პირის ღრუს ჰიგიენა ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძირითადად მასზეა დამოკიდებული კბილების სიჯანსაღე. რა ხდება ხოლმე უფრო ხშირად კბილის გაფუჭების მიზეზი როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში და რამდენად მნიშვნელოვანია საკვები რაციონის გაკონტროლება, თემაზე ექიმი სტომატოლოგი თამარ ჯინჭარაძე გვესაუბრება:
- კარიესის წარმოქმნის მთავარი მიზეზი უმთავრესად პირის ღრუს წესების დაუცველობაა, რაც განაპირობებს მაგარი და რბილი ნადების არსებობას. ყოველივე ეს კი იწვევს მინანქრის დემინერალიზაციას და კბილის მაგარი ქსოვილების დაშლას. საკვები ნარჩენები, რომლებიც რჩება კბილის ფისურებში, კბილთაშორის სივრცეებში, მიკროორგანიზმების გავლენით სწრაფად განიცდიან დუღილს, ამ დროს წარმოიქნება რძემჟავა, რომელიც შლის მინანქრის მინერალურ კომპონენტს იმ ადგილებში, სადაც საჭმლის ნარჩენები ეხება კბილის ზედაპირს. იქ, სადაც დიდხანს რჩება საჭმლის ნარჩენები, კბილის დაშლა იტენსიურად მიმდინარეობს. სწორედ ამ დროს ვითარდება კარიესი. აქვე უნდა აღინიშნოს ფტორის როლი. თუ ორგანიზმს საკმარისი რაოდენობით მიეწოდება ფტორი, კბილების კარიესის დაზიანების სიხშირე მცირდება. კარიესის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება კვების ხასიათს. კვებაში აღსანიშნავია ნახშირწყლების მიღების სიხშირე. დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება ზრდის კბილის კარიესის ინტენსივობას. კარიესის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი გენეტიკური განწყობა გახლავთ. კბილების ფორმირება იწყება მუცლადყოფნის პერიოდის პირველ ტრიმესტრში. ამიტომ ამ პერიოდში გადატანილმა დაავადებებმა, მედიკამენტების მიღებამ ან ნიკოტინმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის კბილების არასწორი განვითარება. ასე რომ, მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, თუმცა უმთავრესი მაინც პირის ღრუს ჰიგიენური წესების დაცვაა. პირის ღრუს ჰიგიენა ძლიერი ესთეტიკური ფაქტორია და მთელი ქვეყნის მოსახლეობის კულტურის მაჩვენებელია.
- კბილების გაფუჭებაზე თუ მოქმედებს ორსულობა და ლაქტაცია?
- რა თქმა უნდა, მოქმედებს. ნაყოფი ყველა საკვებ ნივთიერებას დედის სისხლიდან პლაცენტის საშუალებით იღებს. ემბრიონის მომარაგება საკვები ნივთიერებებით საკმაოდ დიდი დატვირთვაა დედის ორგანიზმისთვის. შეიძლება ნაყოფის ჯანმრთელობა შეირყეს და ვერ მიიღოს საჭირო საკვები. ალბათ ყველას გაგვიგია ძველი გამონათქვამი: "თითო კბილი აკლდება ყველა ქალს თითოეულ ბავშვზე". ეს დამოკიდებულია დედის ორგანიზმში კალციუმის უკმარისობაზე, როგორც ორსულობის ასევე ორსულობის შემდგომ (ლაქტაციის). ჩონჩხი და კბილები განიცდის დემინერალიზაციას, რასაც კარიესული დაავადება მოჰყვება.
- ამბობენ ხოლმე, რომ ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის სასურველი კბილის დაპლომბვა-ამოღება, ეს მართალია?
- არა, ეს მითი უნდა დაინგრეს. ორსულობის პირველ ტრიმესტრში თავს ვიკავებთ მხოლოდ რენტგენოლოგიური კვლევისა და ანესთეზიისაგან, თუმცა გადაუდებლობის შემთხვევაში გინეკოლოგის ნებართვით ესეც კი დასაშვებია.
- კბილის გათეთრება რამდენად სასურველი პროცედურაა?
- თეთრი კბილები ჭეშმარიტად სახის მშვენებად ითვლება. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით სტომატოლოგთა აზრი ორად იყოფა. ზოგისთვის მიუღებელია ქიმიური გათეთრება. ეს მაინც პაციენტის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
- კბილის სიჯანსაღისათვის რამდენად მნიშვნელოვანია კვება და რომელი ტიპის საკვები პროდუქტებია რეკომენდებული?
- კვებით რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: ხორცი, თევზი, ხაჭო, ყველი, ბოსტნეული, ხილი. სწორად შერჩეული საკვები რაციონი ჯანმრთელობის საწინდარია.
- რა შეცდომებს უშვებენ ხოლმე ძირითადად პირის ღრუს ჰიგიენის დროს?
- ბავშვებში პირის ღრუს ჰიგიენა უნდა მიმდინარეობდეს მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ 10 წლამდე. მშობელი ვალდებულია თვითონ გაუხეხოს ბავშვს კბილები და ყურადღება უნდა მიაქციოს საკვებ რაციონს. მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ ნახშირწლოვანი საკვები.
- როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა შვილისთვის კბილის პასტა და ჯაგრისი და რა უნდა გაითვალისწინონ ამ მხრივ ზრდასრულებმაც?
- კბილის ჯაგრისზე ჯაგულები უნდა იყოს ერთი ზომის და რაც შეიძლება ხშირი, ხოლო თავი პატარა, რადგან მოხერხებულად მოხდეს უკანა კბილებზე წვდომაც სრული ჰიგიენისთვის. რაც შეეხება პასტას - ბავშვებს ენიშნებათ ასაკის მიხხედვით (ფტორირებულის დანიშვნა სასურველია 6 წლიდან, რომ არ მოხდეს მისი გადაყლაპვა).
კბილის პასტების მათეთრებელი ხაზი კი სასურველია გამოყენებულ იქნას კვირაში ერთხელ. უმჯობესია დანიშნულება მისცეს უშუალოდ ექიმმა სტომატოლოგმა.
თამარ იაკობაშვილი