ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია ქვეწარმავლებისა და მწერების ნაკბენი და პრევენცია, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და ფატალური შედეგიც კი. რა უნდა გავაკეთოთ, თუ გველმა გვიკბინა და რომელი მწერის ნაკბენია ყველაზე საშიში, ამ თემაზე "რუსთავი 2"-ის გადაცემაში
"დილა მშვიდობისა საქართველო" ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა-ტოქსიკოლოგმა
ეკა ქურდაძემ და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა,
დავით თელიამ ისაუბრეს:
ეკა ქურდაძე:
- ცხოველების ასეთი აქტიურობა მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდეა. საქართველოში გავრცელებული 20 სახეობის გველიდან, ოთხია შხამიანი. მათ შორის, თბილისშიც. ბუნებრივია, ცხოველები მიგრაციის გამო გადაადგილდებიან და შესაძლებელია შეგვხვდეს ჩვენს საცხოვრებელ ადგილთან, თუმცა მაინც გვერიდებიან ისე, როგორც ჩვენ ვერიდებით და არ არიან აგრესიულები. თუ მაინც მოხდა დაგესვლა, შიშის გამო შეიძლება ვერ გავარჩიოთ შხამიანია თუ უშხამო. ჩვენთვის, ექიმებისთვის, ნაკბენსა და პაციენტის ზოგად შეფასებას აქვს მნიშვნელობა. ყველაზე მთავარია, რომ მოსახლეობამ თვითმკურნალობას არ მიმართოს. მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა მოთავსდეს ასეთი პაციენტი და სითხეები მიიღოს. რა თქმა უნდა, ნაკბენის არესაც აქვს მნიშნელობა. თავი, კისერი, ზედა კიდურები უფრო საშიშია, ქვედა კიდურები - ნაკლებად. სპეციალისტები ვარკვევთ ზედაპირულია თუ უფრო ღრმა ნაკბენი. შხამიანია თუ არა და რა რაოდენობის შხამის შეშხაპუნება მოახერხა ცხოველმა. ჩვენ გვყავს ოთხი შხამიანი სახეობა, მათ შორის, გიურზა ყველაზე შხამიანია. პობლემაა როგორც ალერგიული რეაქციები, ასევე ის ფერმენტები და ცილები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ხვდება. საქართველოში გავრცელებული გველების შხამი სისხლზე მოქმედებს, რაც სისხლის უჯრედების დაშლას და შემდგომში უამრავ გართულებას უწყობს ხელს. ამიტომ, დაგესვლის შემთხვევაში, მოსვენებული მდგომარეობა და სითხის მიცემა ძალიან მნიშვნლოვანია. რაც უფრო სწრაფად მივმართავთ საავადმყოფოს, უკეთესია. გველის შხამის საწინააღმდეგო შრატი არ არის სასურველი კლინიკამდე. ჯერ უნდა გავარჩიოთ, შხამიანია თუ არა გველი და გვჭირდება თუ არა ის. თვითნებურად არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. არ გავკაწოთ, არ მოვწვათ, არ შეიძლება პირის ღრუს საშუალებით გამოწოვა. ყველაზე მთავარია, ალკოჰოლი არ მივცეთ. ჯობს ზედმეტად არ ჩავერიოთ, დავამშვიდოთ ასეთი პაციენტი, ბუნებრივია, მედიკამენტით არა. ყველაზე მთავარია, არ ირბინოს, ბევრი არ იაროს. როდესაც ესეთ ადგილებში გავდივართ, არ ვიაროთ ღია ფეხსაცმლით. თუ სადმე სალაშქროდ მივდივართ, კოცონი არ დაგვრჩეს ღამით იმიტომ, რომ სითბოსთან მოდის. ავტომანქანები უნდა დავხუროთ, რადგან შეიძლება გაჰყვეს. პრევენციული ღონისძებების მიღება უფრო სასურველია.
დავით თელია:
- მწერით განპირობებულ ალერგიას ინსექტალერგია ეწოდება და ალერგოლოგიის ძალიან დიდი მიმართულებაა. მწერებს გადააქვთ სხვადასხვა დაავადება, თუმცა ძირითადად იწვევენ ორი ტიპის ალერგიულ რეაქციებს, ეს არის ლოკალური, ადგილობრივი რეაქცია, რომელიც მაინცდამაინც არ არის საშიში. შეშუპებით, შეწითლებით, ამობურცული კანის ზედაპირიდან ერითემით შემოფარგლება. ყველაზე სამწუხარო ანაფილაქსიური შოკი გახლავთ, რაც უფრო იშვიათად ვითარდება. ეს არის გენერალიზირებული სისტემური რეაქცია, რომელიც უმძიმესი რეაქციიაა. ამაზე ძლიერი და მძიმე რეაქცია, თავისი გამოსავლით, მედიცინაში არ არსებობს. ვინაიდან, ის ვითარდება რამდენიმე წამში, შეიძლება განვითარდეს მოგვიანებითაც, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში. ახალი მონაცემებით არსებობს კიდევ ორტალღიანი ანაფილაქსიური რეაქცია, როდესაც პირველი ტალღა მოდის და მეორე ტალღა 8 საათის შემდეგ ვითარდება. ანაფილაქსიური რეაქციის დროს სიკვდილის ძრითადი მიზეზი კარდიოვასკულარული ფაქტორი გახლავთ. პირველი პრევენცია, რაც ამ დროს უნდა განხორციელდეს, წნევის მაღლა აწევაა. ასეთი პრეპარატი გახლავთ ეპინეფრინის ჰიდროქლორიდი (ადრენალინი). თუ ადამიანი ანაფილაქსიური რაქციების მიმართაა განწყობილი და მას რამდენიმე ასეთი ეპიზოდი ჰქონდა, ვალდებულია, საკუთარი სიცოცხლის დაცვის მიზნით, თან ატაროს. ლაპარაკია, მხოლოდ ანაფილაქსიურ რეაქციაზე, როდესაც ადამიანს ეწყება ოფლიანობა, უნებლიე შარდვა. კბენიდან რამდენიმე წამში შეიძლება განვითარდეს. არის ცოტა უფრო მოგვიანებითი რეაქციები. ანაფილაქსიური რეაქცია დოზაზე დამოკიდებული არ არის, შეიძლება პატარა დოზამ დამოიწვიოს, შეიძლება დიდმა.
მეორე ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება გადატანილი იყოს პასიურად ადამიანზე, ეს გახლავთ რეაქცია ხორცზე. როდესაც ადამიანი რეაგირებს ხორცზე, ის ვერ იტანს ძროხის, ღორის ხორცს და ასე შემდეგ. გადადის ტკიპის ნაკბენით. ტკიპა ჯერ ცხოველს კბენს და ცხოველიდან გადააქვს ნახშირწყალი, რომელსაც ალფა-გალაქტოზას უწოდებენ. სამწუხაროდ, შეიძლება მანაც გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქცია. უფრო მარტივ შემთხვევაში კი ასეთი პაციენტები ვერ იტანენ ხორცს და მათ ემართებათ ძალიან ძლიერი გამონაყარი, შეშუპება და ასე შემდეგ. არის კიდევ მდგომარეობა, რომელიც ასევე წააგავს ალერგიას. ეს არის ბორელიოზი, რომელიც ტკიპის ნაკბენით გადადის. აღნიშნული დაავადებაც არ არის მაინცდამაინც უვნებელი, თუ დროზე ვერ დაფიქსირდა, ვინაიდან სამი ფაზა აქვს. დიაგნოსტიკური შეცდომებია ხოლმე, ვინაიდან გამონაყარი ხშირად ალერგია ჰგონიათ ხოლმე, სინამდვილეში ლაიმის დაავადებაა, რომელსაც მეორე და მესამე ფაზა აქვს და ამ დროს უკვე ზიანდება ნერვული სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, თირკმელი და ასე შემდეგ. საქართველოს მოსახლეობის 20 პროცენტია მიდრეკილი ნაკბენების მიმართ ალერგიაზე. გაგვიგია ალბათ ასეთი ფრაზა "რატომ მკბენს მე?" აქ არის უამრავი საინტერესო მომენტი. მაგალითად, კვლევებით დადგინდა, რომ მწერები უფრო მეტად კბენენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ბანანი, ადამიანებს, რომლებიც ხშირად სვამენ ლუდს. ასევე, დიაბეტურ პაციენტებსაც უფრო ხშირად კბენენ. არაკონტროლირებად დიაბეტზეა საუბარი. რაკი უფრო ხშირად იკბინებიან, შესაბამისად, გამოსავალიც უფრო რთულია ხოლმე. კიდევ უამრავი რისკფაქტორია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს და ეს ამოუწურავი თემაა.
- სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მიმდებარედ კალიების შემოსევაა, რამდენად საშიშები შეიძლება იყვნენ ისინი?
- კალია ისეთივე საშიში არაა, როგორც თუნდაც კოღო იმიტომ, რომ კოღო უწყინარი ჩანს, თუმცა გადააქვს ენცეფალიტი და სხვა უამრავი ვირუსი და პრობლემა. ამ თვალსაზრისით, უფრო საშიში 4 მწერია: ფუტკარი, ბზიკი, ობობები და კოღო.
ეკა ქურდაძე:
- ობობებსა და მორიელზე მოგახსენებთ, შხამიანი ცხოველებია და ორივე გვყავს საქართველოში. რომ გითხრათ, რომ ისეთი საშიშია, როგორც გველი, ნამდვილად არა, თუმცა გართულებები ახასიათებთ და ნეიროტოქსიურობით გამოირჩევა, ადამიანებს ხშირად აქვთ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი, აღენიშნებათ ლოკალურად სისხლნაჟღენთი, სილურჯე. გველსაც ესეთივე დამახასიათებელი ნიშანი აქვს. ამოსაცნობია ადვილად იმიტომ, რომ სისხლჩაქცევებს იკეთებს და ძალიან შუპდება. ობობას, მორიელისა და გველის ნაკბენი მტკივნეულობით გამოირჩევა.