სანამ ბავშვებს სკოლაში გაუშვებთ, ამ რჩევებს გადახედეთ: "არათუ მშობლებისთვის, ექიმებისთვისაც შეუძლებელი იქნება კორონავირუსისა და გრიპის, ან სხვა ვირუსების ერთმანეთისაგან ზუსტად გარჩევა"
სანამ ბავშვებს სკოლაში გაუშვებთ, ამ რჩევებს გადახედეთ: "არათუ მშობლებისთვის, ექიმებისთვისაც შეუძლებელი იქნება კორონავირუსისა და გრიპის, ან სხვა ვირუსების ერთმანეთისაგან ზუსტად გარჩევა"
სასწავლო პროცესი ბევრ სკოლაში საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, 1-ელი ოქტომბრიდან კი მე-6 კლასის ჩათვლით, უკვე დიდი ქალაქების მოსწავლეებიც მიუსხდებიან მერხებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა იცოდეს, რა შემთხვევაში არ უნდა გაუშვან ბავშვები სკოლაში, რათა დაიცვან მათი, ასევე სხვა ბავშვების ჯანმრთელობაც. შემოდგომაზე, გრიპის ვირუსის გააქტიურებასთან ერთად, ასევე ბევრ მშობელს უჩნდება კითხვა, როგორ შეძლებენ სხვა ვირუსის კორონავირუსისგან განსხვავებას. აქტუალურ კითხვებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება:

- ტემპერატურის მომატების, ხველისა და
ნაწლავთა გახშირებული მოქმედების შემთხვევაში მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ და არ უნდა გაუშვან ბავშვები სკოლაში, რადგან შესაძლოა ამის უკან კორონავირუსი იდგეს. კორონავირუსის შემთხვევაში სხვა სიმპტომებიც შეიძლება აღინიშნოს, მაგალითად საერთო სისუსტე, კუნთების, ყელის, თავისა და მუცლის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, თუმცა მას ყველაზე ხშირად ხველა და ტემპერატურის მომატება ახასიათებს.

- ახლა რა ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში, გარდა კორონავირუსისა, და როგორ უნდა გაარჩიოს მშობელმა ისინი ერთმანეთისგან?

- ახლა ძირითადად კორონავირუსია ქვეყანაში. ნოემბრიდან, როდესაც ველოდებით რესპირაციული ვირუსების სეზონურ მატებას, უკვე დაიწყება რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის, რინოვირუსის, ადენოვირუსის, მეტაპნევმოვირუსის, ბოკავირუსის და, რაც ყველაზე მთავარია, გრიპის ვირუსების მატება. ასე რომ, ის ვირუსები, რომლებიც სეზონურად მატულობს, ჯერჯერობით საქართველოში არ არის. რესპირაციული ვირუსების სეზონზე, არა თუ მშობლებისთვის,
ექიმებისთვისაც კი შეუძლებელი იქნება კორონავირუსის და გრიპის, ან სხვა ტიპის ვირუსების ერთმანეთისაგან ზუსტად გარჩევა, რადგან ძალიან ბევრი სიმპტომი ამ დაავადებების დროს სრულიად იდენტურია. ახლა, ვინაიდან ქვეყანაში ვირუსი არ ცირკულირებს, ყველა შემთხვევაში კორონავირუსზე მივიტანთ ეჭვს, მაგრამ ნოემბერ-დეკემბრიდან მარტის ბოლომდე ეს განსხვავება შეუძლებელი იქნება სპეციალისტისთვისაც კი. ამიტომ, თუ მოიმატებს გრიპის შემთხვევები, მაშინ მისი კორონავირუსისგან განსხვავების ერთადერთი შესაძლებლობა ტესტის ჩატარება იქნება, რომელიც დაადასტურებს, გრიპია თუ კორონავირუსი. ასე რომ, მხოლოდ დაავადების ნიშნებზე დაყრდნობით, შესაბამისი ვირუსოლოგიური კვლევის გარეშე, გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთისაგან განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია.

- რამდენ ხანს შეიძლება ეკეთოს ბავშვს პირბადე?

- ჩვეულებრივი ქირურგიული პირბადის გამოყენების შემთხვევაში, დროის მკაფიო ლიმიტი არ არსებობს. ყველაზე კარგია ყოველ ორ საათში გამოიცვალოს, თუმცა დასაშვებია მისი ტარების უფრო გახანგრძლივებული, 6 საათიანი პერიოდითაც, საშუალოდ, ოპტიმალურია მისი გამოცვლა ყოველ 4 საათში. თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც, მაგალითად, თუ ამ პერიოდში საკვების მიღება დაგჭირდათ და ნიღაბი მოიხსენით, მაშინ ის აუცილებლად უნდა გამოცვალოთ. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გაკეთება არ არის რეკომენდებული. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სიტუაციის, გარემოსა და რისკის მიხედვით განისაზღვრება, ხოლო 12 წლის ზემოთ ბავშვები იყენებენ პირბადეს ისე, როგორც უფროსები.

- რა უნდა გაითვალისწინონ როგორც ბავშვებმა, ასევე მშობლებმა სკოლაში სიარულის პროცესში, რომ თავი დაიცვან?

- პირველ რიგში, აუცილებელია გრიპის ვაქცინაცია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა აუცილებლად უნდა გაუკეთდეს რისკის-ჯგუფებში შემავალ მოსახლეობას და ერთ-ერთ ძირითად რისკის ჯგუფს (ორსულებთან, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებთან და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებთან ერთად) ბავშვები (6 თვის ასაკიდან 18 წლამდე ასაკი) წარმოადგენენ. ვაქცინაცია უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ გრიპის სეზონი დაიწყება, ამიტომ, მისი ჩატარება ოქტომბრის პირველი კვირებიდანვეა რეკომენდებული. გარდა ამისა, გრიპის, ისევე როგორც კორონავირუსის, პრევენციის მიზნით აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება და პირბადის ტარება. სამი მარტივად შესასრულებელი რჩევა არის ფაქტობრივად 100-პროცენტიანი დაცვა, რომ კორონავირუსი არ გადაგედებათ.

მშობლებს ვურჩევდი, პირველ რიგში, სანამ კარგი ამინდია, ნუ შეზღუდავთ და ნუ ჩაკეტავთ ბავშვებს სახლში. რეკომენდაციების დაცვით, მაქსიმალურად იყვნენ ჰაერზე, მონაწილეობა მიიღონ ფიზიკურ აქტივობებში. ხელის დაბანისას უნდა გაითვალისწინონ, რომ პროცესი მინიმუმ, 20 წამი გაგრძელდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, რა თქმა უნდა, ხელის დაბანის შესაძლებლობა არ გვექნება, მაგრამ თან უნდა გვქონდეს ხელის დასამუშავებელი ანტისეპტიკური საშუალებები. ხელის ხშირი დამუშავება ჩვევაში უნდა იყოს გადაზრდილი. მშობელმა უნდა ასწავლოს შვილს, როგორ დაიმუშაოს ხელი სწორად და რამდენი წამის განმავლობაში, უნდა ასწავლოს ხველის და ცემინების ეტიკეტი, ნიღბის ტარებასაც სჭირდება ტრენირება. მარტო ნიკაპზე გაკეთებული ნიღაბი თავის მოტყუებაა და ბევრად უფრო რისკის შემცველია იმიტომ, რომ ჩვენ იმ ადამიანს აღვიქვამთ როგორც ნიღბიანს, მაგრამ რეალურად მას ნიღაბი არ უკეთია. ამიტომ, ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ გაიკეთოს სწორად ნიღაბი. სკოლიდან დაბრუნებისას აუცილებელია ფეხსაცმლის მაშინვე გამოცვლა და კარგი იქნება, თუ სახლისა და სკოლის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი განცალკევებული იქნება, რადგან შესაძლებელია მგზავრობისას, გადაადგილებისას, სკოლაში პერანგზე იქნება ეს თუ პიჯაკზე, ვიღაცამ დაახველოს ან დააცემინოს და კორონავირუსს აქვს უნარი, რამდენიმე საათი იცოცხლოს ზედაპირზე.
ასე რომ, ჩაუტარეთ თქვენს შვილს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასწავლეთ ეს მარტივი რეკომენდაციები და ის მაქსიმალურად იქნება დაცული გრიპისა და კორონავირუსისაგან.

თამარ იაკობაშვილი


9515
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მარი
2
თეონა შვილები მხოლოდ სახლში გყავთ გამოკეტილი? სხვა ბავშვეთან ეზოში მაინც არ აქვთ კონტაქტი? არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის სხვა წეევრები არ მუშაობთ ან სხვა ადამიანებთან არანაირი კონტაქტი არ გაქვთ? სკოლიდან აიკიდებს ბავშვი ვირუსს, ეზოდან თუ სახლში ოჯახის წევრისგან რა მნიშვნელობა აქვს? წესბის დაცვა ასწავლეთ ბავშვებს გირჩევნიათ და სხვის ჯანსაღ და არაჯანსაღ აზროვნებას სანამ გაკიცხავთ თქვენი აზროვნებაც შეაფასეთ
12:46 / 29-09-2020
თეონა
12
ნორმალური მშობელი ამ ეტაპზე ბავშვს სკოლაში არ გაუშვებს და -- უამრავია არა საღი აზრის პატრონიც. ვითომ ბავშვებზე ზრუნავენ და სწავლას ჩამორჩნენ? ჩემი სამივე შვილი ფიზიკა მატემათიკურ სკოლაში სწავლობს -- დიახ ნაკლებია ეს ონლაინ გაკვეთილბი რეალურზე მაგრამ მე მათი ჯანმრთელობა ყველაფერს მიჩევნია .ჩაივლის ეს პანდემია და დავუბრუნდებით რეალურ ცხოვრებას სკოლას სამსახურს და -- სწავლას ისევ ამოქაჩავენ . ჯანმრთელობააა მტავარი, მადლობა ჩვენს ხელისუფლებას რომ მოგვცეს იმის შანსი რომ ვისავ უნდა ისევ ისწავლოს ონლაინ. აგერ შედეგი ზუგდიდისი სკოლა.
10:16 / 29-09-2020
მსგავსი სიახლეები