დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ დღეს "იმედის დილაში" კორონავირუსის ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, რადგან შეზღუდვები მოიხსნა. ხშირად გაჟღერდა ვარაუდი, რომ კორონავირუსი გარკვეული დროის შემდეგ უფრო მეტად მოერგებოდა ადამიანის ბუნებას და ნაკლებ საზიანო იქნება. შეხედულებაზე პაატა იმნაძემ აღნიშნა:
"სამეცნიერო კვლევებს ველოდებით. ამას მტკიცებულებები სჭირდება. მაგრამ, გარედან თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მოგვეჩვევა ადამიანებს, მით უფრო ნაკლებად ლეტალური გახდება ჩვენთვის. ჩანს, რომ ასე ხდება. მაგრამ, მსოფლიოში ამ ვირუსისგან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. მაგის იმედზე ნუ ვიქნებით, ვეცადოთ არ დაგვემართოს. მესმის, ხალხი დაიღალა, მაგრამ არ არის აუცილებელი, 500-კაციანი ქორწილი გადავიხადოთ." - განაცხადა პაატა იმნაძემ.
სექტემბერში ბევრი ადამიანი გეგმმავს დასვენებას ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ახლა კორონავირუსის შემთხვევების მატება შეინიშნება. ამიტომ, ბევრს აინტერესებს, რეკომენდებულია თუ არა იქ წასვლა, რაზეც პაატა იმნაძემ თქვა:
"არავითარი თავშეკავება არ არის საჭირო, ბათუმში იქნება, ქობულეთში, მესტიასა თუ სხვაგან გამგზავრებაზე. წესი ყველგან უნდა დავიცვათ. თბილისი იქნება, ლანჩხუთი თუ შატილი. ყველაფერი გახსნილია და კვლავ იხსნება, რაც დარჩენილი იყო. მაგრამ, ჩვენ თუ არ დავიცავთ წესებს, იმის იმედად, რომ ეპიდემიოლოგები ყველა შემთხვევას იპოვნიან, ნუ ვიქნებით იმიტომ, რომ ჩვენს შესამძლებლობებსაც აქვს ზღვარი. დავიცვათ ელემენტარული წესები. გავიკეთოთ ნიღაბი დახურულ სივრცეში. ღია სივრცეში დისტანცია დავიცვათ, თუ ვერ ვიცავთ, მაშინ, იქაც გავიკეთოთ და დავიმუშაოთ ხელები. ესაა, რაც უნდა გავაკეთოთ. კორონა იქნება, მაგრამ ცოტა. თუ არ დავიცავთ - ბევრი."
მან ასევე განმარტა, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება იმ ადამიანებმა, ვინც ბათუმიდან ახლახანს დაბრუნდა:
"თვითმონიტორინგზე გაიცა რეკომენდაცია, ანუ ყურადღება მივაქციოთ სიმპტომებს და მაინც მივიდეთ და ტესტირება ჩავიტაროთ. იმ შემთხვევაშიც, თუ სიცხე 37,1 გვაქვს. უმრავლესობა მართლა გადაიტანს ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მაგრამ თუ მას არ ჰყავს დედა, მამა, ბებია, ბაბუა. არ ჰყავს სანათესაოში რომელიმე ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი, რომლის მოკვლასაც აპირებს."
პაატა იმნაძემ გრიპის ვირუსზეც გააკეთა განმარტება და მოსახლეობას ურჩია, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის პირველ ნახევრამდე გაიკეთონ აცრა, რადგან, მისი თქმით, გრიპის სეზონი ჩვენთან ნოემბრის მეორე ნახევრიდან იწყება.
მან ასევე ისაუბრა, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოებს რესურსი არ ეყოფათ, როგორ უმკურნალებენ უსიმპტომო პაციენტებს:
"როცა ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავთ საზღვარგარეთ, სახლში არიან უსიმპტომო პაციენტები და ექიმიც არ ელაპარაკებათ, ადამიანები ჰყავთ გადამზადებული და ისინი აძლევენ რჩევა-დარიგებებს. ჩვენთან ყველა პაციენტი ჯერჯერობით საავადმყოფოშია. მათგან ბევრს განსაკუთრებული მკურნალობა არ ესაჭიროება, მაგრამ ეს კეთდება იმიტომ, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია მოხდეს. აქიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კარგი სასტუმრო შეირჩევა და უსიმპტომო ადამიანები კარანტინის რეჟიმში იქნებიან, რა თქმა უნდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ." - განაცხადა იმნაძემ.