რატომ იხრჩობიან ხშირად თბილისის ზღვაზე - განსაკუთრებით საშიში ზონები და შეიძლება თუ არა ბანაობა წყალსაცავზე, საიდანაც სასმელი წყალი მოგვეწოდება
რატომ იხრჩობიან ხშირად თბილისის ზღვაზე - განსაკუთრებით საშიში ზონები  და შეიძლება თუ არა ბანაობა წყალსაცავზე, საიდანაც სასმელი წყალი მოგვეწოდება
ზაფხულში თბილისის ზღვაზე უამრავი ადამიანი იყრის თავს. ყოველწლიურად წყალსაცავში ბანაობის არაერთი შემთხვევა ტრაგედიით სრულდება. რამდენიმე დღის წინ აქ ორი მოზარდიც დაიხრჩო. ჩვენი რესპონდენტი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილია. მისი ვაჟიც სამი წლის წინ თბილისის ზღვაში დაიხრჩო. მას შემდეგ ბატონი ალეკო, თანამოაზრეებთან ერთად, აქტიურად აწარმოებს კამპანიას - "იცურე მშვიდად", რათა სხვა ადამიანები დაიცვას მოსალოდნელი საფრთხისგან. ის გვიყვება, სადაა განსაკუთრებით საშიში ზონები თბილისის ზღვაზე და რა უნდა გაკეთდეს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის:

mshoblebi

- თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ოფიციალური პლაჟი, სადაც ბანაობა ნებადართულია, მხოლოდ
ერთ ადგილასაა. ეს არის ე.წ. ,,ჯინო ფერედაისის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ოფიციალურადაა მოწყობილი პლაჟი და შესაბამისად, კანონმდებლობით, ადგილზე იმყოფებიან მაშველებიც. რაც შეეხება თბილისის ზღვის დანარჩენ ტერიტორიას, შეიძლება ითქვას, რომ ყველგან საფრთხის შემცველია, რადგან როდესაც მოქალაქე წყალსაცავში ჩადის, ყველგან მარტოა, სადაც კი მაშველები არ არიან და ვერ შეძლებენ მის დახმარებას. თბილისის ზღვაზე ზოგჯერ მთელი ოჯახი მიდის ხოლმე საბანაოდ. ასეთ დროს ოჯახი თავის უსაფრთხოებაზე თვითონ იღებს პასუხისმგებლობას, რადგან მაშველები არ არიან არსად, სადაც ოფიციალურად არ არის მოწყობილი პლაჟი. ამავე დროს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არის ორი განსაკუთრებით საშიში ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად ხდება უბედური შემთხვევები. ერთი თემქის მხარესაა, ე. წ. ჩანჩქერი, სადაც მდინარე არაგვის შემავსებელი წყალი უერთდება თბილისის ზღვას
არხით. ამ არხში გამავალ წყალს წყლის გამანაწილებელი კომპანია - GWP გამოიყენებს და შემდეგ მისი ტერიტორიის მომიჯნავედ გამოედინება ხიდის ქვეშ და არხით ჩაედინება წყალსაცავში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ არხში გამავალი წყალიც GWP-ის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ამ კომპანიამ უნდა აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ არხი ასე უყურადღებოდ და ბარიერების გარეშე არ იყოს. ამავე დროს ამ არხის მეორე მხარე თბილისის მერიის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ტერიტორიაა. ამიტომ თბილისის მერიაც პასუხისმგებელია ამ არხის გარშემო უსაფრთხოების წესების დაცვაზე. არხი სადაც წყალსაცავს უერთდება, იქ წარმოქმნება ჩანჩქერი და მორევი. არაგვის წყალი მთის მდინარის წყალია და ძალიან ცივია. წყლის სიცივეც დამატებით საფრთხეა, როდესაც მასში ადამიანი შედის.

შეიძლება ცივმა წყალმა გამოიწვიოს სპაზმი ან კუნთზე მოახდინოს გავლენა, რაც შესაძლოა ფატალურად დასრულდეს. ეს ადგილი ოფიციალურადაა შესწავლილი და დადასტურებულია, რომ საშიშია ბანაობისთვის.

სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს ბანაობის ამკრძალავი ბანერები დამონტაჟებული. სამწუხაროდ, მთელ პერიმეტრზე მხოლოდ ერთი ბანერია ისეთ ადგილას, სადაც ძნელად თუ დაინახავს ადამიანი.
2017 წლის დეკემბრიდან ორ დაზარალებულ ოჯახს თბილისის მერიის და GWP-ს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სარჩელი გვაქვს შეტანილი. სწორედ ეს მოთხოვნა გვაქვს, რომ ამ ადგილას იყოს გამაფრთხილებელი აბრები დამონტაჟებული და ეწეროს, რომ ბანაობა აკრძალულია. ასევე, იყოს ბარიერები, ვინაიდან მხოლოდ საინფორმაციო, გამაფრთხილებელი აბრები საქმეს ვერ უშველის. ისეთი ბარიერი უნდა იყოს მოწყობილი, რომ ფიზიკურად ვერავინ შეძლოს არხში ბანაობა და ჩანჩქერის მორევში შესვლა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და დაავალდებულა თბილისის მერია, რომ მოაწყოს აქ ბარიერები და ბანერები, მერია კვლავ აგრძელებს დავას სააპელაციო სასამართლოში. შემდეგ, ალბათ, უზენაეს სასამართლოშიც იდავებს. სამწუხაროდ, ბარიერები და ბანერები იქ მანამდე არ იქნება, ვიდრე უზენაესი სასამართლო არ დაავალებს მერიას შესაბამისი ქმედების განხორციელებას. ამას კიდევ ორი წელი დაჭირდება. ამიტომ გასულ წელს კარგი ინიციატივა გამოიჩინეს გარემოსდაცვითო საზოგადოებრივი ორგანიზაციის - CENN-ის საზაფხულო ბანაკის მოსწავლეებმა - ე. წ. ჩანჩქერთან ყველაზე გამოსაჩენ ადგილას თვითონ დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი აბრა, თანაც - იმდენად კაპიტალურად, რომ დღესაც აფრთხილებს მოქალაქეებს. საბედნიეროდ, მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახის ტრაგედია მოხდა, იქ არავინ დამხრჩვალა და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი კამპანიის შედეგიცაა, ასევე ამ ბავშვების მიერ დამონტაჟებული აბრაც მუშაობს. თუმცა, აქ რისკი კვლავ რჩება და ამიტომ ვაგრძლებთ სასამართლო პროცესს. იმედია, საბოლოოდ მივაღწევთ იმას, რომ ეს ადგილი დაცული იყოს.

მეორე განსაკუთრებით სახიფათო ადგილი ვარკეთილის მხარესაა. ეს უფრო დიდი პერიმეტრია, ვიდრე თემქის მხარეს არსებული ჩანჩქერი.

500 მეტრის ან 1 კილომეტრის სანაპირო ზოლი იქნება, სადაც, ერთი შეხედვით, კარგი პლაჟი და საბანაო სივრცეა, მაგრამ ოფიციალურად აქ სახელმწიფოს ან კერძო კომპანიის მხრიდან პლაჟი არ არის მოწყობილი. ბევრი დამსვენებელი ჰყავს ამ ადგილს და რეალურად ეს არის არალეგალური, თავად მოქალაქეების მიერ, თვითნებურად მოწყობილი კუსტარული პლაჟი, რომელსაც არც ადმინისტრაცია ჰყავს, არც დამლაგებელი, არც წყლის ხარისხის გამკონტროლებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - არც მაშველები.

- რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულ ადგილებში, რომ საფრთხე ავიცილოთ თავიდან?

- მერიამ უნდა იზრუნოს, რომ გამაფრთხილებელი ბანერები ვარკეთილის მხარესაც დააყენოს და გააფრთხილოს მოქალაქეები, რომ აქ აკრძალულია ბანაობა. თუმცა, აქაც მარტო ეს არ იქნება საკმარისი და სხვა ღონისძიებები იქნება გასატარებელი. შეიძლება გაკეთდეს მესერი ან ჯებირი, ანდა ადგილზე მორიგეობდეს რამდენიმე დარაჯი, რომლებიც 1 კილომეტრის ზოლს მიაქცევენ ყურადღებას და დღის განმავლობაში მოქალაქეებს გააფრთხილებენ, რომ იქ ბანაობა არ შეიძლება. ვინც მათ არ დაემორჩილება, შეიძლება, ამაზე ადმინისტრაციული ჯარიმები დაწესდეს. ამ ყველაფრის მართვა და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება მერიას ევალება. ის, რაც ჩამოვთვალე, სავარაუდო ღონისძიებებია, რაც შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ წესით, ამას ექსპერტიზა სჭირდება და დასკვნების გაანალიზების შედეგად უნდა დაიგეგმოს ამ ტერიტორიის დაცვა.
mshoblebi
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტები, მერები და გამგებლები არიან ვალდებულნი, რომ მათ ტერიტორიაზე არსებული წყლის ობიექტები მართონ. ვარკეთილის მხარეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მეორე მხრიდან რომ შევხედოთ საკითხს, ვინაიდან ხალხი სარგებლობს ამ ადგილით და უკვე არის კუსტარული პლაჟი მოწყობილი, თუკი ქალაქის საზოგადოება და მის მიერ არჩეული მერი და საკრებულო გადაწყვეტს, რომ აქ პლაჟი უნდა მოეწყოს, მაშინ ოფიციალურად უნდა მიენიჭოს მას სტატუსი და მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მომსახურე პერსონალით, იქნება ეს დამლაგებელი, ადმინისტრატორი თუ სხვა. რაც ყველაზე მთავარია, როგორც აღვნიშნე, კანონით, სადაც ოფიციალურად პლაჟია მოწყობილი, იქ მაშველებიც უნდა იყვნენ.

-თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის წინაც დაიხრჩო ორი მოზარდი. რატომ არ ატარებს მერია შესაბამის ღონისძიებებს, რომ ეს ადგილი უფრო უსაფრთო გახდეს?

-ლოგიკური კითხვაა, მაგრამ მერიას ბუნდოვანი პასუხები აქვს. ამბობენ, რომ კანონით პრობლემა მათ არ ეხებათ. ამ დროს სწორედ მათი ვალდებულებაა წყლის ობიექტების, მათ შორის, თბილისის ზღვის მართვა. შესაბამისი ღონისძიებები აუცილებლად მერიამ უნდა გაატაროს.

-თუ არის მონაკვეთები, სადაც განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მოზარდები, მშობლები და ზოგადად რა უნდა გაითვლისწინონ ადამიანებმა ამ მიმართულებით?

-წყალსაცავის ზოგიერთ მონაკვეთზე ნაპირი ისე ღრმა არის, რომ პლაჟის სახე არც აქვს. ეს ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი ფაქტორია.

გასათვალისწინებელია წყალმცენარეებიც, რომლებიც ბევრგან შეინიშნება. წყალმცენარეებიან ადგილებში, განსაკუთრებით, ბავშვები და მოზარდები არ უნდა შევიდნენ, რადგან ძალიან დიდი რისკია, სხეულით მათში გაიხლართონ და ამან გამოიწვიოს დახრჩობა.

ასეთ დეტალებზე საუბარს ალბათ აზრი მაინც არ აქვს, რადგან რეალურად, ყველგან, სადაც მაშველი არ არის, ბანაობა სახიფათოა, განსაკუთრებით კი იმ ორ ადგილას, რომელზეც ვისაუბრეთ. ასევე, ამინდის ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი. თბილისის ზღვას დიდი ე.წ. სარკის ზედაპირი აქვს. ქარიან ამინდში ძალიან ღელავს და ტალღებმაც შეიძლება შეუქმნას ადამიანს საფრთხე. თუმცა, ყველაზე მთავარი, ჩვენი საუბრიდან გამომდინარე რაც შეიძლება შევაჯამოთ, არის ის, რომ სადაც მაშველები არ არიან, ჩავთვალოთ, რომ ბანაობა ყველგან აკრძალულია.

-თბილისის ზღვა ხომ წყალსაცავია, რამდენად რეკომენდებულია ასეთ ადგილებში ზოგადად ბანაობა და პლაჟების მოწყობა?

-თუკი თბილისის საზოგადოება, მერია და საკრებულო გადაწყვეტს, რომ პლაჟი უნდა მოეწყოს და იმ წყალში უნდა ვიბანაოთ, რომელსაც ვსვამთ, ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ მოეწყოს. ერთ-ერთ ბოლო კომენტარში თბილისის მერიის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ სანიტარულ-ჰიგიენურ დოკუმენტზე მუშაობენ, სადაც, იმედია, ეს საკითხები იქნება გათვალისწინებული და გადაწყვეტილი, სტრატეგიულად, წყალსაცავი იმისთვის არსებობს, რომ სასმელი წყალი მიიღოს მოსახლეობამ თუ იმისთვის, რომ პლაჟები და საბანაო სივრცეები მოეწყოს. ასევე, თუკი თბილისის ზღვის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე მუშაობენ, გამოდის, რომ ამ წყლის ობიექტის მართვა მათი კომპეტენციაა და შესაბამისად მათი ვალდებულებაა იმ ორ ყველაზე საშიშ ლოკაციაზე, არც თუ ისე დიდი დანახარჯებით ბარიერების და საინფორმაციო ბანერების მოწყობა.

-ხომ არ გაქვთ სტატისტიკა, ყველაზე ხშირად რა ხდება ხოლმე ადამიანების დახრჩობის მიზეზი თბილისის ზღვაზე?

-ადამიანის უფლებათა ცენტრმა 5 წლის სტატისტიკა გამოითხოვა. თბილისის ზღვაზე 2015 წლიდან 30-მდე ადამიანია დამხრჩვალი. აქედან მესამედი მოზარდია.

სამწუხაროდ, დახრჩობის ზუსტი მიზეზი გაანალიზებული არაა და ალბათ, ვერც დავადგენთ, რადგან გამოძიებები, რაც მიმდინარეობს, აბსურდული მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება ხოლმე და როგორც წესი, მთავრდება იმით, რომ საქმე იხურება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

საგამოძიებო ორგანოები კომპლექსურად უნდა უდგებოდნენ ამ საკითხს და უნდა იკვლევდნენ, ხომ არ არის სამსახურებრივი გულგრილობა ან სხვა ტიპის სამოხელეო დანაშაული, თუნდაც იმ ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებმაც იცოდნენ, რომ ეს საშიში ადგლი იყო და არაფერი გააკეთეს უსაფრთხოებისთვის. მსგავს კითხვებს გამომძიებლები, ფაქტობრივად, არ სვამენ. შესაბამისად, არ ვიცით, ობიექტურად ეს შემთხვევები რას უკავშირდება, რამ გამოიწვია და ვინ იყო დამნაშავე.

-რა შეგიძლიათ უთხრათ მშობლებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მოზარდი შვილები ჰყავთ და უჩნდებათ ხოლმე სურვილი, რომ თბილისის ზღვაზე წავიდნენ?

-როგორც წესი, აკრძალვა და მსგავსი მკაცრი მიდგომა მოზარდებზე საპირისპიროდ მოქმედებს. ეს ისეთი ასაკია, როდესაც ადამიანი თვითდამკვიდრებას ცდილობს და მშობლებისგან დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. 2016 წელს ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ თბილისის ზღვაზე აპირებდა წასვლას. მე ეს ავუკრძალე და ვუთხარი, რომ იქ არავინ იცავს ადამიანს. ერთი წლის შემდეგ მოხდა ის, რომ მან მომატყუა, თითქოს ვაკის პარკში მიდიოდა სავარჯიშოდ, რადგან იცოდა, რომ ზღვაზე წასვლას ავუკრძალავდი. მერე გავიგე, რომ წინა დღეს თავის მეგობრებთან ერთად დაუგეგმავს თბილისის ზღვაზე სავარჯიშოდ წასვლა ისე, რომ მე არაფერი ვიცოდი. ამიტომ, აკრძალვა არ არის ეფექტიანი მეთოდი. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო ბავშვებთან, რომ ვიცოდეთ, რას გეგმავენ. მშობლებს და შვილებს უნდა გვქონდეს თანამშრომლობა და ურთიერთგაგება. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა იცოდნენ ცურვა. საქართველო წყლის ობიექტებით მდიდარია და კარგი იქნება, თუ მშობლები ამ საკითხზე იზრუნებენ და პატარა ასაკიდანვე შეასწავლიან ცურვას ბავშვებს, რადგან მერე ცურვის სწავლა ძალიან ძნელია. ასევე, მნიშვნელოვანია, როცა ამა თუ იმ წყლის ობიექტზე გეგმავს ოჯახი გასვლას და დასვენებას, უფროსებიც იყვნენ კარგად ინფორმირებული, სად მიდიან, რა ტიპის რისკებია მოსალოდნელი, რათა არც საკუთარი თავი ჩააგდონ საფრთხეში და არც ბავშვები.

თამარ იაკობაშვილი


4893
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ლია
0
არაგვის წყალის დამსახურებაა რომ ხარისხიანი წყალი მოდის ონკანში
16:28 / 25-07-2020
თინათინი
0
მე ვიცოდი რომ თბილისის ზღვა მდ. იორით ივსებოდა, ჩემთვის სიახლეა არაგვის წყლის შესახებ
07:38 / 25-07-2020
მსგავსი სიახლეები