59 წლის ცნობილმა პედიატრმა კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით არადამაიმედებელი პროგნოზი გამოაქვეყნა.
ცნობილმა პედიატრმა და ტელეწამყვანმა ევგენი კომაროვსკიმ საკუთარ გამომწერებს განუცხადა, თუ როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია. პროგნოზი არადამაიმედებელია.
ევგენი კომაროვსკი მიიჩნევს, რომ პანდემია 2022 წლის ბოლოს დასრულდება, ეფექტური ვაქცინის გამოყენებით ან მის გარეშე.
"ამ დროისათვის კოლექტიური იმუნიტეტი გვექნება და კორონავირუსს ზუსტად ისე ვუმკურნალებთ, როგორც გრიპს. ის კვლავ მოვა ჩვენთან და ლოკალურ აფეთქებებს გამოიწვევს ხოლმე, მათ შორის იქნება მსხვერპლიც," - დაწერა მან საკუთარ გვერდზე.
პედიატრი აღნიშნავს იმასაც, რომ მას, როგორც ყველას, იმედი ჰქონდა "ულტრაიისფერი და ღია სივრცეების", თუმცა არ გამართლდა, რადგან ბევრმა ადამიანმა ვირუსის კონტაქტური გადადება გადააფასა და ჰაერში მისი გავრცელება სათანადოდ ვერ შეაფასა, რადგან ვირუსის ჰაერში დარჩენის შესაძლებლობა არსებობს იმ პირობებში, როდესაც სწორად არ ნიავდება ოთახები.
ექიმმა კომაროვსკიმ ისიც თქვა, რომ კლიმატური ფაქტორები ძალიან დიდ როლს თამაშობს კორონავირუსის გავრცელებაში. "კონდინციონერი ერთსა და იმავე ჰაერს აბრუნებს ოთახში, ყოველგვარი ფილტრის გარეშე, ადამიანების დიდი ნაწილი კი ყოველთვის დროულად არ ასუფთავებს მას".
ექიმი ასევე წერს, რომ მას კარანტინისა და შემზღუდავი ღონისძიებების აღარ სჯერა, რადგან, როგორც კი სახელმწიფოები რეგულაციების შემსუბუქებას დაიწყებენ, ვირუსი კვლავ სწრაფად დაბრუნდება.
კომაროვსკიმ ზამთრის მოახლოებასთან ერთად გამათბობლების როლზეც გაამახვილა ყურადღება: "როგორც კი დავხურავთ ოთახებს და ჩავრთავთ გამათბობლებს, ჰაერის ტენიანობა დაეცემა და ვირუსი მასში დღეების განმავლობაში გაძლებს, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი დაავადდება,"- წერს ის.
პედიატრი ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი მაშინ დამთავრდება, როდესაც კორონავირუსს მსოფლიო მოსახლეობის 60% გადაიტანს ან მაშინ, როდესაც იაფი, უსაფრთხო ვაქცინა გვექნება.