ბავშვის ქცევასა და კვების მოდელს შორის კავშირი სხვადასხვა კვლევითაა დადასტურებული. არსებობს საკვები, რომელთა აუტანლობაც შესაძლოა ქცევითი დარღვევების მაპროვოცირებელი იყოს. რომელი საკვები ნივთიერებები უწყობს ხელს ქცევის დაბალანსებას და რატომაა აუცილებელი, რომ მშობელმა იცოდეს ლაქტოზისა და გლუტენის აუტანლობის შესახებ. სწორედ ამ თემაზე ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მარი მალაზონია გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობს:
- არაერთხელ მითქვამს სხვადასხვა ტიპის კვლევის შესახებ, რომლებიც კვებასა და ბავშვის ქცევას აკავშირებს ერთმანეთთან. შემთხვევით არ ვახსენებ ამ კავშირს იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული, საერთაშორისო პუბლიკაციები არსებობს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მტკიცებით მედიცინაში გამოყოფილია ზოგიერთი ბრალდებული პროდუქტი და ასევე ზოგიერთი საკვები ნივთიერება, რომელთა დახმარებით შეიძლება ბავშვის ქცევა უკეთესი იყოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქცევა და ტვინის ჯანმრთელობა ძალიან ხშირად საერთო კონტექსტშია განხილული. უკეთ მომუშავე ტვინი ავრტომატურად შეიძლება ნიშნავდეს უკეთ მოაზროვნე ტვინს, უკეთ რომ დაიმახსოვრებს, ისეთ ტვინს, უკეთ რომ მოახერხებს კონცენტრირებას, გარდაქმნის საკუთარ აზრებს ქცევებად და ასე შემდეგ. ეს ტრანსფორმაციები რომ საღი იყოს, დადგინდა, რომ არის რამდენიმე ჯგუფის პროდუქტი, რომელთა განხილვა მტკიცებულებით მედიცინას ბრალდებულის რანგში შეუძლია. გაგიკვირდებათ, მაგრამ, ასეთი პროდუქტები შეიძლება იყოს, მაგალითად, რძე და რძის ნაწარმი იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ჯერ არ აქვთ ლაქტოზის აუტანლობა დადგენილი. იმიტომ, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მას საკუთარი განცდების დიფერენცირება უჭირს. მაგალითად, რა მოხდება თუ ჩვენთვის მიუღებელ საკვებს შევჭამთ? თუ ლაქტოზის აუტანლობა მაქვს, მაშინ რძის მირთმევის შემდეგ, რომელიც ძალიან სასარგებლოა და ძალიან სჭირდებათ ბავშვებსა და მოზარდებს, მექნება დისკომფორტი, რომელსაც სახელს ვერ ვარქმევ. რძის დალევისას, რომელიც მშობელმა დიდი სიყვარულით მოამზადა, ბავშვს მუცელი ასტკივდება. მაგრამ, ის დიფერენცირებას ვერ აკეთებს, სად სტკივა. უსიამოვნო შეგრძნება აქვს იმიტომ, რომ ნაწლავები გადაბერილია. გაზწარმოქმნაა, რომელსაც სახელს ვერ არქმევს ბავშვი, ყურყური, რომელიც მას დისკომფორტს უქმნის, აღიზიანებს, მაგრამ არ შეუძლია სიტყვებით გადმოგვცეს. ამის უკან სხვა არაფერია, თუ არა საკვები, რომელიც ვერ აიტანა. აღმოჩნდა, რომ გლუტენის აუტანლობა, პურისა და პურპროდუქტების მირთმევის შემდეგ წარმოჩინდება. სხვათა შორის, შვრია, ჭვავი, პროცესირებული პროდუქტები, როგორებიცაა, ძეხვი, სოსისი, კეტჩუპი, რომელიც პატარებს შეიძლება ძალიან მოსწონდეთ და უყვარდეთ, ამ ჯგუფში გადის.
იგივე ჩივილები შეიძლება იყოს გლუტენის აუტანლობის დროსაც. ამიტომ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ ადრეულ ასაკში ბავშვს კონკრეტული საკვების აუტანლობა არ აქვს დიფერენცირებული, დიაგნოზი არ არის ჯერ კიდევ დადგენილი, მაშინ შეიძლება ჩვეულებრივი პურის და რძის მიღების შემდეგ, ლაქტოზისა და გლუტენის აუტანლობის მქონე ბავშვი გახდეს იმაზე უფრო გაღიზიანებული და ცუდი ქცევის, ვიდრე ამ პროდუქტების გარეშე იქნებოდა. ამ ბავშვს ქცევითი დარღვევა კი არ აქვს, არამდე საკვების აუტანლობაა მაპროვოცირებელი. დღეს უკვე დადგენილია, რა პრობლემებამდე მივყავართ უკიდურესად შებრაწული, მდუღარე ცხიმში მომზადებული, სისტემატურად დაკონსერვებული პროდუქტების გამოყენებას. ასევე, ვსაუბრობთ ხოლმე, მაგალითად, სხვადასხვა დანამატის გამოყენებაზე. დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ ისევე, როგორც ანთებითი პროცესების ხელშემწყობი, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის, ონკოლოგიური პროცესების ხელშემწყობი, შეიძლება აღმოჩნდეს პროცესირებული პროდუქტების ყოველდღიური, სისტემატური მოხმარება. არც ძეხვს ვერჩი და არც სოსისს, ერთჯერადად, ხანდახან მათი მირთმევა არანაირ პრობლემას არ ქმნის. აქ საუბარია მუდმივ მოხმარებაზე, როდესაც ეს პროდუქტები ბავშვის კვების მთავარი საგანი ხდება და განსაკუთრებით იმ ბავშვების შემთხვევაში, ვისაც მონოტონური კვება აქვთ, ანუ აჩემებული აქვთ საყვარელი პროდუქტები, რასაც მერე მშობელიც უწყობს ხელს, რომ ბავშვი მშიერი არ დარჩეს. აღმოჩნდა, რომ კონკრეტული საღებავები, მაგალითად ტარტრაზინი და რამდენიმე წითელი და ლურჯი საღებავი ჰიპერაქტივობის სინდრომის გააქტიურებას იწვევს. ამიტომ, საერთაშორისო რეკომენდაციებით, კონკრეტულად ის დანამატები, რომლებიც უფროსებისთვის არანაირ პრობლემას არ ქმნის, მაქსიმალურად შეზღუდულია ბავშვთა კვებაში.
რაც შეეხება ხელშემწყობ პროდუქტებს, ეს გახლავთ ბოლო კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელსაც გაგიზიარებთ. რამდენიმე ძრითადი პროდუქტი დასახელდა. ესაა მაგნიუმის, თუთიის, რკინის, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის, D და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტები. ძალიან მნიშვნელოვანია ცილის როლი. თუთია ძალიან ბევრ სისტემაზე ერთდროულად მუშაობს, მათ შორის, ჰორმონულ სტატუსზე. მას დიდი რაოდენობით შეიცავს თევზი და ზღვის პროდუქტები, თხილი, ნიგოზი, ნუში, სხვადასხვა სახის თესლი, მზესუმზირა, გოგრის თესლი, მარცვლეული, პარკოსნები და ასე შემდეგ. რკინის შეუცვლელი წყარო წითელი ხორცია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოველური წარმოშობისა და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების კომბინაცია ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კვერცხის კომბინაცია ისპანახთან ერთად, ან კვერცხის კომბინაცია სოკოსთან და სატაცურთან ერთად. ცილის წყარო გახლავთ ასევე ნიგოზი. არ დაგავიწყდეთ, რომ B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია პარკოსნები, სხვადასხვა სახის მარცვლეული, ლობიო. D ვიტამინი მზის სხივებით კარგად სინთეზირდება, მაგრამ შემავსებლად შეიძლება გამოვიყენოთ პროდუქტებიც. წყლისა და მცენარეული ცხიმების ადექვატური მოხმარება, რომელშიც გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებია, უმნიშვნელოვანესი კომბინაციაა ხილთან და ბოსტნეულთან ერთად, რომ ბავშვმა დაბალანსებული საკვები მიიღოს. აღმოჩნდა, რომ ასეთი კვების მოდელის შემთხვევაში, ბავშვის ქცევა მაქსიმალურად გაწონასწორებულია მაშინაც კი, თუ მას ქცევითი დარღვევები აქვს. ჩვენ დაბალანსებული კვებით პრობლემების მოგვარებაში დავეხმარებით.