დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს. როგორც მან გადაცემა "სხვა შუადღეში" სტუმრობისას აღნიშნა, მოქალაქეთა ძალიან მცირე რაოდენობა მიმართავს ლაბორატორიულ ცენტრებს პისიარ ტესტებზე შემოწმებისთვის.
"თვითდინებით ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს ლაბორატორიებს პისიარ ტესტირებაზე. არადა ეს აუცილებელია. თუ ვინმეს აქვს ტემპერატურა ან სხვა რაიმე სიმპტომი, უნდა მიმართოს შესაბამის ამბულატორიულ ცენტრს. მართალია, სხვა უამრავი მიზეზით შეიძლება ტემპერატურამ აგიწიოთ, შეიძლება უბრალოდ გაცივდეთ, მაგრამ ასევე შესაძლებელია ამ კლინიკური ნიშნების ქვეშ იმალებოდეს კოვიდინფექცია. განსაკუთრებით მშობლებს მივმართავ. კოვიდინფექცია ბავშვებში შეიძლება იწყებოდეს დიარეით, ამიტომ როცა ტემპერატურაა, აუცილებელია მივმართოთ ამბულატორიულ ცენტრებს, სადაც ხდება ნაცხის აღება და გამოკვლევა პისიარტეტირებაზე. ეს აუცილებელია" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"თუ ეპიდსიტუაცია დაახლოებით იმგვარი გვექნება, როგორიც დღეს არის, იქნება მართვადი და არ გაგვექცა კონტროლიდან, სწავლის დაწყებას ხელს არაფერი შეუშლის. თუმცა, რა თქმა უნდა, მუშავდება გარკვეული რეგულაციები - რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს ერთ საკლასო ოთახში, როგორ უნდა ხდებოდეს ვენტილაცია, უნდა იყოს ხელის ხშირად საპნით დაბანის საშუალება, აუცილებელი გახდება თერმოსკრინინგი" - განაცხადა გამყრელიძემ. რაც შეეხება სიახლეებს კოვიდსაწინასაღმდეგო ვაქცინასა და სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით, გამყრელიძის თქმით, სავარაუდოდ, ვაქცინა უფრო ადრე იქნება, ვიდრე პირდაპირი მოქმედების მედიკამენტი.
"დიდი ალბათობით, ვაქცია წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. 7-8 ვაქცინაა მესამე ფაზის კლინიკურ კვლევებში. ძალიან დიდი იმედებია და ქვეყნები წინასწარ იხდიან ფულს, ჩვენც იტენსიურად ვმუშაობთ რამდენიმე კომპანიასთნ, რომ როცა ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული იქნება, მასზე საქართველოს მოსახლებასაც მიუწვდებოდეს" - ამბობს გამყრელიძე.