სწორი, დაბალანსებული კვება იმუნიტეტს აძლიერებს და მდგრადს ხდის ვირუსებთან, მათ შორის, კოვიდ-19-თან ბრძოლაში. საკვებიდან შეთვისებული ვიტამინები და საჭირო ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზს. რა უნდა გავითვალისწონოთ ვირუსების ფონზე კვებისას და პროდუქტების რა კომბინაციაა უკეთესი ჯანმრთელობისთვის, თემაზე ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მარი მალაზონია გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობს:
- რეკომენდაცია "ჩემი თეფში" ამერიკის შეერთებულ შტატებში 2011 წელს შემუშავდა, ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და 2011 წელსვე , როდესაც ვთარგმნე, ვცდილობ, საქართველოსთვის მის ადაპტაციას. შესაბამისად, ეს არის დღიური რაციონის სიმბოლო, სადაც ნახევარი ბოსტნეული და ხილია, ბოსტნეულის უპირატესობით, ხილთან შედარებით. მეორე ნახევარია მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან პროდუქტებთან ერთად, მარცვლეულ-ბურღულეულის უპირატესობით. მაგრამ, სეზონური პროდუქტებისა და სხვადასხვა ბიუჯეტის გათვალისწინებით, წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება დავაწყვილოთ პროდუქტები ისე, რომ გავითვალისწინოთ ექსპერტთა რეკომენდაცია და ჩვენი კვება მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს.
დღეს უკვე დადგენილია, რომ სწორედ ამ პროდუქტთა ერთობლიობა ქმნის იმ ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენს იმუნურ სისტემას აძლიერებს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მაწვნის გამოყენებაზე, ვსაუბრობთ ცოცხალი ბაქტერიების ანუ პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების გამოყენებაზე, მაწვნის სახით. იგივე პროდუქტი შეიძლება ვიგულისხმოთ, როდესაც ვლაპარაკობთ ადვილად შეთვისებადი ცილის მოხმარებაზე, კალციუმის, ფოსფორის , გარკვეული რაოდენობით D ვიტამინის, E და A ვიტამინის შემცველობაზე. აუცილებლად იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ამ პროდუქტით სარგებელი ჩვენი ორგანიზმის იმუნიტეტისათვის მაღალია, რადგან ბალანსს ჩვენი მეგობარი ბაქტერიების სასარგებლოდ ვცვლით. ანტიოქსიდანტური თვისებების, ანტიდამჟანგავი, რადიკალების გამანეიტრალებელი თვისებების მქონე პროდუქტების გამოყენება, საბოლოო ჯანმში, საუკეთესო არჩევანია. ყველა ძალიან ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, მუქი მწვანე პროდუქტი შეიცავს კაროტინებს და კაროტინოიდებს. ეს არის A ვიტამინის წინამორბედი ნივთიერება. კარაქი, ღვიძლი, კვერცხის გული, რძის ნაწარმი A ვიტამინს უკვე მზა სახით შეიცავს. D ვიტამინი ყველაზე დიდი რაოდენობითაა თევზში და ზღვის პროდუქტებში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ის გარკვეული რაოდენობითაა კვერცხის გულში, რძის ნაწარმშიც, ამიტომ, ამ პროდუქტების გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომია აღნიშნული წყაროები ყოველდღიური მოხმარებისათვის. ომეგა 3-ის მიღების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ შესაძლოა ჩვენ არ გვაქვს საშუალება ძვირადღირებული ცხიმიანი თევზი ყოველდღიურად მოვიხმაროთ, ან კვირაში 2-3-ჯერ მივირთვათ. სამაგიეროდ, შეიძლება ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს თხილი, ნიგოზი. მესმის, რომ ესეც არ არის იაფი პროდუქტები, მაგრამ მათი მონაცვლეობა გვაძლევს საშუალებას, უფრო ადვილად შევივსოთ ცხიმოვანი მჟავები. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კომბინაციაზე, არ დაგავიწყდეთ, რომ ხორცში არსებული რკინა იმისათვის, რომ ადექვატურად შევიწოვოთ, გვჭირდება დავაწყვილოთ C ვიტამინთან. ეს არის ნედლი, ამ სეზონზე ყველაზე მდიდარი, C ვიტამინით გაჯერებული პროდუქტები, მაგალითად სეზონური ბოსტნეული. კარგი იქნება თევზი კარტოფილთან ერთად იმიტომ, რომ ნატრიუმისა და კალიუმის გაწონასწორება ხდება, რაც ჩვენს კუნთებს ძალიან სჭირდება. მათ შორისისაა გულის კუნთი. ვიცით, რომ ვირუსის გამო განსაკუთრებით ზარალდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა. უხეშად დაფქვილი, მთლიანი მარცვლეულის გამოყენება ყოველთვის უკეთესია იმიტომ, რომ B ჯგუფის ვიტამინებით, აუცილებელი სახამებლით, მცენარეული ბოჭკოთი გვავსებს. ხშირად გვეკითხებიან, გამოვიყენოთ თუ არა ვერმიშელი, მაკარონი, ბრინჯი. უნდა მივირთვათ, მაგრამ სწორად დავაწყვილოთ. თუ თქვენ პასტას ძალიან ბევრ ცხიმთან ერთად მიირთმევთ, თუნდაც მცენარეული წარმოშობის ცხიმთან, ბევრ ზეთთან ერთად მოამზადებთ, ეს არ იქნება კარგი არჩევანი. მაგრამ, თუ ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი ბოსტნეულის კომბინაციას გამოიყენებთ მოხარშულ მაკარონთან ერთად, ეს იქნება ბევრად უფრო სასარგებლო და ორგანიზმის სწორი შევსება, არა უბრალოდ ცარიელი კალორიებით, არამედ ფიტონუტრიენტებით ანუ მცენარეებში არსებული საკვები ნივთიერებით მდიდარი პროდუქტებით. რკინის, კალციუმის, თუთიის ნაკლებობა, ჩემ მიერ ჩამოთვლილიო ვიტამინების A, D, E, C ვიტამინების ნაკლებობა, აგრეთვე B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, რომელიც ნერვული სისტემის მდგომარეობას განაპირობებს, მთავარი პრობლემაა, რაც ჯამში ნემისმიერი ინფექციის განვითარებისათვის, და არა მარტო კოვიდ-19-ისთვის, ქმნის ნოყიერ ნიადაგს. დააწყვილეთ ეს პროდუქტები, რაც ხელთ გაქვთ, რაც თქვენთვის ხელმისაწვდომია. შეიძლება ვერ ყიდულობთ ხორცსა და თევზს, მაგრამ კვერცხია ხელმისაწვდომი, მაშინ კვერცხი გამოიყენეთ ბოსტნეულთან ერთად. წვნიანი კერძი მოამზადეთ და მასში ჩააგდეთ მოხარშული კვერცხი ან სალათში ჩადეთ, ან კიდევ უბრალოდ მოხარშული კვერცხი დააწყვილეთ მჭადთან და ყველის პატარა ნაჭერთან ერთად. შეგვიძლია სალათებში ხილიც კი გამოვიყენოთ, მაგალითად ყურძენი. ახლა სეზონური პროდუქტია და ძალიან მნიშვნელოვანი შემავსებელი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომელთა ნაწლავი ვერ იტანს მაგალითად ვაშლს და უკეთ იტანს ყურძენს. ყურძენში ყურძნის შაქარია, ვაშლში - ხილის. ზოგიერთ დამიანს კი ფრუქტოზის შეძენილი აუტანლობა აქვს.