ორი დღის წინ 9 წლის ბიჭი პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდები იარაღით თამაშობდნენ. ბავშვს ქირურგიული ოპერაცია უტარდება და საქმეზე გამოძიებაცაა დაწყებული. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ერთი შეხედვით, უსაფრთხო იარაღით ბავშვები დაზიანებებს იღებენ. დავინტერესდით, რამდენად დასაშვებია ბავშვისთვის პნევმატურ იარაღზე წვდომა და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როდესაც გადაწყვეტენ, რომ შვილებს ასეთი იარაღი აჩუქონ. ამ კითხვებით იარაღის მაღაზიებს დავუკავშირდით:
"პნევმატური იარაღი განკუთვნილია იმისათვის, რომ ბავშვმა მიზანში სროლა ისწავლოს. კალიბრი ყველა პნევმამტურ თოფს ერთნაირი აქვს, თუმცა ტყვიის სიჩქარეა განსხვავებული. საბავშვო თოფს, რომელსაც, როგორც გითხარით, მიზანში სროლისთვის იყენებენ, ტყვიის სიჩქარე 150 აქვს. რა თქმა უნდა, თუ ბავშვს უფროსის მეთვალყურეობის გარეშე პნევმატური იარაღის გამოყენების საშუალებას მივცემთ, სარისკოა. აღნიშნულ იარაღს არასრულწლოვნებზე არ ვყიდით. მას კანონმდებლობით გაფორმება არ სჭირდება. როცა ვყიდით, რეკომენდაციებსაც თან ვაძლევთ მოქალაქეებს. მაგალითად, არ შეიძლება დასახლებულ ადგილში სროლა, ასევე, არ შეიძლება ადამიანის სიმაღლეზე სროლა. ვინც რეკომენდაციებს ითვალისწინებს, არავინ ზიანდება. უბრალოდ, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ ბავშვს არ უნდა ვანდოთ იარაღი." - გვითხრეს იარაღების ერთ-ერთ მაღაზიაში.
"არასრულწლოვნისთვის პნევმატური იარაღის მიცემა, მშობლის მეთვალყურეობის გარეშე, არ შეიძლება, იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია. გააჩნია იარაღის სიმძლავრეს, შეიძლება თვალი ამოითხარონ ან მსუბუქი დაზიანება მიიღონ. როგორც გითხარით, იარაღები სიძლიერით განსხვავდება ერთმანეთისგან. უსაფრთხოების წესები ყველა მათგანს მოყვება. მაგალითად, არ შეიძლება დატენილი იარაღის დატოვება, დიდი დისტანციის დაცვაა საჭირო და უსაფრთხო სივრცეში გამოყენება." - აღნიშნეს იარაღების კიდევ ერთ მაღაზიაში.
თამარ იაკობაშვილი