რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბათუმიდან ერთდროულად 17 ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათგან 4 უმძიმეს მდგომარეობაშია.
აი, რა ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში:
"მეგობრებო, ამას ვწერ, რადგან გუშინ დავბრუნდი იაშვილის კლინიკიდან, სადაც 17 მცირეწლოვანი ბავშვი წევს, საიდანაც 4 უმძიმეს მდგომარეობაშია - გაჩერებული აქვთ ორივე თირკმელი, უკეთებენ დიალიზს ყოველდღიურად, მაღალი სიცხეები, რომელსაც ვერ არეგულირებენ ანტიბიოტიკებით, სხვა სირთულეებთან ერთად. ყველა ბავში ან ბათუმის მკვიდრია ან მშობლებთან ერთად დასასვენებლად იყო ბათუმში. ყველას ორგანიზმშია ნაწლავური ჩხირი "Escherichia coli". როგორც ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა პასუხი, ეს ჩხირი ბავშვების ორგანიზმში წყლის საშუალებით შევიდა, ზღვა თუ დასალევი წყალი, ეს არ ვიცით. ბავშვები 3 წლიდან 11 წლამდეა და მართალია იაშვილის კლინიკაში ყველაფერს აკეთებენ ამ ბავშვებისათვის და მათი ორგანიზმიდან ბაქტერიის გამოსადევნად, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. ეს ბავშვები ექიმებთან ერთად ყოველ წუთს ებრძვიან ამ საჩინელ ჩხირს, რომ იცოცხლონ. 17 ბავშვიდან 1 ჩემი დეიდაშვილის შვილია 3 წლის ალეკუნა, მე არ გთხოვთ დახმარებას ფინანსურად, მხოლოდ იმას გთხოვთ რომ გააზიაროთ პოსტი, რომ სხვა ბავშვები რომლებიც ბათუმში ცხოვრობენ ან დასასვენებლად იმყოფებიან ან ჩავლენ მოარიდონ დასალევ წყალს ყველა გზით რომ ისინი მაინც ავაცილოთ ამ საშინელ ვირუსს თუ ჩხირს, აღარ ვიცი რა დავარქვა.
საწყისი სიმპტომებია:
მუცლის ღრუში ტკივილი, დიარეა და სიცხე".
საკითხზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, ივანე ჩხაიძეს დავუკავშირდით:
"ეს ინფორმაცია სწორი არ არის, 17 ბავშვი ჩვენთან არ გადმოუყვანიათ. ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ბავშვი მოიყვანეს. ჩვეულებრივი სეზონური მატებაა თირკმლის უკმარისობის, რომელიც ნაწლავური ინფექციის ფონზე განვითარდა. მარტო ბათუმიდან კი არა, მთელი საქართველოდან მოჰყავთ ბავშვები. რა თქმა უნდა, მომართვიანობა მეტია, ვიდრე წინა თვეს, მაგრამ ის, რომ 17 ან თუნდაც 5 ბავშვი ერთდროულად შემოეყვანოთ ბათუმიდან, ასე არაა", - ამბობს ივანე ჩხაიძე.
თამარ იაკობაშვილი