საქართველოში კორონავირუსის გავრცელება დაბალია, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს - ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა
პაატა იმნაძემ გადაცემაში
"პირადი ექიმი" განაცხადა.
"კვირა არ გავა, არ გამოჩნდეს შემთხვევა, როცა ინფექციის წყაროს ვერ ვადგენთ. იმპორტირებული ან საკარანტინო ზონებში დაფიქსირებული შემთხვევები საშიში არ არის, მაგრამ ფაქტია, არ წყდება შემთხვევები, როცა ინფექციის წყარო უცნობია. ყოველ კვირა ერთი ასეთი შემთხვევა მაინც გვაქვს. მართალია, რაოდენობა მცირეა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვირუსი მაინც ცირკულირებს, " - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, სწორედ ამიზეზის გამო რეკომენდაციებმა, განსაკუთრებით კი პირბადის ტარებამ, ფორმალური ხასიათი არ უნდა მიიღოს.
"არ არის სავალდებულო, სამედიცინო, სამშრიანი ნიღაბი გეკეთოთ. რომელ ნიღაბშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ის ნიღაბი გამოიყენეთ, მთავარია, გეკეთოთ" - განაცხადა იმნაძემ. მან ტურისტული სეზონის რისკებზეც ისაუბრა და საინტერესო ფაქტი გაიხსენა:
"კითხულობენ, რატომ უნდა შემოვიდეს ტურისტი. რისკი, რა თქმა უნდა, მოიმატებს, მაგრამ ეს არამართვადი რისკი არ იქნება. რაც შეეხება შემოწმებას, შემომსვლელებისთვის აპლიკაცია არსებობს, სადაც, ვისაც სურვილი აქვს, გარკვეულ კითხვებს პასუხობს. რამდენიმე ათეულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოთქვა სურვილი და მათ ვაძლევთ ასეთ წინადადებას: თანახმა ხართ თუ არა, რომ შემოსვლისას გაიკეთოთ ტესტი. საოცარი შედეგი მივიღეთ. ყველამ განაცხადა, რომ თანახმაა. მხოლოდ 2 უარი იყო და ისიც ქართველებისგან, რომლებსაც უცხოური პასპორტები აქვთ. 200 შემთხვევა გვაქვს კარანტინიდან გამოვლენილი, 200 ათასი გახდებოდა, კარანტინში რომ არ მოგვეთავსებინა. დავაფასოთ, რაც გვაქვს... რატომ წარმოუდგენიათ კარანტინი ასე, არ მესმის, ჩემი შვილიც კარანტინშია, გუდაურშია, მშვენიერ ჰაერზე" - განაცხადა იმნაძემ. მან სწავლის სრულფასოვან რეჟიმში განახლების შესახებ კითხვასაც უპასუხა.
"თუ შევინარჩუნეთ ეს მონაცემები, გარკვეული სიფრთხილის ზომებით, შევძლებთ სასწავლო პროცესის განახლებას. სახელმწიფო რეგულაციები თითქმის ბოლომდე მოხსნილია. ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვექნება. თუ გაგრძელდა არსებული დინამიკა და გამოვლინდა პერიოდულად გაურკვეველი წარმოშობის შემთხვევები, შევძლებთ, მივსდიოთ და როგორც სხვა კლასტერები, ესენიც ჩავკეტოთ. თუ არადა გვექნება უკონტროლო გავრცელება, როგორიც არის დრეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში".