ეფექტი აქვს და სიმსივნური უჯრედების გამრავლების პროცესს ხელს უშლის. აქვს შარდმდენი ეფექტი. დაახლოებით 10 თვიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ სუპში, მოხარშული სახით, ალერგიული ბავშებისთვის არ არის რეკომენდებული. შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს და ადრეულ ასაკში თუ მივცემთ, შეიძლება საყლაპავისა და კუჭის ნაზი ლორწოვანი გარსის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ, ადრეულ ასაკში მისი მიცემა, როგორც აღვნიშნე, რეკომენდებული არ არის. 1 წლიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ უმიც, თუმცა უნდა გადავავლოთ მდუღარე წყალი და კანი მოაცილოთ, ხოლო 3 წლიდან კანგაუცლელი პომიდვრის მიცემაცაა დასაშვები. რაც შეეხება კომბინაციას, ძნელად მოსანელებელი იქნება 1 წლამდე ასაკის ბავშვისთვის კიტრისა და პომიდვრის მიცემა, ამიტომ, ცალ-ცალკე, ისიც მოხარშული სახით, 1 წლის ასაკიდან კი - უმი.

თამარ იაკობაშვილი

4899
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ანზორი
0
კიტრი ტუტეა, პომიდორი მჟავე რეაქციის, აქედან გამომდინარე მათი მონელებისტვის ნაწლავებში გამომუშავებული სხვადასხვა ბუნების ფერმენტები მონაწილეობენ. მათი ერთად მიღება მავნეა, თუმცა ჩვენთვის ტრადიციული.
18:40 / 19-06-2020
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?