- ჩვენ ვუახლოვდებით იმ ზღურბლს, რომ მწვანე ზონის სტატუსი დავკარგოთ. ეს ნიშნავს, რომ ბევრი მექანიზმი უნდა ამუშავდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ არის კატასტროფის მომასწავებელი, თუმცა ძალიან საყურადღებო სიტუაციაა. ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლისთვის აქვს A, B და C გეგმები და მაქსიმალური მობილიზების პირობებში, როგორც ჯანდაცვის სისტემის მესვეურები ამბობენ, შეუძლიათ 10 000-დან 12 000 საწოლამდე გამოყონ. ქვეყანამ თავის გეგმებში შეიტანა ცვლილება, რომ
მსუბუქ და ასიმპტომურ შემთხვევებს, ძირითადად, საკარანტინო სივრცეში, ექიმების მეთვალყურეობით უმკურნალებენ, რაც მისასალმებელია.
ამ ცვლილების გათვალისწინებით 10 000 საწოლის მობილიზება რომ დასჭირდეთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს 150 000 ავადმყოფი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ არ ველოდებით კოლაფსს ვაქცინის შექმნამდე, მით უფრო, რომ ბიოტექნოლოგიური მეცნიერებები აჩქარებულია და ვაქცინას ელოდებიან ამ წლის ბოლოს, ან გაზაფხულზე.
ასეთ სიტუაციაში შემაკავებელი ფაქტორი არის ადამიანების მაღალი თვითშეგნება, სოციალური დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება. თუ ჩვენ სახელმწიფოს ამაში დავეხმარებით, არავითარი წითელი ზღვარი თუ გაწითლება ქვეყანას არ ელოდება, ყვითელში კი, ალბათ, გადავალთ, რადგან იქამდე ერთი ნაბიჯი გვაქვს დარჩენილი.
აჭარაში აღმოჩენილი შემთხვევების რაოდენობით ეს რეგიონი სტატისტიკურად უკვე წითელ ზონას შეესაბამება, თუმცა იქაც არ არის ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი და ვითარებას მეტ-ნაკლებად უმკლავდებიან. სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით ქვეყანა, ალბათ, განსაკუთრებულ შეზღუდვებს არ დააწესებს, მაგრამ თუ ვითარება გართულდება, სავარაუდოდ, მოგვიწევს უკან დაბრუნება. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ.