საუზმე ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღმოჩნდა, რომ ის უშუალოდაა დაკავშირებული თავის ტვინის მუშაობასთან, დამახსოვრებისა და კონცენტრაციის უნართან. სწორედ ამ თემაზე ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მარი მალაზონია გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობს:
- ცნობილი ფაქტია, რომ ტვინს გამოფხიზლებისთვის დილით ხელ-პირის დაბანა ძალიან ეხმარება. როდესაც წყლის დალევაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ნუტრიციული თვალსაზრისით, შეგვიძლია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად სწორია ყველასათვის დილით უზმოზე წყლის დალევა, მაგრამ გამოფხიზლების თვალსაზრისით, აღმოჩნდა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიც ფხიზლდება იმიტომ, რომ ტუჩს შეეხება თუ არა ინფორმაცია, ის უკვე ახალი ეტაპისთვის ემზადება. მაგრამ, ამავე დროს, სულ ვამბობთ ხოლმე, რომ საუზმე არა მარტო გამოფხიზლებაში გვეხმარება, არამედ ის შეიძლება აღმოჩნდეს მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები იმიტომ, რომ ტვინს საკვები ნივთიერებების პირველ ულუფას აწვდის, მთელ ორგანიზმს ასაზრდოებს აუცილებელი ნივთიერებებით და ეს განსაზღვრავს ადამიანის შრომისუნარიანობას, ორგანიზმის დაცულობას ანუ იმუნიტეტს, სასიცოცხლო რესურსებს და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ საუზმეს ტვინთან პირდაპირი კავშირი აქვს. საუზმე შეიძლება იყოს განმსაზღვრელი იმისა, თუ დღის პირველ ნახევარში როგორ იმუშავებს ჩვენი ტვინი, რამდენად კონცენტრირებული იქნება და რამდენად შეძლებს დამახსოვრებას. ორი სხვადასხვა ტიპის საუზმე შეადარეს. მეც შევადარებ: ერთი ტიპის საუზმე გახლავთ, მაგალითად, ძეხვი, სოსისი ცხიმთან, კარაქთან ან კვერცხთან ერთად შემწვარი. ასევე, დილით შეიძლება ძალიან ბევრი ნუგბარი იყოს გამოყენებული. დიდი რაოდენობით ფუმფულა კრუასანები და ნებისმიერი ფუნთუშა ან უბრალოდ ძალიან ფუმფულა პური, სხვადასხვა სახის ნამცხვარი, კარგად დაშაქრული ჩაი უდაოდ დაგანაყრებთ, თანაც კარგად. ბებოები და ბაბუები განსაკუთრებით კმაყოფილები არიან, თუ შვილიშვილები სკოლაში ან ინსტიტუტში წასვლის წინ ასე დანაყრდებიან. მაგრამ, რომ შევადაროთ, რა მოხდება, თუ ჩვენ მთლიანი ხორბლის მარცვლისგან მომზადებულ ფაფას გამოვიყენებთ?გამოვყოფ, მთლიანი ხორბლის მარცვლისგან, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენი ზოგიერთი კოლეგისა და ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილებით, სწორედ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ხორბალი ქატოს ნაწილს ინარჩუნებს, შეგვიძლია მცენარეულ ბოჭკოზე ვილაპარაკოთ, ამავე დროს, ვსაუბრობთ B ჯგუფის ვიტამინებით, მცენარეული ცილებით, ნახშირწყლებით, მაგნიუმით დატვირთულ პროდუქტზე. ეს ძალიან კარგია, განსაკუთრებით თუ ლურჯ მოცვთან ერთად გამოვიყენებთ. ამიტომ, მარცვლეული, მაგალითად შვრიაც კენკროვანთან ერთად, აღმოჩნდა, რომ დილით საუზმედ გაცილებით უკეთესი არჩევანია ჩვენი ტვინისათვის. შეგვიძლია გამოვიყენოთ გოგრის თესლი, მზესუმზირის თესლი, ეს მაგნიუმის შემცველობას კიდევ უფრო გააძლიერებს. პირველი ტიპის მსუყე საუზმის დროს თქვენ თავდაპირველად დანაყრებას იგრძნობთ, მაგრამ ცოტახანში გექნებათ მოდუნება, მოთენთილობა, ძილიანობა, რა მეხსიერებასა და კონცენტრაციაზეა ლაპარაკი. ადამიანს ექნება განწყობა ლოგინისკენ და არა სამუშაოსკენ. მწვანე ზონაში დასახელებული პროდუქტებიდან გამომდინარე, ტვინს აქვს სიფხიზლე, ადვილად იმახსოვრებს ინფორმაციას და უკეთ ახერხებს კონცენტრაციას. მოდით, ამას დავამატოთ რამდენიმე პროდუქტი, მაგალითად, დასახელებულია რომ ომეგა 3-ის შემცველი პროდუქტები ტვინის საკვებია. ამაში შედის თევზი, ასევე, თხილეული. თუ გავითვალისწინებთ დილის გამოფხიზლებას და ტვინის გააქტიურებას, კოფეინშემცველ პროდუქტებთან დაკავშირებითაც შეიძლება არაერთი სტატია შეგხვდეთ. მაგრამ, აქ საჭიროა სიფრთხილე. თუ თქვენ დიდი რაოდენობით ყავისა და ჩაის მოხმარება გაგიტაცებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში წყლის არაადექვატური შევსების დროს, ჩვენ წყალს ვკარგავთ, ტვინს კი ძალიან ბევრი წყალი სჭირდება იმისთვის, რომ მან კარგად იფიქროს და დაიმახსოვროს. შევთანხმდეთ, რომ საუზმეში შეგვიძლია შოკოლადი ჩავრთოთ, მაგალითად ფაფასთან და ნიგოზთან ერთად. ეს კარგი კომბინაცია იქნება. ხოლო, რაც შეეხება ჩვევას, დილით რომ სადილივით მსუყედ მივირთვათ, ეს არც ნუტრიციული თვალსაზრისით და არც ტვინის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არ არის გამართლებული. 2-4 საათი სჭირდება ხორცის გადამუშავებას და სისხლის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, კუჭი საჭიროებს მეტ სისხლს, ვიდრე ტვინი. მაშინ, როდესაც ხილის ჩართვა საუზმეში ბევრად უკეთესია იმიტომ, რომ ამ ტიპის მარტივი შაქარი, ადვილად შესათვისებელი ნახშირწყალი, ჩვენს ტვინს ძალიან სჭირდება და ძალიან მოუხდება, ნაცვლად რაფინირებული შაქრისა, რომელიც სულ მოკლე ხანში შეიძლება შიმშილის შეგრძნებისა და მოდუნების მიზეზი გახდეს. დილით მიღებული რძის პროდუქტი ძალიან კარგი არჩევანია. სხვათა შორის, მიღებულია, რომ ძილის წინ უნდა მივირთვათ მაწონი, მაგრამ კვლევები ადასტურებს, რომ დილით საუზმეზე მიღებული მაწონი ძალიან კარგ შედეგს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ყაბზობის ტენდეცია აქვთ. განსაკუთრებით, თუ ეს იქნება გამოყენებული შვრიის ან ხორბლის ქატოსთან ერთად. კარგი კომბინაცია შეიძლება იყოს, მით უფრო, რომ ეს ცოცხალი ბაქტერიების წყაროა და იცავს ჩვენს იმუნიტეტს. ნაწლავის ჯანმრთელობაზე ბევრადაა დამოკიდებული ტვინის ჯანმრთლობა. თანამედროვე მეცნიერება ამბობს, ნაწლავი ჩვენი მეორე ტვინიაო.