სოციალური ქსელებიდან ხანდახან ბევრ საინტერესო რამეს ვიგებთ. თუმცა, პარალელურად, არსებობს ტენდენციები, წამოწყებები და "ჩელენჯები", რომლებიც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში იყოს. ამჯერად ახალი გამოწვევის შესახებ ვსაუბრობთ, რომელზეც უცხოური მედია წერს და ათობით გოგონა იღებს მონაწილეობას.
ხალს ზოგიერთი ადამიანი გარეგნობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად თვლის და მის მოშორებას ცდილობს. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე საიმედო გამოსავალი ექიმთან ვიზიტი და კონსულტაციის გავლაა, რომ ხალის მოშორებისას უსიამოვნება და შფოთვა თავიდან ავიცილოთ და თანაც ექიმმა უნდა დაადგინოს ხალის წარმომავლობა, ნაირგვარობა და მანვე გადაწყვიტოს, რამდენად უსაფრთხოა მისი ამა თუ იმ გზით მოცილება.
თუმცა, ბევრმა ადამიანმა ექიმთან ვიზიტი საერთოდაც არ ჩათვალა საჭიროდ და ყოველგვარი კონსულტაციისა და კვალიფიციური რჩევის გარეშე, ხალხურ მეთოდებს მიმართა, რასაც ინტერნეტმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი და ტრენდი ფართოდ გავრცელდა.
ახალი გამოწვევა კი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით TikTok-ის მომხმარებლებისთვის, გახდა პოპულარული. გოგონები მთელი მსოფლიოდან სახლის პირობებში იცილებენ ხალებს და შემდეგ ვიდეოებს და ფოტოებს ავრცელებენ. ვიღაც სახიდან ცდილობს მოშორებას, ვიღაც ტანიდან. ზოგი სხვადასხვა საგნით იცლის, ზოგი კი გაურკვეველ მალამოს ან სხვა ქიმიურ შენაერთს ამზადებს და კანზე ისვამს. ვიდეოს ბოლოს კი გოგონები ხალისგან განთავისუფლებულ სუფთა კანს აჩვენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა შესაძლოა უსაფრთხოდ გამოიყურებოდეს, მას სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სულ რომ არაფერი, ყველას გვემახსოვრება, ბავშვობიდანვე როგორ გვირჩევენ მშობლები და უფროსები, რომ ხალი არ დავიზიანოთ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თითოეული ხალის გაჩენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, დაწყებული ინფრაწითელი დასხივებით, დამთავრებული ასაკობრივი ცვლილებებით. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში სიფრთხილე და ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.
თემაზე დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას დავუკავშირდით:
- ამ თემასთან დაკავშირებით, არაფერი მსმენია, თუმცა, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, საგანგაშოა, რადგან კანზე ნებისმიერი წარმონაქმნი დერმატოლოგის მიერ დერმატოსკოპით უნდა შეფასდეს და შემდგომ უნდა გადაწყდეს, ეს წარმონაქმნი საჭიროებს თუ არა ქირურგიული გზით მოშორებას. რაც შეეხება საფრთხეებს, შესაძლებელია აღნიშნული წარმონაქმნი არაკეთილთვისებიანი იყოს და თვითნებურად მოშორებით იქ დარჩეს ატიპიური უჯრედები და განვითარდეს მეტასტაზები. კანზე ნებისმიერი არასწორად გაკეთებული მანიპულაცია, შესაძლებელია ინფექციების განვითარების რისკიც იყოს. ზოგადად, პაციენტებს წარმონაქმნებზე დაკვირვებას ურჩევენ ხოლმე. არსებობს წესი, რომელსაც ABCD წესი ჰქვია და ამ წესის მიხედვით ხდება შეფასება. თუ წარმონაქმნი გახდა ასიმეტრიული, შეიცვალა საზღვარი, ფერი, დიამეტრი, პაციენტი გადაგვარებას ამჩნევს, ამ შემთხვევაში ეს არის ძახილის ნიშნები და დერმატოლოგს უნდა მიმართონ, რომელიც დერმატოსკოპით შეაფასებს. თუ დადასტურდა შესაბამისი ნიშნები, რომლებიც ავთვისებიან წარმონაქმნს შეესაბამება, მაშინ უნდა გაკეთდეს ბიოფსია და გადაწყდეს ოპერაციის გზით მისი მოშორების საკითხი. აქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფაქტი საგანგაშოა და არ არის რეკომენდებული. იმედი მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალი ექიმების მხრიდან შესაბამისი შეფასება გაკეთდება.
თამარ იაკობაშვილი