საქართველოს არაერთ სოფელში ადამიანებს სასმელი წყლის პრობლემა აქვთ. ის გრაფიკით ან საერთოდ არ მიეწოდებათ. ამიტომ, ყიდულობენ სხვადასხვა ხარისხისა და ტევადობის პლასტმასის ავზებს და იქ აგროვებენ წყალს. აგარაკებზე, სადაც საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის ხალხი, ხშირად სწორედ ასეთი ბაკებიდან მიეწოდებათ წყალი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხელი წყლისთვის ნაკადი საკმარისი არ იქნება. ასევე, ჭრიან ჭას, რომ სტაბილურად ჰქონდეთ წყალი. რამდენად უსაფრთხოა პლასტმასის ავზებში შენახული წყალი და რა უნდა გაითვალისწინოთ ჭის გაკეთებამდე, გარემოსდამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია, "მწვანე ალტერნატივის" კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი გვესაუბრება:
- უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხისაა თავად ავზი, რა გზას გადის წყალი იქამდე და ასე შემდეგ. შეიძლება ადამიანმა წყალი შედარებით სუფთა წყაროდან მიიღოს, მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეს, რა მასალისგანაა დამზადებული ის ავზი, რამდენ ხანს ჩერდება მასში წყალი. გარდა ამისა, საკითხავია ისიც, რომ ავზები, სადაც წყალს ინახავენ, რამდენად განკუთვნილია სასმელი წყლის შესანახად და თუ არსებობს ამასთან დაკავშირებით რაიმე სახის სტანდარტები და კონტროლი. ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას იმის მიხედვით, თუ რა ნივთიერებისგანაა დამზადებული კონკრეტული ავზი და გამოყენების რა პირობები აქვს . უფრო მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ ავზები წარმოადგენს პრობლემას, არამედ საბჭოთა პერიოდში და მის შემდეგ გაყვანილი წყლის სისტემა, მილები, რომლითაც სოფლები მარაგდება. მაინცდამაინც უსაფრთხო არ არის, ვინაიდან ეს მილები დამზადებულია აზბესტისა და აზბესტობეტონისგან, რაც საკმაოდ სახიფათო ნივთიერებას წარმოადგენს იმისათვის, რომ იქ სასმელი წყალი მოთავსდეს და მერე ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს. აზბესტი კარცენოგენული ნივთიერებაა. მოსაზრება, რომ საქართველოში ბევრი წყალი გვაქვს, არაფერს ემყარება. ჩვენი მოსახლეობა, რა ხილსა და ბოსტნეულსაც მოიხმარს, ყველაფერი რომ საქართველოში მოდიოდეს, იმისთვის საკმარისი სარწყავი წყალი გვქონდეს და კიდევ გვრჩებოდეს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ბევრი წყალია. არ გვყოფნის სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვნად, საკმარისი არაა მოსახლეობისთვის. ძალიან იშვიათად ნახავთ დასახლებულ პუნქტს, სადაც 24 საათის განმავლობაში უწყვეტად ხდება წყლის მიწოდება. ერთადერთი, თბილისია, ამ მხრივ, გამონაკლისი. გარემოს ხარისხი უნდა კონტროლდებოდეს, მათ შორის, წყლის ხარისხი და უსაფრთხოება.
- სოფელში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ჭა. ჭის წყალი რამდენად უსაფრთხოა გამოყენებისთვის?
- ვიდრე ჭის გაკეთებას დაიწყებენ, ყოველთვის უნდა შემოწმდეს, რამდენად უსაფრთხოა. უსაფრთხოება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ ის გრუნტის წყლები, რომლითაც ჭა მარაგდება, რა ფენებს გამოივლის და არის თუ არა გარშემო დაბინძურების წყაროები. დაბინძურების წყარო შეიძლება იყოს ფერმები, სასაფლაოები, საწარმოები, თუ იქვე ახლოსაა. ამიტომ, ეს ყოველთვის უნდა მოწმდებოდეს. მაგრამ, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. შესაძლებელია ჭიდან ამოღების დროს წყალი სუფთა იყოს, მაგრამ მერე თუ ის შორს გადადის, მაგალითად, პლასტმასის მილებით ან ინახება ავზში, შეიძლება მეორადად მოხდეს დაბინძურება, ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს.
- ნაგროვებმა და დაუქლორავმა წყალმა რა საფრთხე შიეძლება შეუქმნას ადამიანს?
- ჭიდან ამოღებული წყლის დაქლორვა შეიძლება არ იყოს საჭირო. ეს მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც წყალი მილების საშუალებით ტრანსპორტირდება მომხმარებლამდე. სხვადასხვა დაავადება შეიძება გამოიწვიოს, გააჩნია რითია დაბინძურებული. მაგალითად, შეიძლება წყალი ბაქტერიებით, სოკოებით და სხვადასხვა მავნე ნივთიერებით იყოს დაბინძურებული, რამაც მერე ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემა შეუქმნას.
- ძალიან ხშირად აღნიშნავენ მომხმარებლები, რომ სასმელ წყალს მოჰყვება ქვიშა ან სხვა ნივთიერება. განსაკუთრებით, სოფლებში. ასეთ დროს, ფილტრის დაყენება არის გამოსავალი თუ სხვა გზაც არსებობს?
- თუ მექანიკური დამაბინძურებლებია, როგორებიცაა ქვიშა, ფოთლები, რა თქმა უნდა, ფილტრი გამოსავალია. მაგრამ, თუ ასე ხდება წლის დაბინძურება, დიდი შანსია, რომ ორგანული დაბინძურებაც ჰქონდეს და მარტო ფილტრი არ იყოს საკმარისი.
- რეგიონების მიხედვით სად არის ყველაზე სასმელი წყლის და, ზოგადად, წყლის დეფიციტი?
- ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ქართლის ზოგიერთ ადგილზე უფრო მეტი პრობლემა იქმნება, ვიდრე დასავლეთ საქართველოში, რომელიც უფრო ტენიანია. არის ადგილები, როდესაც ხელოვნურად იქმნება ხოლმე პრობლემები. მაგალითად, ახმეტის რაიონის სოფელ ალვანს არასდროს ჰქონია წყლის პრობლემა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მცირე ჰესი გააკეთეს, რომელიც წყალს ალაზნიდან იღებს და ამის შედეგად ადამიანებს პრობლემები შეექმნათ. წყალი გრაფიკით მოდის. სამწუხაროდ, მთავრობა და კომპანიები არ აქცევენ ასეთ პრობლემებს ყურადღებას და არაერთი ადგილია, სადაც ადამიანებს ჰესებმა შეუქმნა პრობლემა. მაგალითად, როდესაც აჭარაში შუახევიჰესი გააკეთეს, არაერთ სოფელს შეექმნა წყლის პრობლემა, იმიტომ, რომ ამ სოფლების ქვეშ გვირაბმა გაიარა, ბევრ ადგილას დააზიანა მიწისქვეშა წყლების ადგილები და, შესაბამისად, ბევრ სოფელში წყალი დაშრა.
ხდება თუ არა საქართველოში ავზების ხარისხისა და უვნებლობის შემოწმება, momxmarebeli.ge-ს მივმართეთ.
"სამწუხაროდ არ ხდება. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, უწყება, რომელიც ავზების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს და ისევე როგორც ბევრი სხვა პროდუქცია, ესეც კონტროლს გარეთაა დარჩენილი დიდი ხანია." - განაცხადეს ორგანიზაციაში.
საკითხზე სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ მათი მოვალეობა სასმელი წყლის ხარისხის შემოწმებაა და ისინი ავზების უსაფრთხოებას არ ამოწმებენ.
თამარ იაკობაშვილი