რაზეა დამოკიდებული ბავშვის სიმაღლე, როგორ შევუწყოთ ხელი სიმაღლეში ზრდას, როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს და როგორ გამოვთვალოთ ბავშვის მოსალოდნელი საშუალო სიმაღლე
რაზეა დამოკიდებული ბავშვის სიმაღლე, როგორ შევუწყოთ ხელი სიმაღლეში ზრდას, როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს და როგორ გამოვთვალოთ ბავშვის მოსალოდნელი საშუალო სიმაღლე
სიმაღლეში ზრდა მოზარდის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა, პირველ და უმნიშვნელოვანეს როლს გენეტიკა განაპირობებს. რა არის ზრდის ჰორმონი, სად გამომუშავდება ის და რა როლი უჭირავს ზრდის პროცესში, თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე გადაცემაში "ანატომია" საუბრობს:

- სიმაღლეში ზრდა პედიატრთან და ბავშვთა ენდოკრინოლოგთან მომართვიანობის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. პირველი მონაწილე გენეტიკაა, ასევე, კარგი კვება, ზოგადი ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, ზრდის ჰორმონიც, რომელიც თავის ტვინში გამომუშავდება. ზრდის ჰორმონი ძირითადად ყველა ადამიანს დაბადებიდან აქვს, ზრდასრულებსაც კი, მაგრამ ბავშვებში
მას განსაკუთრებით დიდი როლი აკისრია, ვინაიდან ჩვენ ველოდებით, რომ ყოველ წელს ჩვენი შვილები გარკვეული ოდენობის სანტიმეტრებით გაიზრდებიან. საერთოდ, სასურველია, რომ ყველა მშობელს ჰქონდეს ამის შესახებ ინფორმაცია და როგორც შეუძლიათ, ისე აკეთებდნენ სახლში მონიტორინგს. ზომავდნენ და აკვირდებოდნენ, რამდენი მოიმატა მისმა შვილმა წლიდან წლამდე. თუ არ მოიმატა საკმარისი ოდენობით, თუ არ უპატარავდება ის ტანისამოსი, რაც შარშან ეცვა, თუ ფეხსაცმელს არ იცვლიან ხშირად, თუ სკოლის თანატოლებთან შედარებით განსაკუთრებით პატარაა, ტანმორჩილია და ყველამ გაასწრო, მაშინ სასურველია, რომ მიმართონ ექიმს, შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტარონ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ზოგ შემთხვევაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს შეიძლება იყოს ზრდის ჰორმონის დეფიციტი.

- ზრდის პროცესი ბიჭებსა და გოგონებს შორის განსხვავებულია?

- ჯერ
კიდევ დაბადებიდანვე არის განსხვავება. ბიჭები ცოტათი უფრო გრძელები იბადებიან, ვიდრე გოგონები. შემდგომაც ცოტათი უფრო მეტი სენტიმეტრი მოეთხოვებათ ბიჭებს, თანატოლ გოგონებთან შედარებით, თუმცა განსხვავება ვინ რა სიმაღლისაა რა ასაკში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაეწყებათ სქესობრივი მომწიფება. გოგონებს დაახლოებით 10,5-11 წლიდან ეწყებათ, ვაჟებს - 11,5-12 წლიდან.

- არის თუ არა ფაქტორები, რაზეც დამოკიდებულია ზრდის პროცესი?

- პირველ რიგში, დამოკიდებულია გენეტიკაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რა გარემოში იზრდება ბავშვი, რამდენად ჯანსაღად იკვებება, რამდენად ხშირად ავადობს, არის თუ არა ფიზიკურად დატვირთული, როგორ სძინავს. ძილიც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია ჯანსაღი, კარგი ზრდის.

- ძილში უფრო აქტიურად გამომუშავდება ზრდის ჰორმონი. რა პერიოდი უნდა ეძინოს ბავშვს?

- არსებობს, ოფიციალური სტანდარტები, თუ რა რაოდენობით უნდა ეძინოს სხვადასხვა ასაკის ბავშვს. სკოლის ასაკის ბავშვებს, როდესაც განსაკუთრებით შეიძლება თვალში მოგვხვდეს ზრდაში შეფერხება, მინიმუმ 8-9 საათი მაინც უნდა ეძინოთ, მშვიდი, შეუწყვეტელი ძილით.

- სწრაფმა ზრდამ რაიმე პრობლემა შეიძლება შეუქმნას ბავშვის ორგანიზმს?

- განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც იმ პერიოდში არ უნდა იზრდებოდეს სწრაფად და უცებ დაფიქსირდება სწრაფი ზრდა. მაგალითად, 7-8 ან 5-6 წლის ბავშვი 5-6 სანტიმეტრს უნდა იზრდებოდეს მთელი წლის მანძილზე, უცებ გაიზარდა 10-ით. ეს შეიძლება ნიშნავდეს სასქესო ჰორმონების ზედმეტ აქტივობას და ესეც მოითხოვს ექიმის მიერ შეფასებას. ზოგ ასაკში ეს შესაძლოა სერიოზული დარღვევისა და ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი ნიშანიც იყოს. ამიტომ, ამასაც ყურადღებით უნდა დააკვირდეს მშობელი. ზოგ შემთხვევაში, თუ ბავშვს სქოლიოზი აქვს ან სხვა რაიმე ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემა, სწრაფი ზრდის პერიოდში ის შეიძლება ოდნავ გაუარესდეს და მაგ კუთხითაც საჭიროებს ზედამხედველობას.

- რამდენად ეფექტურია სახლში დამზადებული კოქტეილები სიმაღლეში ზრდისთვის ხელშესაწყობად?

- უმეტესობა ეს კოქტეილები, რაც გავრცელებულია პოპულაციაში, ნამდვილად ჯანსაღ პროდუქტებს შეიცავს. რა თქმა უნდა, არავის შეუსწავლია დაზუსტებით, მაინცდამაინც ეს კონკრეტული რეცეპტი რატომ უნდა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე სხვა, ან ასეთი თანაფარდობა რა აუცილებელია. თუმცა, ის პროდუქტები, რაც ამ ჩამონათვალშია, ძირითადად ეს არის სტაფილო, რძე, ჭარხალი, ჯანსაღია. მაგრამ, მაინცდამაინც იმ რეცეპტით და იმ კომბინაციით რატომ უნდა მიიღოს ბავშვმა, ამის დასამტკიცებელი არავითარი ჩვენება არ არსებოს.

- რა ვარჯიშებია სასურველი, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის ზრდის პროცესს?

- ვარჯიში ნამდვილად აუცილებელია. ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა ზრდის ჰორმონის გამოყოფისთვის საუკეთესო მასტიმულირებელია, განსაკუთრებით ხტუნვა ბატუტსა თუ სპეციალური ლახტის საშუალებით, არაჩვეულებრივია ცურვა, ფეხბურთი, სირბილი, კალათბურთი. არსებობს სტანდარტიც, თუ ჯანმრთელმა ბავშვმა კარგი ზრდისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის დღეში რამდენ ხანს უნდა ივარჯიშოს და ეს არის მინიმუმ 1 საათი.

- არსებობს ბავშვის ზრდის პროგნოზირების ფორმულა, რამდენად სანდოა?

- არსებობს ძალიან კარგი ფორმულა, რომელსაც ჩვენ, ექიმები, ვიყენებთ ჩვეულებრივი შეფასების დროს და ნებისმიერ მშობელს შეუძლია სახლში თვითონ გამოითვალოს. თუ ვაჟზე ვითვლით, დედის და მამის სიმაღლეებს მივუმატებთ ერთმანეთს, გავყოფთ 2-ზე და მივუმატებთ 6,5-ს. ეს არის დაახლოებით საშუალოდ მოსალოდნელი სიმაღლე, როცა ბავშვი ზრდას დაასრულებს. თუ ბავშვი გოგონაა, მაშინ დედისა და მამის სიმაღლეს ერთმანეთს დავუმატებთ, გავყოფთ ისევ 2-ზე და გამოვაკლებთ 6,5-ს და მივიღებთ გოგონას მოსალოდნელ სიმაღლეს დაახლოებით +/- 5-სანტიმეტრიანი დიაპაზონით.

- რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს, რომლებიც განსაკუთრებით ნერვიულობენ შვილის სიმაღლეზე?

- აუცილებლად იქონიეთ ჩანაწერები. დააკვირდით, რამდენად განსხვავდებიან თქვენი შვილები სხვა თანატოლებისგან. რამდენი სანტიმეტრი მოიმატეს ბოლო ერთი წლის მანძილზე. შეუძლიათ თუ არა შეუფერხებლად, იმ ასაკისთვის ნორმირებული ფიზიკური დატვირთვა. აუცილებლად იყვნენ ისინი მინიმუმ 1 საათი ფიზიკურად დატვირთულნი, მათთვის მისაღები სპორტის სახეობით, იქნება ეს ცეკვა თუ სხვა რაიმე. აქვთ თუ არა ისეთი აუცილებელი ნივთიერების დეფიციტი, როგორიცაა D ვიტამინი, კალციუმი, რკინა, B ჯგუფის ვიტამინები და ზრდისთვის და ზოგადი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებები. დააკვირდით, რომ 8-9 საათი ეძინოთ ღამის განმავლობაში. ძილის წინ, მინიმუმ 1 საათის განმავლობაში არ უნდა უყურებდნენ თეთრი გამოსხივების მქონე ეკრანს. არც ტელევიზორს, არც კომპიუტერს და არც ტელეფონს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს, მშვიდი, ხარისხიანი, ღრმა ძილი.

15585
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები