როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სრულად კონტროლირებადი და მართვადია.
„ზოგადად, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლირებადია. დღევანდელი მონაცემებით, 1336 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. საკმაოდ ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გარკვეულწილად 3 საყურადღებო წერტილი გვაქვს. ერთი - კვლავ რჩება მესტიის მუნიციპალიტეტი, სადაც 3367 PCR კვლევა ჩატარდა. დამატებით 1009 კვლევა ჩატარდა მესტიის გარეთ, რადგან ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიაში ნამყოფმა ადამიანებმა ლაბორატორიებს მიმართეს. მთლიანად მესტიასთან დაკავშირებული გვაქვს 47 დადებითი შემთხვევა, რომელშიც შედის ყველაზე დიდი, ე.წ. ლენჯერის კლასტერი და ასევე სხვა კონტაქტები.
მეორე საყურადღებო წერტილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც 14 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათგან 4 საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ხოლო 10 კონტაქტი. მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 377 PCR კვლევაა ჩატარებული.
მესამე, ასევე საყურადღებო წერტილი ორი დღის წინ ქობულეთში გაჩნდა, სადაც დღეისთვის 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სამივე უკავშირდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კაფე „ჰავანას“, სადაც დაწყებულია ინტენსიური კვლევები როგორც ამ ადამიანების კონტაქტებთან, ასევე თავად კაფეში.
91 PCR კვლევა ჩატარდა და 3-ია დადებითი, ხოლო 4-ზე დამატებითი ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. პარალელურად, ქობულეთის შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტირებულ პირებში სწრაფი ტესტები ჩატარდა და ჯერჯერობით ყველას შედეგი უარყოფითია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი შეფასებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველა შემთხვევა მართვადია, რადგან კლინიკურად მძიმე შემთხვევები არ არის.
„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია ცირკულირებს.
ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ურჩევს, სიფრთხილე გამოიჩინონ და არსებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ.
„ვფიქრობ, საზოგადოების დამყოლობა იზრდება, მაგრამ ხშირად უნდა შეახსენოთ მოსახლეობას, რომ შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქების პერიოდში შემთხვევათა ზრდა გვექნება, მაგრამ 10-15-20-25 შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის. ამ შემთხვევებს ჯანდაცვის სფერო საკმაოდ აქტიურად და კარგად მართავს. მთავარია, დავიცავთ ის რეკომენდაციები, რასაც მუდმივად ვიძლევით. რასაც ვაკვირდები, პირბადის ტარების წესი უკვე შემოსულია ჩვენს ცხოვრებაში. მართალია, ერთეული დარღვევები არის, მაგრამ ზოგადად, პირბადეს ადამიანები დახურულ შენობებში ატარებენ, შესაბამისი თვითშეგნება გაზრდილია. ასევე ცდილობენ, რომ დისტანცია დაიცვან. ყველაზე კარგად იცავენ ხელების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების წესს. საზოგადოებაში ეს შეგნება არის, მაგრამ საჭიროა, არ დაგვავიწყდეს და არ მოვეშვათ. შემოდგომაზე კორონავირუსული ინფექციის შემთხვევები გვექნება, მაგრამ მთავარია, რომ ეს შემთხვევები ბევრი არ იყოს. მოსახლეობაში სიფრთხილეა საჭირო, რომ არ მოეშვან. უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია ცირკულირებს და ის შეიძლება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადგილზე გამოჩნდეს. მთავარია, რომ სწრაფად ჩავაქროთ ეს ცხელი წერტილები, როგორც მაგალითად, სვანეთის შემთხვევასთან დაკავშირებით ვიმოქმედეთ. ბოლო 3 დღეა, სვანეთში ტესტირებულ მასალაში შემთხვევები არ გვაქვს, რაც კარგია“, - განაცხადა გამყრელიძემ.